"მინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ, რათა ამ ხელობაში ჩადებული ქართული სული არ მოკვდეს" - მსახიობი, რომელმაც ოჯახური ტრადიცია გააცოცხლა
უნაგირი ცხენის აღკაზმულობის მთავარი ნაწილია, ხოლო ადამიანს, რომელიც უნაგირს ქმნის, მეუნაგირეს, იგივე სარაჯს უწოდებენ...
დავით ჩალათაშვილი უნაგირს 20 წელიწადია ამზადებს. პროფესიით მსახიობი, მხედარი, უნაგირის კეთებით უდიდეს სიამოვნებას იღებს, თანაც მუდმივად ახლის ძიებაშია. უნაგირის ოსტატი კი ჰქვია, მაგრამ უფრო ხელოვანია, მისი შექმნილი უნაგირი, შეიძლება ითქვას, ხელოვნების ნიმუშია.
უნდა დახაზო, პარამეტრები სწორად დასვა, გჭირდება ფანტაზია, ნიჭი, სტრუქტურა არ უნდა დაირღვეს... გასათვალისწინებელია როგორც ცხენის, ისე მხედრის წონაც. საქმე შრომატევადია, ხელით საკეთებელი და ამ საქმის ინტერესი დავითს ბავშვობიდან ჰქონდა. ზაფხულში სოფელში რომ ჩადიოდა, უბადლო ოსტატი პაპის შრომას აკვირდებოდა. პაპაც სთხოვდა, კარგად დაჰკვირვებოდა, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს დავითი მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ მეუნაგირეობა მომავალში მისი ერთ-ერთი საყვარელი სააქმე გახდებოდა.
დავით ჩალათაშვილი:
- 12 წლის ვიყავი, პაპა რომ გარდაიცვალა. დაახლოებით მაგ დროს იპოდრომზე დავიწყე ვარჯიში როგორც ცხენოსანმა და ამ სპორტს გავყევი. 16 წლისა კინოსტუდიაში ცხენოსნად გადავედი. ცხენმა კინოგადაღებას მაზიარა. მერე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, ვიყავი თეატრში, კინოში, გახმოვანებაზე, თუმცა დღეს ამ საქმის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება... უნაგირი რომ გააკეთო, ცხენს კარგად უნდა იცნობდე, ანუ ჯერ მხედრობა უნდა ისწავლო. ძალიან მინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ, მეტად გამოვაცოცხლოთ, განვავითაროთ, რათა ამ ხელობაში ჩადებული ქართული სული არ მოკვდეს, დიდხანს იცოცხლოს.
- ესე იგი, უნაგირის გაკეთება ბევრ ფიქრს მოითხოვს...
- კი, ასეა და შეცდომას არ გაპატიებს. ყველაფერი ხელით და გულდაგულ უნდა გამოიყვანო და შექმნა. ჩემი ნამუშევრები მიყვარს, რადგან მათთვის სული მაქვს ჩაბერილი. თითოეულს ჩემი ემოცია თან ახლავს. მუშაობის პროცესს სიმშვიდე სჭირდება. როდესაც პაპა ამ საქმით იყო დაკავებული, მაშინ საქართველოში უნაგირები დიდად არ ჭირდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოდიოდა, მაგრამ ქართული უნაგირი მაინც განსხვავებული იყო და არის. სახნავ-სათესად სხვა გჭირდება, გადასაადგილებლად სხვა, სამწყემსოდ - სხვა... პაპა მათრახს რომ დაწნავდა, ითხოვდა, ამისთვისაც მეყურებინა. მათრახიც რთული გამოსაყვანია. თავიდან ტყავი გამოჰყავდა, რაც კიდევ სხვა სპეციფიკა იყო. ყურადღებას იმ ყველაფერს თითქოს არ ვაქცევდი, მაგრამ მხედველობითი მეხსიერება ინახავდა და საჭიროების შემთხვევაში ამოატივტივა. იხილეთ სრულად
ლალი ფაცია