"ხელოსანს ვკითხეთ, რა იქნება აქ "რემონტის" შემდეგ-თქო და გვიპასუხა, რესტორანიო..." - ლეგენდარული "ოტენის აფთიაქის" შენობაში რესტორანი გაიხსნება?
...ხელოსანს ვკითხეთ, რა იქნება აქ "რემონტის" შემდეგ-თქო და გვიპასუხა, რესტორანიო... ჩვენ თვითონ არ ვიცით გაფრთხილება და იმის ფასი, რაც გააჩნია ქალაქს, ქვეყანას, თითქოს ერთი აფთიაქია ლეონიძის ქუჩაზე და მერე რა, მაგრამ ასე იკარგება ისტორია, ამბავი, პირველი ძეგლი და რა დაგვრჩება მომავალში?", - ამბობს მხატვარი, რეჟისორი, აუდიოვიზუალური ხელოვნების დოქტორი - მაია კიკაბიძე, რომელიც ამ საკითხზე გვესაუბრება:
- ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ძველი აფთიაქი ბავშვობიდან მახსოვს, ულამაზესი, მოხატული ჭერით და ხის ჩუქურთმებით კარებზე, ავეჯზე... ჭერზე ღრუბლებში გაფანტული ყვავილები ეხატა, ამ უნიკალურმა სივრცემ პატარაობიდან შთაბეჭდილებების ქვეშ მომახვედრა. უამრავი წელი ემსახურა აფთიაქი მომხმარებელს, თავისი პირვანდელი დანიშნულებით... რამდენიმე დღის წინ, ლეონიძის ქუჩაზე გავლამ მომიწია, დავინახე აფთიაქის კარი ღია იყო, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მე და ჩემი და შევედით და ამ უნიკალური ძეგლის, ისტორიული აფთიაქის კვდომა ვნახეთ... ხელოსნები მუშაობდნენ, ვკითხე, რესტავრაცია ხომ არ კეთდება-მეთქი და მიპასუხეს - არაო, რაც მოხატულია ხელს არ ვახლებთ, შეკიდულ ჭერს ვაკეთებთო. მართლაც, მეორე დარბაზში შეკიდული ჭერი კეთდებოდა, პირველის ჭერი ნახევრად ჩამოხეული იყო და აღდგენას არც ფიქრობდნენ.
კედლის მოხატულობაში ულამაზესი პორტრეტი მოჩანს, რომელსაც კედლის ნახვრეტები ჰქონდა. რაღაც მილები იყო, ალბათ, გაყვანილი, ჩუქურთმიანი ავეჯი იდგა, მაგრამ რამდენიმე და არა - სრული შემადგენლობით. იქვე ეწყო ხის უძველესი, მრგვლად გამოჭრილი ფირფიტები, თეფშებს ჰგავდა, ალბათ, ძველად წამლის დასამზადებელად იყენებდნენ...
ხელოსანს ვკითხეთ, "რემონტის" შემდეგ აქ რა იქნება-თქო და გვიპასუხა, რესტორანიო... ჩვენ თვითონ არ ვიცით გაფრთხილება და იმის ფასი, რაც გააჩნია ქალაქს, ქვეყანას, თითქოს ერთი აფთიაქია ლეონიძის ქუჩაზე და მერე რა, მაგრამ ასე იკარგება ისტორია, ამბავი, პირველი ძეგლი და რა დაგვრჩება მომავალში? მთავარია რესტორანი და ბიზნეს გათვლა, გაქირავება და არსებობა... არ ვუყურებთ სიცოცხლეს და ისტორიას, რომელმაც ქართული კულტურა აქამდე მოგვიტანა. აფთიაქი მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ არ ვცემთ პატივს ღირებულებებს...
პროვიზორ ფერდინანდ ოტენის შთამომავალი - მარია ოტენი:
- სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, რომლებიც შენობის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს... ბევრგან დავწერე და მკითხველსაც მინდა ავუხსნა, რომ ეს ჭერი და მოხატული კედლები ავთენტური არ ყოფილა. ბებიასგან ვიცი, ბავშვობაში მამაჩემსაც უნახავს და ახსოვდა, რომ იყო სამკურნალო მცენარეებით და ყვავილებით მოხატული, ულამაზესი იყო.... ლენტები (ე.წ. ვინიეტკები) იყო გაკეთებული ლათინური წარწერებით...
კომუნისტებმა ყველაფერი მოსპეს, აფთიაქის დარბაზი და სხვა დამხმარე სათავსოები თეთრად და ნაცრისფრად შეღებეს. შეიძლება ბათქაშის ქვეშ სადმე რამე გადარჩა, მაგრამ ჭერი - ვერა. წყალი იმდენჯერ ჩამოვიდა, ძველი ნამდვილად ვერ გადარჩებოდა... ძალიან კარგად მახსოვს, 1970-იანი წლების ბოლოს ისეთი ტალღა წამოვიდა, არა ერთი ძველი აფთიაქი გაარემონტეს და ძველი იერსახე დაუბრუნეს. ვითომ რესტავრაცია ჩაუტარეს, მაგრამ სინამდვილეში, ახლად მოხატული იყო. ეცადნენ, ძველებურ სტილში გაეკეთებინათ და, სხვათა შორის, ცუდად არ გამოვიდა. უბრალოდ, ეს მოხატულობა ძველი, ჩემი დიდი ბაბუის, ფერდინანდ ოტენის დროინდელი არ არის. იხილეთ სრულად