შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია | Allnews.Ge

შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია

კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყება.

რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა შემდეგია:

  • სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
  • სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;
  • რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;
  • რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;
  • სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;
  • სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;
  • ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

"საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ Pჩღ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.