„სტალინის აგარაკი“, „თეთრი სახლი“ და დასასვენებელი სახლი - შთამბეჭდავი შენობები შოვში, რომლებსაც განადგურება ემუქრებათ | Allnews.Ge

„სტალინის აგარაკი“, „თეთრი სახლი“ და დასასვენებელი სახლი - შთამბეჭდავი შენობები შოვში, რომლებსაც განადგურება ემუქრებათ

საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი საკმაოდ ცნობილი ისტორიული ობიექტი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, დაცული ტერიტორია მდებარეობს, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც საზოგადოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ ასეთ ადგილზე გიამბობთ, რომელიც ნაკლებად პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, თუმცა საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. სოციალურ ქსელებში პერიოდულად ვრცელდება რაჭის ულამაზეს კურორტ შოვის ყოფილი დასასვენებელი სახლების ფოტოები, რომლებიც საკმაოდ მძიმე მდგომაროებაშია.

img-20220811-wa0272-1673341136.jpg

კურორტ შოვის დაარსების ისტორიისა და მის ამჟამინდელ მდგომარეობის უკეთ გასარკვევად ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ნინო ბარნაბიშვილს დავუკავშირდით.

-ნინო მოგესალმებით, პირველ რიგში მოგვიყევით კურორტ შოვის დაარსების ისტორია.

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი შოვი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ შოვში 16 მინერალური წყლის წყარო გვხვდება.

კურორტს ხშირად სტუმრობდნენ ტუბერკულოზის ღია ფორმით, ასთმით, ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულნი. მინერალური წყაროები გასტრიტის, კოლიტის, ქოლეცისტიტისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

faceapp-1660223748666-01-1673341282.jpeg

კურორტის დაარსება შამშე ლეჟავას სახელს უკავშირდება და სწორედ ამიტომ შოვს თავდაპირველად შამშოვს უწოდებდნენ. შამშე ლეჟავამ განათლება ვენის უნივერსიტეტში მიიღო (1905-10 წწ.). საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში მან არაერთი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტი მოინახულა, გაეცნო როგორ და რა პრინციპით უნდა აგებულიყო სანატორიუმისა თუ დასასვენებელი სახლების შენობები, ადგილის რა თავისებურებების გათვალისწინებით იყო შესაძლებელი კურორტის დაარსება.

108241109-3734638133232433-784367865470451155-n-1673342327.jpg

შამშე ლეჟავა

shovi-stalinisas-ro-ezaxian-qavisperi-didi-1673342595.jpg

სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, რომ მშობლიურ მხარეში აუცილებლად უნდა დაეარსებინა კურორტი ტუბერკულოზით დაავადებულთათვის.

კურორტის დასაარსებლად შამშე ლეჟავა ორ ადგილს განიხილავდა: 1. ნიკორწმინდის სიახლოვეს, ამბროლაურის რაიონში არსებული ტერიტორია და 2. დღევანდელი შოვის ტერიტორია, რომელსაც უწინ სოფელ გლოლას მაცხოვრებლები საძოვრებად იყენებდნენ.

1911 წ. შამშე ლეჟავამ თბილისში დაბადებული და იმხანად მოსკოვის უნივერსიტეტში მოღვაწე იურისტი, მოგვიანებით ერევნის უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1919-1920 წწ.), პროფესორი იური ღამბაროვი გაიცნო, რომელსაც უამბო რომ სურდა მშობლიურ მხარეში კურორტის დაარსება. სწორედ, ღამბაროვის უშუალო თანამონაწილეობით შამშე ლეჟავამ სანატორიუმის მოწყობის საზოგადოება დააარსა და შეადგინა მისი წესდება.

img-20220811-120950-1-01-1673341379.jpeg

1913 წ. შამშე ლეჟავამ მის მიერ დაფუძნებული საზოგადოების პირველი კრება მოიწვია. თუმცა, რიგი საკითხებისა განსახილველი დარჩა და ამიტომ 1914 წ. კრება კვლავ მოიწვიეს. განხილვის მთავარ თემას ტერიტორიის სწორად შერჩევა წარმოადგენდა. არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ზემოხსენებულ ორ ადგილს შორის.

კრების შემდგომ, შამშე ლეჟავას არაერთი მცდელობის მიუხედავად კურორტის მოწყობის საკითხის განხილვა რამდენიმე წლით შეჩერდა. მხოლოდ 1922-23 წწ.-დან იწყება შოვისა და იქ არსებული მინერალური წყაროების ქიმიური შემადგენლობისა და სამკურნალო თვისებების შესწავლის ხანგრძლივი პროცესი.

ambebi-1673344584.ჯი.png

კვლევის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ გეოლოგი ს. ავქსენტიევი, ტოპოგრაფი ა. ბენაშვილი, ქიმიკოსი რ. კუპცისი, ინჟინრები: ა. ჭიჭინაძე და კოლჩინი.

