"ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“ - მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან
არხოტის ხეობის სამ სოფელს - ამღას, ჭიმღას და ახიელს დღეს 5 მაცხოვრებელიღა აცოცხლებს. როგორც ერთ-ერთი მათგანი მეუბნება, ამ ზამთარს ხუთიდან ორი - ბარში მიდის და თითო სოფელში თითო კაციღა დარჩება. მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან, 43 წელია სამშობლოს კართან გუშაგად დგას, მიუხედავად იმისა, რომ წასასვლელი აქვს, სოფელს მაინც არ ტოვებს. "შუქი არ გვეღირსა, გზა აქ არაა და ადამიანი, მარტოდ ვარ ამ გაუსაძლის პირობებში, რაღაც არ მიშვებს აქედან... ცარიელა როგორ დავტოვო აქაურობა, რომ წავიდე, რა ეშველება? რაღაცა არ მიშვებს, იქნებ ვიღაცა მოვიდეს, იქნებ, რამე გვეშველოს... აქ ჩვენი ნასახლარია, წინაპრების საძვალე, გაჭირვებით ვმარაგდებით, საშინელ დღეში ვართ, დარჩა მთა მიუხედავი... მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? მე უნდა დავიცვა ისევ, ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“- წუხილით მეუბნება პოეტი გიგლა ოჩიაური და მისი ნაამბობის გააზრებით იმ გაუსაძლისი ყოფის მონაწილედ გხდის, რომელიც წლების წინ სრულიად გაცნობიერებულად აირჩია.
"არხოტს პატრონი არა ჰყავს“
- არავინაა ჩვენი სოფლის პატრონი, შუქი არ გვეღირსა, გზა აქ არაა და ადამიანი... ყველამ იცის ჩვენი პრობლემა, მაგრამ თავს არავინ იწუხებს სამი სოფლიდან მარტო ერთს - ჭიმღას არ აქვს შუქი, ჰესი იმდენ დენს არ გამოიმუშავებს, ყველას ეყოს. შემოდგომა როცა დგება, ყველა გამათბობელს რთავს და ითიშება. სამივე სოფელში 5 ადამიანია დარჩენილი და ხუთივე პენსიონერი. დენი რომ არ წავიდეს, ერთ სოფელს უნდა გაეთიშოს და მეოთხე ზამთარია, მე მითიშავენ. გამგეობას შევთავაზე, გრაფიკი მაინც დაგვიწესეთ-მეთქი, რიგ-რიგობით ჩაგვირთან მაინცა. გრაფიკი რომ გვექნება, გვეცოდინება და სოფელი მოემზადება, სიბნელე მოულოდნელად რომ არ დაატყდეს თავს. ვერც ამას აგვარებენ... არხოტის ტერიტორია, მთელი 100 ათასი ჰექტარი მიწა 5 ადამიანზეა და შუქი არ გვაქვს. ამღაშიც ერთი მოხუცი ცხოვრობს, ახიელში - სამი, აქედან ამ ზამთარს 2 ბარში მიდის და იქაც ერთი კაციღა რჩება. ბავშვები გაიზარდნენ, დათხოვდნენ, ახალგაზრდები წავიდნენ, აბა, ამ ჯოჯოხეთში ვინ დაგიჯდება? სამანქანე გზა მაინც გაეკეთებინათ...
ისე არ ქნან, ეს სოფლები საერთოდ გაქრეს. მერვე წელია, რაც აქაურობას თხრიან, ბუნება აღარ არსებობს, ჩვენი ხეობები დაინგრა. ულამაზესი იყო არხოტის მთა, ბილიკი მიდიოდა, ეს ბილიკი მთლიანად წაშალეს, მთაზე უნიკალური ქვიშის კოშკები იდგა, იმათაც შლიან და იქ მოაწყეს კარიერი, იმას ფენენ გზაზე. სად არის გარემოს დაცვა? ალბათ სძინავს... დამახინჯდა და ჩაიმეწყრა აქაურობა. ნეტა, რამე კარგი მქონდეს სათქმელი და ვინ ოხერი? ერთხელ მოვიდნენ, ვითომ ამღა უნდა აეშენებინათ, ჰესის ფული იყო გამოყოფილი და იმას "უვლიდნენ“ (მილიონობით ლარი იყო გამოყოფილი და ეგ აწუხებდათ თურმე). ჟინვალიდან რომ იყოს კაბელი გამოსაყვანი, კიდევ ჰო, სადენია გაგლეჯილი და ის ვერ გაუკეთებიათ. ასე ხდება, როცა ძაბვა ეცემა, სადენებს ადნობს.
ჰესზე მილებია შესაცვლელი, კილომეტრნახევარზე ძველი მილები ყრია და ესაა პრობლემა, ახლის აშენება არავის უფიქრია, თაღლიღთურად ფული მოიპარეს და წავიდნენ. 30-35 წლის ნამუშევარი ჰესი მუშა მდგომარეობაში იყო, უბრალოდ, დაბინძურებულ მილებში წყალი აღარ გადიოდა, მარტო გენერატორი შეცვალეს და 8 მილიონი წაიღეს. სხვა კომპანიებიც დააფრთხეს, ვისაც აქ ჰესის აშენება უნდოდა. მეორედ ვითომ გზის გასაკეთებლად მოვიდნენ, ამისთვის 30 მილიონია გამოყოფილი და მე-8 წელია გზა ჯერ მთამდე არ მოსულა, 15 კმ-ზეა საუბარი. პირველად შავი გზა მაინც შეეყვანათ, ჩვენთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინათ და ცხენის ზურგით არ ვეზიდებოდეთ ტვირთს, როგორც გასულ საუკუნეებში. ისე გამოვიდა, არხოტი, მიყრუებული ადგილი ფულის გათეთრების საშუალებად გამოიყენეს, აქ რომ საქურდალად ვინმე მოვა?!
"შენს მტერსა შამაკლა“ - ამას ნატრობდა არხოტიონი
- არხოტი მტერმა ვერ მოკლა და ესენი კლავენ. მტერი რომ არხოტელს მოჰკლავდა, ეს იყო რაღაცა ბედნიერება. ის გვარი ბედნიერი იყო, მტერს ვინც შეაკვდებოდა. ხევსურეთში 2-სართულიანი სახლის მე-2 სართულს ხევსურულად ჰქვია ზეთათვალი, პირველს - ქვეთათვალი. ქვეთათვალში სადიაცო იყო, ზეთაში - სამამაცო. მტერი როცა მოდიოდა, მამაკაცი ზეთათვალში იყო და სადიაცოს არც მოსძებნიდა. ვინც არხოტში მოკვდებოდა, გმირებს ქალები დაიტირებდნენ ხოლმე და ამბობდნენ, მამულსშეწირულები უფალს ზეთათვალში ჰყვანო (ანუ - პატივში). 200-300 წლის წაინანდელი ლექსია "არხოტო სამშობლო“, სადაც არის ფრაზა "შენს მტერსა შამაკლა“, ამას ნატრობდა არხოტიონი კაცი. იხილეთ სრულად