თუ კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ ფორმას შინ დამოუკიდებლად უმკლავდებით- ექიმის რჩევები | Allnews.Ge

თუ კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ ფორმას შინ დამოუკიდებლად უმკლავდებით- ექიმის რჩევები

საიტის მომხმარებლებისგან შემოსული უამრავი კითხვის პასუხად, გთავაზობთ მკურნალის მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის რჩევებს

მათთვის, ვინც კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ ფორმას შინ დამოუკიდებლად უმკლავდება:

პირველ რიგში გირჩევთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე! კორონავირუსული ინფექციის დადებითი პასუხი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად რამე გაგირთულდებათ - შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს დაავადება უმტკივნეულოდ ჩაივლის და ძალიან მალე, მაქსიმუმ 2 კვირაში თქვენ დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თუ რისკ-ჯგუფში ხართ (გაეცანით რისკ-ჯგუფის ჩამონათვალს), მაშინ აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ ოჯახის ექიმს და იყავით მასთან მუდმივ კონტაქტზე.

თუ არ ხართ რისკ-ჯგუფში, მაშინ თავადაც იოლად გაუმკლავდებით ყველაფერს - იმოქმედეთ ზედმეტი ემოციების გარეშე!

სვით ბევრი სითხე - ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მოხდეს ორგანიზმის დეზინტოქსიკაცია და ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები შემსუბუქდეს. სითხეების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი ჩაი (კარგია მოცხარის, მოცვის, ჟოლოს, ცაცხვის ჩაი), ჩვეულებრივი ან მინერალური წყალი (ცივს ნუ დალევთ - შეათბეთ მიღების წინ), ცხელი კომპოტი. თუ რძეზე ალერგია ან აუტანლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ სვათ ცხელი რძეც.

თუ გაქვთ მშრალი, შეტევითი ხველა, შეგიძლიათ მიიღოთ მუკოლიზური და ამოსახველებელი ჯგუფის რომელიმე პრეპარატი. მედიკოსთა გამოცდილებით, კოვიდ ინფექციით გამოწვეული ხველისას კარგად მუშაობს ბრომჰექსინის, აბროქსოლის ჰიდროქლორიდის, დექსტრომეტორფანის ან გუაფენეზინის შემცველი პრეპარატები.

თუ შეუძლოდ გრძნობთ თავს, ნუ დაწვებით გაუნძრევლად ზურგზე, ეცადეთ უფრო ხშირად გვერდზე დაწვეთ. თუ ძალიან სუსტად არ ხართ, წამოდექით, იარეთ, ისუნთქეთ, რათა ფილტვებმა აქტიურად იმუშაოს.

თუ ტემპერატურა გაქვთ, მიიღეთ სიცხის დამწევი პრეპარატები - პარაცეტამოლი ან მისი შემცველი კომბინირებული საშუალებები, შეგიძლიათ მიიღოთ გრიპის ჩაი, რომელშიც შედის ანტიალერგიული კომპონენტიც, ვიტამინიც პარაცეტამოლთან ერთად. რაც შეეხება იბუპროფენს, მასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა მედიკოსებს შორის - დაიდო კვლევის შედეგი, რომ იბუპროფენის მიღებამ შეიძლება გააუარესოს კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობა, თუმცა სხვა კვლევით ეს შედეგი უარყვეს. ალბათ მაინც აჯობებს, რომ ამ ეტაპზე პარაცეტამოლი იყოს შერჩევის პრეპარატი.

თუ ფაღარათი გაქვთ, მიიღეთ პრობიოტიკები, სითხეები - სასურველია სპეციალური მარილოვანი ხსნარები.

თუ ყელი გტკივათ, გამოიყენეთ საწუწნი აბები ან სპრეი, რომელთაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

თვითნებურად ნუ დაიწყებთ ანტიბიოტიკების მიღებას. ნურც ჰორმონს მიიღებთ თვითნებურად. როცა ეს პრეპარატები საჭირო არ არის, ისინი უფრო ართულებენ დაავადების მიმდინარეობას.

შეგიძლიათ მიიღოთ ომეგა 3-ისა და D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზის შემცველი პრეპარატები - სამედიცინო კვლევებით დადასტურდა D ვიტამინის გარკვეული ეფექტიანობა ორგანიზმის იმუნური თვისებების ასამაღლებლად. თუმცა პრეპარატის შერჩევისას აუცილებლად მიქციეთ ყურადღება, რომ თუ ამ ვიტამინის დეფიციტი ანალიზით არ გაქვთ დადასტურებული, უნდა სვათ მისი მხოლოდ პროფილაქტიკური დოზა და არა სამკურნალო, რომელშიც გაცილებით დიდი დოზით არის დ ვიტამინი.

აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაავადების ნებისმიერ დღეს გამოგივლინდათ შემდეგი ნიშნები:

  • გიჭირთ სუნთქვა ან დაგეწყოთ ქოშინი
  • გაქვთ ტკივილი გულკერდში
  • დაგერღვათ მეტყველება ან შეზღუდული გაქვთ მოძრაობის უნარი

ეს ნიშნები დაავადების გართულებაზე მეტყველებს.

სხვა შემთხვევაში კი იმკურნალეთ გამოვლენილი სიმპტომების შესაბამისად ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციებით.

"მკურნალის" ფეისბუქ გვერდზე დევს მთავარი პოსტი, სადაც შეგიძლიათ პირდაპირ რეჟიმში დასვათ კითხვა ან გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.

ასევე შეგიძლიათ დასვათ კითხვები ჩვენს საიტზე. ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ, მეგობრებო!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

mkurnali.ge