"აქ ტუბერკულოზთან ბრძოლის ძლიერი კერა იყო"- უნიკალური სანატორიუმი ლიბანში, რომელიც განადგურების პირასაა | Allnews.Ge

"აქ ტუბერკულოზთან ბრძოლის ძლიერი კერა იყო"- უნიკალური სანატორიუმი ლიბანში, რომელიც განადგურების პირასაა

საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი საკმაოდ ცნობილი ისტორიული ობიექტი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, დაცული ტერიტორია მდებარეობს, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც საზოგადოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი და მათ შესახებ ცოტამ თუ იცის.

დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ ასეთ ადგილზე გიამბობთ, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და განადგურების პირასაა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიბანში საბჭოთა პერიოდში აშენებული სანატორიუმი მდებარეობს. წყალტუბოსგან განსხვავებით მის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა სმენია.

img-20221128-154732-1669896685.jpg

სანატორიუმის შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება. უფრო მეტი დეტალის გასაგებად და შენობის სამომავლო ბედთან დაკავშირებით ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ნინო ბარნაბიშვილს დავუკავშირდით.

faceapp-1669741315466-copy-1669896719.jpg

-ნინო, პირველ რიგში, გვიამბეთ, როდის აშენდა სანატორიული კურორტ ლიბანში და რა დანიშნულება ჰქონდა მას?

- მოგესალმებით, ძალიან მიხარია თქვენი დაინტერესება ამ თემის მიმართ. სანატორიუმი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის კურორტ კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში. ის აგებულია XX საუკუნის პირველ ნახევარში. მეორე მსოფლიო ომის დროს სანატორიუმის შენობაში სამხედრო ჰოსპიტალი იყო მოწყობილი.

-რამდენ დამსვენებელზე იყო სანატორიუმი გათვლილი და რით გამოირჩეოდა ის?

-სანატორიუმი ტუბერკულოზთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კერა იყო საქართველოში და აქ მკურნალობა საკმაოდ ეფექტური იყო. სანატორიუმს დამსვენებლები არასოდეს აკლდა.

1951 წლის მონაცემებით სანატორიუმს ჰქონდა 180 საძილე ადგილი, აეროსოლარიუმი, ფიზიოთერაპევტული და სხვა დანიშნულების კაბინეტები, აღჭურვილი იყო ყველა საჭირო ინვენტარით.

42-libani-56x74-01-1669896841.jpg

ასე გამოიყურებოდა სანატორიუმი გასულ საუკუნეში

4616488805-1669896855.jpg

-დამეთანხმებით, დღეს სანატორიუმი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და განადგურების პირასაა. ვინ არის დღეს მისი მფლობელი და თუ იგეგმება მისი აღდგენა?

-დიახ, სანატორიუმი სასწრაფოდ საჭიროებს დროულ აღდგენას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2017 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

img-20221128-160257-1669896798.jpg

2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანატორიუმი პროექტ „ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონის წესით გაიყიდა. აუქციონის პირობების თანახმად ინვესტორს ევალება 8 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება და სულ მცირე 70 ნომრის მქონე სასტუმროს მოწყობა.

ვინაიდან სანატორიუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული საჭიროა ყველა სამუშაო შესაბამისი წესების დაცვითა და გათვალისწინებით განხორციელდეს, რაც სამუშაო პროცესში ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ჩართვას მოიაზრებს.

img-20221128-155649-1669896935.jpg

იმედი მაქვს მისი აღდგენის პროცესი მალე დაიწყება და ტუბერკულოზთან ბრძოლის წამყვანი ცენტრის სტატუსს დროულად დაიბრუნებს.

გამოყენებული ფოტოები: საქართველოს ეროვნული არქივი; ნინო ბარნაბიშვილი