"ლოცვის ჩასატარებლად დღეს მლოცველთა საჭირო რაოდენობა ვერ გროვდება" - კულტურული ობიექტი რაჭაში, სადაც ებრაელები საუკუნეთა განმავლობაში ცხოვრობდნენ | Allnews.Ge

"ლოცვის ჩასატარებლად დღეს მლოცველთა საჭირო რაოდენობა ვერ გროვდება" - კულტურული ობიექტი რაჭაში, სადაც ებრაელები საუკუნეთა განმავლობაში ცხოვრობდნენ

საქართველოში ებრაელი ხალხის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. „ქართლის ცხოვრების" ცნობით, ებრაელთა პირველი მიგრაცია და მათი მცხეთაში დამკვიდრება ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ებრაელთა დასახლება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემდგომშიც არ შემწყდარა. მიუხედავად თანამდევი ასიმილაციისა, ქართველმა ებრაელებმა საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნეს საკუთარი რელიგია, ტრადიციები და თვითმყოფადი კულტურა.

shalom-koboshvili-slaughtering-poultry-according-to-religious-rules-oil-on-canvas-705x101-cm-1671527724._1940.jpg

როგორც წესი, ებრაელები საქართველოში ბარში სახლობდნენ და მათი საქმიანობის ძირითადი სფერო ვაჭრობა. ამ მხრივ უჩვეულო მოვლენაა ებრაელბეის განსახლება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ კი რაჭაში, სადაც ებრაული თემი რამდენიმე ათას ადამიანს ითვლიდა. დღეს რაჭაში სულ რამდენიმე ებრაელი ცხოვრობს, თუმცა შემორჩენილა ონის სინაგოგა, რომელიც რეგიონის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

შენობის ისტორიასა და კულტურულ ღირებულებაში უკეთ გასარკვევად ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ნინო ბარნაბიშვილს დავუკავშირდით.

11-1671529016.jpg

-ნინო, მოგესალმებით. პირველ რიგში გვიამბეთ რა პერიოდში აშენდა ონის სინაგოგა

-მოგესალმებით, სინაგოგის ეზოში არსებული წარწერიანი სტელა გვამცნობს, რომ სინაგოგის მახლობლად, იმავე ეზოში უწინ პატარა სალოცავი მდგარა. ებრაული თემის წარმომადგენლები მას „პატარა ლოცვას“ უწოდებდნენ. რადგან „პატარა ლოცვა“ მცირე მასშტაბის გამო სრულად ვერ იტევდა მომლოცველებს გადაწყდა, რომ მის სიახლოვეს საჭირო იყო უფრო დიდი ზომის სალოცავის აგება. სწორედ ამიტომ, 1890 წელს საფუძველი ჩაეყარა ონის ახალ სინაგოგას. მშენებლობამ ხუთ წელს გასტანა და 1895 წელს დასრულდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში აგებულ სინაგოგებს შორის ონის სინაგოგა სიდიდით მესამეა.

img-20220810-123827-1671527804.jpg

1991 წლის 29 აპრილს ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია „პატარა ლოცვა“, რომელიც აღარ აღუდგენიათ. დანგრევას სასწაულებრივად გადაურჩა „პატარა ლოცვის“ გვერდით აგებული ონის სინაგოგა. მიწისძვრამ დაანგრია მისი კარიბჭე, დაზიანდა კედლები, გალავანი.

2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების თანახმად ონის სინაგოგას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

img-20220810-122103-1671527922.jpg

- რა კულტურული ღირებულებები გამოარჩევს ონის სინაგოგას?

-სინაგოგა მთელი თავისი მშვენიერებით, შესანიშნავი მორთულობის ელემენტებით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით ერთგვარ დომინანტადაც კი გვევლინება გარკვეულ არეალში. საინტერესო კონტრასტს ქმნის უხვად დეკორირებული ფასადების ხილვის შემდგომ ინტერიერში მოხვედრა. რასაკვირველია, შიდა სივრცეშიც გვხვდება მორთულობის ელემენტები, მაგრამ ბევრად მცირე რაოდენობით. შეიძლება ითქვას, რომ ექსტერიერთან შედარებით ინტერიერი ბევრად სადა, მოკრძალებულია.

mg-4488-1671527955.jpg

- როგორც მსმენია, ომის სინაგოგა დაკეტილია და მისი ინტერიერის ხილვა ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.

- დიახ, გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და იმედია თქვენს მკითხველსაც გამოადგება. მიმდინარე წლის ზაფხულში ვიმყოფებოდი რაჭაში, კერძოდ კი ონში. დაბანაკება რაჭის ისტორიის უბადლო მცოდნის, არაჩვეულებრივი ადამიანის ჯონი მეტრეველის ოჯახში გადავწყვიტეთ, რომელმაც გვირჩია პირველ რიგში ონის სინაგოგა მოგვენახულებინა.

როდესაც მივედით, კარი დაკეტილი დაგვხვდა. ეზოს დაბალი გალავანი საშუალებას იძლევა ასე თუ ისე სრულფასოვნად დაათვალიერო სინაგოგის სამი ფასადი. თუმცა, მათ ვისაც სურს მორთულობის ელემენტების, ეზოში არსებული წარწერიანი სტელის ან თუნდაც შესასვლელის თავზე განთავსებული წარწერანი ფილის ნახვა და ინტერიერის დათვალიერება დაკეტილი კარი მაინც უქმნის გარკვეულ დისკომფორტს.

img-20220810-wa0031-1671528013.jpg

როგორც ადგილზე შევიტყვეთ კარიბჭისა და უშუალოდ სინაგოგის გასაღებები იქვე, მახლობლად მცხოვრებ ოჯახს აქვს ჩაბარებული. მათ ვისაც სინაგოგაში მოხვედრა სურს შეუძლია მიმართოს და კარს აუცილებლად გაუღებენ.

ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობ, რომ ეს ის შენობაა, რომელიც ქალაქ ონში ჩასულმა თითოეულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს.

mg-4510-1671528033.jpg

img-20220810-wa0030-1671528070.jpg

- დღესდღეობით თუ მიმდინარეობს სინაგოგაში ღვთისმსახურება?

სინაგოგაში ლოცვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მასში 10 ებრაელი მამაკაცი შეიკრიბება. დღესდღეობით ლოცვის ჩასატარებლად მლოცველთა საჭირო რაოდენობა ვერ გროვდება. წლების განმავლობაში ონი ძალიან ბევრმა ებრაელმა დატოვა. უმეტესობამ, სახლები წასვლამდე გაყიდა, ნაწილმა შეინარჩუნა, მაგრამ მათი სახლები უმეტესად დაკეტილია და იშვიათად სტუმრობენ.

ავტორი: ბექა ბერიაშვილი

myquiz