4 ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხვალიდან ამოქმედდება | Allnews.Ge

4 ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხვალიდან ამოქმედდება

ხვალიდან, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.

უფრო კონკრეტულად:

1-ლი დეკემბრიდან „მწვანე ბარათის“ სისტემა ამოქმედდება

ხვალიდან ქვეყანაში ე.წ. მწვანე ბარათის სისტემა ამოქმედდება. შედეგად, მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები/ კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) /კინოთეატრები/თეატრები/საკონცერტო დარბაზები/ოპერა/ გასართობი ობიექტები/სამორინეები და სათამაშიო დარბაზები/სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები /სამთო კურორტების საბაგიროები. სავაჭრო ცენტრებში შესვლას „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეძლებენ, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია. ასევე, მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის. „მწვანე სტატუსის" მქონე პირია: სრულად ვაქცინირებული; 72- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე; 24- საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე; კოვიდ გადატანილი.

რესტორნებს სამუშაო საათებზე შეზღუდვა მოეხსნებათ

რესტორნებს, რომელთაც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. შეგახსენებთ, რომ აქამდე რესტორნებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ჰქონდათ.

გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებსა და თეატრებში

1-ლი დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ამოქმედდება კოვიდ-პასპორტები, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.

გაზზე მომუშავე მოწყობილობებისთვის 1-ლი დეკემბრიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის 1-ლი დეკემბრიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდება. საუბარია, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. შემდეგ რეგლამენტის ამოქმედება 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა, ახლა კი მისი ამოქმედება 1-ელ დეკემბრიდან იგეგმება. შესაბამისად, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ, მოუწევთ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა გაზის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ტიპის მოწყობილობების რეალიზაცია ვეღარ განხორციელდება.