სენაკელი მხატვრის საოცარი შემოქმედება 25 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ
მამუკა ბერაძე სენაკში ცხოვრობს, მცირე მეურნეობას ეწევა, თავისუფალ დროს კი ხატვას უთმობს და ისეთ შედევრებს ქმნის, რომელთა ნახვა ათასობით ადამიანს აღაფრთოვანებს... ხელოვანი თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სენაკიდან გვესაუბრა....
მამუკა ბერაძე:
- დავიბადე 1971 წელს 1 აგვისტოს ხარაგაულში... ძალიან პატარა ვიყავი, ჩემი ოჯახი სენაკში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად. უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. ხატვაც პატარამ დავიწყე, დაახლოებით სამი წლის ასაკში... სიმართლე გითხრათ, თავიდან არ გამომდიოდა და ბავშვები დამცინოდნენ, მე კი ჯიუტად ვხატავდი და ბავშვებს ვეუბნებოდი, რომ დადგება დრო, საუკეთესო მხატვარი გავხდები-თქო...
- მშობლები როგორ უყურებდნენ თქვენს ხელოვნებით გატაცებას?
- ძალიან კარგი და მზრუნველი მშობლები მყავდა, ყველანაირად მიწყობდნენ ხელს. განსაკუთრებით დედაჩემი ყველანაირ პირობას მიქმნიდა. ორი და მყავს, ორივეს ძალიან უხაროდათ რომ ვხატავდი...
- ხატვის ნიჭი გენეტიკურად გერგოთ?
- არ ვიცი ჩემს წინაპრებში ვინმე თუ ხატავდა...
- სკოლაში სწავლის პერიოდშიც ხატავდით?
- დიახ სკოლის პერიოდში ხშირად ვხატავდი და ვაჩუქებდი. სამხატვრო სკოლაც მაქვს გავლილი, ძალიან კარგი გამოცდილება შევიძინე სამხატვრო სკოლაში. უძლიერესი პედაგოგები მყავდა და შედეგიც კარგი მივიღე... არასოდეს დამავიწყდება ჩემი მასწავლებლის სიტყვები, ხვალ რომ სკოლაში მოხვალ, შენი მშობელიც მოიყვანეო. გამიკვირდა, მშობელს რატომ იბარებდა... მეორე დღეს მივედი ჩემს მშობლებთან ერთად, ჩემს მშობლებს ჩემს შესახებ დაუწყო ლაპარაკი და უთხრა, ამ ბავშვს განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ხელი კარგად ჩაკიდეთ, რომ ხატვას არ გადაუხვიოსო... პირდაღებული ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა ნახა ამ ადამიანმა ჩემში. კოვალი ხუნწარია ქანდაკებას მასწავლიდა და ძალიან კარგადაც მასწავლა. ფერწერას გენიალური მხატვარი ნოდარი არზიანი მასწავლიდა და შედეგმაც არ დააყოვნა. მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო ამ სიკეთისთვის. ჩემს ბავშვობაში სენაკის სამხატვრო სკოლა ლიდერობდა, ახლა რომ გავივლი სენაკში და ჩემ სკოლას ვუყურებ, გული მიკვდება. არავინ დადის სკოლაში, ისეა უპატრონოდ მიგდებული.
- გამოფენებში მონაწილეობთ?
- არა... რამდენიმეჯერ მივედი სენაკის გალერეაში და ვთხოვე გამოფენის მოწყობის შესახებ, აბა რაო, ჩვენ რისთვის ვართო აქ, ცოტა ხანში მოგვაკითხეო... მივაკითხე ერთი თვის შემდეგ და კიდევ ასეთივე პასუხით გამომიშვეს. მივხვდი, რომ ამათგან არაფერი გამოვიდოდა და ხელი ჩავიქნიე. არადა მახსოვს, ჩემს ბავშვობაში როგორი კარგი გალერეა იყო და სიცოცხლეც ჩქეფდა. ახლა კი დამკრძალავ ბიუროს დაამსგავსეს. რომ ჩავივლი, სამარისებური სიჩუმე დგას და ვფიქრობ, სანამდე იქნება ეს ყველაფერი... იხილეთ სრულად