1920-30-იან წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კურორტის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. 1928 წ. ექსპლუატაციაში შევიდა პირველი სანატორიუმი.

dsc09428-1673344677.jpg

კურორტის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო გადაწყდა, რომ საჭირო იყო ახალი გენერალური გეგმის შედგენა. ამ მიზნით 1940-41 წწ. აქტიური მუშაობა დაიწყო ახალი გენერალური გეგმის პროექტის შედგენაზე თუმცა, მის განხორციელებად მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი.

323105730-1142776456426038-1037439080186512284-n-1673341446.jpg

- არაერთხელ წამიკითხავს, რომ შოვში ერთ დროს სტალინი ისვენებდა. თუ დასტურდება ეს ინფორმაცია?

- დღესდღეობით, ინტერნეტსივრცეში ხშირად ვხვდებით კურორტ შოვის დასასვენებელი სახლებისა თუ სანატორიუმების ფოტომასალას თანდართულ წარწერებთან ერთად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, მათ შორის ხშირად გვხვდება ერთ-ერთი შენობის ფოტო წარწერებით: „აქ ისვენებდა სტალინის“, „სტალინის სახლი“, „სტალინის აგარაკი“. თუმცა ოფიციალურ წერილობით წყაროებში ინფორმაცია, რომ აქ ნამდვილად ისვენებდა სტალინი არ დასტურდება.

321958614-834129751214005-2924917098125947860-n-1673341456.jpg

- რა პრობლემების წინაშეა დღეს კურორტი შოვი?

ბოლო წლებში აშკარად შეიმჩნევა კურორტით დაინტერესებულთა რიცხვის ზრდა. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად კურორტს ხშირად სტუმრობენ უცხოელებიც. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთქმულის მიუხედავად ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ამჟამად შოვში გვხვდება ჯერ კიდევ სუსტადაა განვითარებული.

უწინ შოვში დამსვენებელთათვის და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად ჩასული ადამიანებისთვის ყველა საჭირო პირობა იყო შექმნილი. ეს არაერთ წერილობით წყაროში დასტურდება.

322078791-1810706825952576-2651007283827777868-n-1673341472.jpg

1941 წ. გამოცემულ წიგნში ვკითხულობთ: „XX лет Советской Грузии“ აღნიშნულია: „...ჰაერი, მთის მზე და სამკურნალო წყაროები გამოარჩევს კურორტ შოვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ტერიტორიაზე არსებული კურორტებისგან“.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების მმართველობის დროს გამოცემული წიგნიდან “Курорты СССР” ვიგებთ, რომ 1951 წლისთვის კურორტზე ფუნქციონირებდა: 100 და 50 საძილე ადგილზე გათვლილი ორი სანატორიუმი, ორი დასასვენებელი სახლი, აეროსოლარიუმი, პოლიკლინიკა, დიეტური სასადილო, ბიბლიოთეკა, საექსკურსიო ბაზა. ამბულატორიული მომსახურებისთვის გამოიყენებოდა 40 საძილე ადგილზე გათვლილი სასტუმრო.

img-20220811-123037-1673341504.jpg

-რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლების შოვის დათვალიერებას პირველად გეგმავენ?

ვფიქრობ, რომ შოვში ჩასულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს რამდენიმე შენობა. ამ ეტაპზე მათგან სამს გამოვყოფ: ე.წ. „სტალინის აგარაკი“, დასასვენებელი სახლი და “ე.წ. „თეთრი სახლი“. ზემოხსენებული შენობები არაჩვეულებრივი არქიტექტურული ფორმებით შესანიშნავად ერწყმიან გარემოში და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. დასანანია, რომ სტატიაში ზემოთ ჩამოთვლილი შენობები დღეს განადგურების პირასაა. გამონაკლისს წარმოადგენს ე.წ. „თეთრი სახლი“, რომელიც უკეთაა შენარჩუნებული.

იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში აუცილებლად განვითარდება კურორტ შოვის ინფრასტრუქტურა და აქ დასასვენებლად თუ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის ჩასულ ადამიანს კვლავ შეეძლება დარგის სპეციალისტების საშუალებით მაღალი დონის მომსახურების მიღება.

ბექა ბერიაშვილი

myquiz