ხვალიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება- ყველაფერი, რაც სიახლეების შესახებ უნდა იცოდეთ | Allnews.Ge

ხვალიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება- ყველაფერი, რაც სიახლეების შესახებ უნდა იცოდეთ

ხვალიდან, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა, დღეის მონაცემებით, გაყიდული ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის.

„1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ინერგება, შესაბამისად, მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ შეიძინონ ვადიანი გადაადგილების ბარათები. 1-თვიანი ბარათი- 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. დღეის მონაცემებით, გაყიდული ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის. ვფიქრობთ, გაყიდვების რეალური მაჩვენებელი დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში გვექნება. ამ პერიოდისთვის რეალისტური იქნება მსჯელობა, რამდენად გადავიდა და შეეჩვია მოსახლეობა აღნიშნულ ბარათს. რაც შეეხება არსებულ ბარათებს (მეტრომანი) ის ძალაში რჩება ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში და მასზე არსებული ბალანსი მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ.

ასევე, ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ საბანკო ბარათებიც გამოიყენონ. ასევე, ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში და 16 ჯგუფის ადამიანები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, შეუნარჩუნდებათ.

მგზავრობის 55% ამ საშეღავათო მგზავრობებზე მოდის. აღნიშნული პირებისთვის არაფერი იცვლება, მათთვის ახალი ბარათის აღება სავალდებულო არ არის. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მგზავრობის საშუალო რაოდენობა მოქალაქისთვის დღეში ორნახევარია, ვინაიდან ადამიანები სახლის და სამსახურის გარდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სხვა საჭიროებებისთვისაც გამოიყენებენ. აქედან გამომდინარე თუ ტარიფს დავითვლით, საშუალო შეწონილი ტარიფი დაახლოებით, 60 თეთრი გამოდის, აქედან გამომდინარე ერთი ადამიანისთვის თვიური დანახარჯი 45 ლარს შეადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებისთვის არ გვინდოდა ტვირთი ყოფილიყო, ამიტომ ერთთვიანი სამგზავრო ტარიფის ღირებულება 40 ლარს შეადგენს. მოქალაქეების 90%-სთვის მგზავრობის ღირებულება ან იგივე დარჩა, არ გაუმჯობესდა მდგომარეობა ვადიანი სამგზავრო ბარათის შეძენის შემთხვევაში“, - განაცხადა წილოსანმა.

რაც შეეხება სამარშრუტო ხაზების ცვლილებას, როგორც წილოსანი განმარტავს, მოსახლეობის ნაწილს მიკროავტობუსიდან მეტროში ან ავტობუსში გადაჯდომა მოუწევს, თუმცა, მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირებულია და ეს მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ის ტაქსის ფუნქციას ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, გადაჯდომები იქნება. ქსელის ოპტიმიზაცია მოხდა, თუმცა აქამდე არსებობდა მარშრუტები, სადაც საშუალო მოლოდინის დრო 28 წუთი, 90 წუთი, 120 წუთი იყო, ახლა ასეთი მოლოდინის დრო არ გვაქვს. პიკურ პერიოდში მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთი, ხოლო საშუალო მოლოდინის დრო 6-7 წუთია. მათ შეეძლებათ უფასოდ გადაჯდნენ 90 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება 24:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის საკითხს, ჩვენი მიზანია მოქალაქეებს მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ და სჭირდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ხვალიდან, საზოგადოებრივიტრანსპორტითმგზავრობის 90-წუთიანიბარათი 1 ლარიეღირება, 1-დღიანიბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანიბარათები - 250 ლარიეღირება. მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათების გამოყენება მეტროთი, ავტობუსით, საბაგიროთი და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას შეეძლებათ.

მერიის ინფორმაციით, მეტრომანები არ უქმდება და კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად.