ზღაპრული გარემო, რომელიც ცოლ-ქმარმა თავისი ხელით მოაწყო და ყველას აღაფრთოვანებს
გსმენიათ რობაის ქოხზე? მას სხვანაირად პოეტის ქოხი ჰქვია და მართლაც ზღაპრულ ადგილას, ტყის პირას შეკიდულა... როგორ გავთავისუფლდეთ მუდმივი შფოთვისა და დაძაბულობისგან, რომელიც ლამის უკურნებელ სენად გვექცა თანამედროვე სამყაროში?
დიახ, ამ ჯადოსნურ ქოხთან და მის შემოგარენში ეს სავსებით შესაძლებელია. საგურამოსთან ახლოს, ბურიანში ცნობილმა ჟურნალისტმა და პიარკონსულტანტმა მანანა გეგიძემ და მისმა მეუღლემ, ასევე ცნობილმა ჟურნალისტმა, პოეტმა, რობაისტმა ელგუჯა მარღიამ, საოცარი სამყარო მოაწყვეს. მათ მშვენიერ სააგარაკო სახლს, რომელიც მეგობრებთან ერთად "არტ-ბურიანად" აქციეს და ხელოვანი ადამიანებისთვის ყოველთვის ღიაა, პანდემიის პერიოდში ტყის პირას რობაის ქოხი შეემატა, მათივე ხელით აგებული.
ბურიანში მისულ სტუმრებში ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ ეს ქოხი სარგებლობს, საიდანაც მშვენიერი ხედები იშლება, წვიმის შემდგომ ცისარტყელა არნახულად ახლოს გადაკრავს სარტყელს ცაზე, ციყვები ანცად დახტიან ხიდან ხეზე, ჩიტების საამური ჭიკჭიკი ატკბობს არემარეს. ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა ეს მივიწყებული ადგილი თავისი პაწაწინა ქოხით ცოლ-ქმრისთვის საყვარელი ადგილად და არა მხოლოდ მათთვის - მათი უამრავი სტუმრისთვის.
- მოდით, თავიდან დავიწყოთ, როგორ მოხვდით აქ?
- აქ 11 წლის წინ აღმოვჩნდი. ნოემბრის თვე იყო და ავიკვიატე, რომ ველურ ბუნებაში მინდოდა სახლი, რომლის სიახლოვესაც იქნებოდა ტყე, მდინარე და ლამაზი ხედები. ამ ადგილს ინტერნეტით მივაგენით. ბურიანის შესახებ პირველად სწორედ მაშინ გავიგე. თბილისიდან 45 კილომეტრით არის დაშორებული. ამოვედი მეუღლესთან ერთად. საოცარი სანახავი იყო აფერადებული ტყე, აქ გამეფებული სიმშვიდე, სიწყნარე. სახლი იმ დროს ნახევრად დანგრეული გახლდათ, მაგრამ გარემომ ისე მოგვხიბლა, სახლისთვის აღარ შეგვიხედავს. ასე გადავწყვიტეთ ამ ადგილის შეძენა. გავაკეთე ბაღი, დავრგე ვარდები. რაც ბურიანში აგარაკი შევიძინეთ, სამწუხაროდ, არ გვქონდა თავისუფალი დროის ფუფუნება, რომ სულ აქ ვყოფილიყავით. მით უმეტეს აქ გადმოსვლაზე არ მიფიქრია. მხოლოდ შაბათ-კვირას ამოვდიოდით და ეს იყო ჩემთვის ბედნიერების პიკი. ვცდილობდი არანაირი შეხვედრა და საქმე არ დამეგეგმა ამ დღეებში, რომ აქ ამოვსულიყავი. მოდიოდნენ ჩემი მეგობრები, ხატავდნენ, ვახვედრებდი საღებავებს, ტილოებს და ამ საოცარ გარემოში მუზაც არავის ღალატობდა... პანდემიის პერიოდში კი ძალაუნებურად მოხდა ასე - ამოვედით და მთელი ზამთარი დავრჩით, მერე კი უცებ მოსულ იდეას ხორცი შევასხით და ეს ქოხიც გაჩნდა.
- საკმაოდ დიდი შრომა გაქვთ ჩადებული. ალბათ არ იყო მარტივი ამ ყველაფრის მოწყობა. მითუმეტეს ქალაქიდან მოშორებით ხართ, არც ისე მარტივია აქ ამოსასვლელი გზა, ფაქტობრივად ტყეში ხართ და ალბათ მასალების ამოტანაც არ იყო მარტივი.
- დიახ, რთული იყო მშენებლობის თვალსაზრისით, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი, თავს არ ვზოგავდით. ისე გავიწაფე, ზოგჯერ ფილმის გმირი მგონია ჩემი თავი. საგურამოში უკვე ისე ჩავირბენ ხოლმე, როგორც უბნის მარკეტში გავდიოდი თბილისში. გადიხარ ამ ტყეს და გზად შეიძლება შეგხვდეს შველი, მელია, შეგეფეთოს ციყვი. ტურაც არაერთხელ შემხვედრია ღამე. იხილეთ სრულად