"სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა" - როგორ მოვიქცეთ თუ აქციაზე ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს: ექიმის რჩევები
უკვე მეორე კვირაა, რაც პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ. წუხელ აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ 6 საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. აქციის მსვლელობისას არაერთი მომიტინგეც დააკავეს.
ექიმი არჩილ მარშანია გვაძლევს რჩევებს, როგორ მოვიქცეთ წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შემთხვევაში
მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის საწინააღმდეგო სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ. ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში, ეცადეთ, არ აჰყვეთ პანიკას.
გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე.
უმჯობესია, მოიხსნათ ლინზები.
სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში:
დატოვეთ ადგილი და გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას;
თან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (ალტერნატივად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რძეც) და ჩამოიბანეთ არე ხანგრძლივად (არ დაისხათ შუბლზე, ამან შესაძლოა ნივთიერება "ჩარეცხოს" თვალებში);
არ ეცადოთ თვალის ძალით გახელას;
თუ ლინზა გიკეთიათ დაზიანების დროს, მოიხსენით ის სუფთა ხელებით;
მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, ჩამოიბანეთ შამპუნით ან საპნით ან გელით, გრილი/ნელთბილი წყლით 10 - 15 წთ-ს განმავლობაში, უწყვეტი ჭავლით;
არ დაიზილოთ დაზიანებული არე;
სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმა) შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
ხშირად დასმული კითხვების გამო, რომელიც ძირითადად "წყალი არ შეიძლება" უკავშირდება ვამატებ ინფორმაციას:
ცხადია, ზოგადად არსებობს სხვადასხვა რეკომენდაციები, რადგან ზოგიერთი ნივთიერება ცხიმში ხსნადია, წყალი შესაძლოა მეტი დასჭირდეს, თორე 'არ შეიძლებაზე' არ არის საუბარი.
ჩვენი რეკომენდაციები გაიცემა ისე, რომ იყოს მარტივად შესრულებადი, დასამახსოვრებელი და მოკლე.
მეტიც, არსებობს კვლევები რომელიც ადასტურებს, რომ წყალი ან შამპუნი ისეთივე ეფექტურია როგორც ვთქვათ რძე, ანტაციდები და ა.შ.
დამატებითი რჩევები:
სუნთქვის გაძნელება როგორც წესი 30 წთ-ს ინტერვალში შემსუბუქდება და მალევე სულ გაქრება. საჭიროა სუფთა ჰაერი უბრალოდ (და ცხადია დეკონტამინაცია, ტოქსიკური ნარჩენების მოშორება). ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ან სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში, უმჯობესია ექიმს მივმართოთ.
რძის დალევას შედეგი აქვს, ლორწოვანს "ამშვიდებს", შეიძლება ამით ხველაც შეამსუბუქოს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვისაც, თუმცა სპეციფიკურად სუნთქვისთვის ნაკლებად.
მომდევნო პერიოდში, რამდენიმე საათის შემდეგ, სუნთქვითი ვარჯიშებიც შეიძლება, ღრმად ჩასუნთქვა, გაჩერება და ამოსუნთქვა.
თუმცა თუ სიმპტომები გრძელდება რამდენიმე დღე და მეტი, დაზარალებული ექიმთან უნდა მივიდეს.