მხატვარი, რომელიც ისტორიულ წარსულს აცოცხლებს: გელა კაპანაძის შემოქმედება დეკორებსა და ტილოზე
გელა კაპანაძის საოცარი ნამუშევრები ხელოვნების ნიმუშად ქცეული ძველი თბილისის ხედებია.. მასზე ამბობენ, რომ მაკეტში ძველი თბილისის ისტორიული წარსული გააცოცხლა. ამჯერად იგი საქართველოს რუკის დეკორაციას ქმნის...
გელა კაპანაძე თავის შემოქმედებაზე გვესაუბრა...
- დეკორაცია პირველად შვიდი წლის წინ შევქმენი, კერძო დაკვეთა იყო და დამკვეთის მიერ აბსოლუტური თავისუფლება მქონდა, ეზოს დიზაინისთვის ნებისმიერი თემა ამეწყო. მე რატომღაც ძველი თბილისი ავირჩიე.
- ანუ მანამდე არანაირი გამოცდილება არ გქონდათ...
- მანამდე გარე სივრცეში არა, მაგრამ ინტერიერში მქონდა... პროფესიით თეატრის მხატვარი ვარ, ათი წელი თეატრში მთავარ მხატვრად ვმუშაობდი. 1998 წელს, სპექტაკლი - „ეზოში ავი ძაღლია“ გავაფორმე. მოქმედება იტალიურ ეზოში ხდება. ნატურალური ზომის დეკორაცია დავდგი, სადაც მსახიობებს თამაში უხდებოდათ. საინტერესო დეკორაცია გამოვიდა... დახურულ სივრცეში მუშაობა შედარებით ადვილია, ნებისმიერ მასალას იყენებ, ნამუშევარი უფრო საინტერესო გამოდის. ღია სივრცეში შეზღუდული ხარ, ისეთი მასალებით მუშაობა გიწევს, რომლებმაც ამინდის ცვალებადობას უნდა გაუძლოს... მარტო ამ პროექტზე არ ვმუშაობ, მთლიანი ფართის დიზაინს ვქმნი. ძალიან მიზიდავს ძველი თბილისის არქიტექტურა, სიძველე, თავისებური ხიბლი აქვს...
- ათვლის წერტილიდან რომ დავიწყოთ... როდის იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ხელოვნებაში?
- ჩემი პირველი ნაბიჯი ხელოვნებაში მამის დამსახურებაა... მამაჩემი პროფესიით პედაგოგია, ხელოვანი, თვითნასწავლი მხატვარი. იგი თავიდან მარტივ ნატურმორტებს მახატვინებდა, ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა რომ ვიყავი. შემდეგ სამხატვრო სკოლაში შემიყვანა... სამხატვრო სკოლის დასრულების შემდეგ, ბათუმის ნ. კანდელაკის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერის სპეციალობით დავამთავრე. ჩემი პედაგოგი იყო ცნობილი მხატვარი - ვახტანგ ბესელია, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში.
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ-დეკორატიულ ფერწერის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სამხატვრო აკადემიაში მასწავლიდა - ფარნაოზ ლაპიაშვილი... აკადემიის დამთავრების შემდეგ ცოტა ხნით რუსეთში ვმუშაობდი...
1997 წლიდან ვარ საერთაშორისო მხატვართა კავშირის წევრი, 2012 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, მონაწილეობა მაქვს მიღებული გამოფენებში.
- ძალიან ნაყოფიერია თქვენი, როგორც მხატვრის მოღვაწეობა ქალაქ ჭიათურის, აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში...
- დიახ... აღნიშნულ თეატრში მთავარ მხატვრად ვმუშაობდი, სადაც 14 სპექტაკლი მაქვს გაფორმებული... რამდენიმე წელი სკოლებში ხატვის პედაგოგად ვმუშაობდი, შემდეგ კერძო სექტორში გადავედი... დღეს ძირითადად დაკვეთებზე მიწევს მუშაობა, პარალელურად სახლშიც შემოქმედებითად... იხილეთ სრულად