"ბევრი აკრძალვებია ჩვენთან, არის შიდა კანონები... ეს ძველი დროიდანაც მოდის და მეც გავამკაცრე კიდევ ბოლო პერიოდში" - რა ამბობდა ნინო სუხიშვილი ანსამბლში არსებულ დისციპლინაზე?
"ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან…“, - ამ სიტყვებს ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს ეუბნება. ვიდეოს სოციალურ ქსელში ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეებს უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს. თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა მისაღებია, რადგან ასე მიიღწევა დისციპლინა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ანსამბლს ყოველთვის საუკეთესო შედეგი ჰქონდეს.
ნინო სუხიშვილმა ანსამბლში არსებულ დისციპლინაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" ჯერ კიდევ 2021 წელს ისაუბრა.
კითხვას, - რის გამო შეიძლება გაუშვან მოცეკვავე ანსამბლიდან? - მან ასეთი პასუხი გასცა:
"ბევრი რაღაც აკრძალვებია ჩვენთან, არის შიდა კანონები, ტრადიციები. ეს ძველი დროიდანაც მოდის და მეც გავამკაცრე კიდევ ბოლო პერიოდში. სხვა დროა, სხვა თაობა მოდის. ადრე მხოლოდ ნინოსი კი არ ეშინოდათ ან კიდევ მხოლოდ ილიკოს რიდი კი არ ჰქონდათ, უშიშროება დაგვყვებოდა და ნახევარი დასი კიდევ იქით იყო შეკრული... ამიტომ ამ ყველაფრის შიში და რიდი ჰქონდათ. ახლა განსხვავებული დროა. არის ჩვენთან მშრალი კანონი - გასტროლებისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, ერთი ჭიქა ლუდი კი იკრძალება. არ შეიძლება დაგვიანება, რეპეტიციის გაცდენა, თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არის. დისციპლინა აუცილებელია, არ იქნება დისციპლინა, არ იქნება ხარისხი, მე სულ ამას ვამბობ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, არ უნდა მიუშვა, მით უფრო ქართველებთან, მით უფრო ხელოვნების ხალხთან მუშაობა ძალიან რთულია. ცოტა მაგრად თუ არ გიჭირავს, გაგექცევა და დაგეფანტება ყველაფერი. ამბობენ, რომ მეც მკაცრი და მომთხოვნი ვარ ბებიასავით. მე უფრო ვაკონტროლებ ყველაფერს, თუმცა ილიკომაც იცის გაბრაზება. მე შეიძლება ყოველ დღე ვიყვირო, ვეჩხუბო, დავსაჯო, მაგრამ ეს მალე გადამდის, ასე, რომ იციან ჩემი ხასიათი და ცდილობენ შენიშვნა არ მიიღონ..."