"ჩვენი ენა ცოცხალია, თუმცა უკვე გაქრობის პირასაა" - უნიკალური ეთნიკური ჯგუფი კახეთში, რომელთა შესახებ არავინ არაფერი იცის | Allnews.Ge

"ჩვენი ენა ცოცხალია, თუმცა უკვე გაქრობის პირასაა" - უნიკალური ეთნიკური ჯგუფი კახეთში, რომელთა შესახებ არავინ არაფერი იცის

თბილისიდან 60 კილომეტრში, საგარეჯოს სოფელ გომბორში საუკუნეზე მეტია ცხოვრობს უნიკალური ხალხი, რომლებიც თავს ლაიჯებს უწოდებენ. ენათმეცნიერთა ვიწრო წრის გარდა საქართველოში თათურ-ლაიჯური ეთნიკური ჯგუფის არსებობა საზოგადოებისთვს თითქმის უცნობია.

ლაიჯები საქართველოში, უკვე ას წელიწადზე მეტია, ცხოვრობს. დღესდღეობით მათგან დაახლოებით 150-მდე ადამიანი დარჩა. ისინი საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ და თავს ლაიჯებს უწოდებენ.

zqranwrteqpov9dftgw9-1657869586.jpg

სოფელი გომბორი

ამგვარი ეთნონიმის ხალხის არსებობა არსად არ დასტურდება. თავიდან მათ თათრებს ეძახდნენ, 1939 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ კი ისინი აზერბაიჯანელებს მიათვალეს.

“მაგრამ ჩვენ თავს აზერბაიჯანლებად არ მივიჩნევთ. ჩვენი ენა ჯერაც ცოცხალია, თუმცა უკვე გაქრობის პირასაა. სულ უფრო ცოტა ვხდებით, მალე ამ ენაზე მოლაპარაკე აღარავინ დარჩება. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა ჩვენი ეთნიკური ჯგუფის ოფიციალურად დარეგისტრირება, მაგრამ ვინ შეიძლება ამით დაინტერესდეს?“ – დაახლოებით ასეთი იყო იმ საუბრის საერთო აზრი, რომელიც საქართველოს კახეთის რეგიონის სოფელ გომბორში ჩასვლისას ადგილობრივ მოსახლეებთან მქონდა.

სოფელი, სადაც ლაიჯები ცხოვრობენ გომბორის უღელტეხილზე მდებარეობს. სოფელი საკმაოდ მაღლა მდებარეობს – ზღვის დონიდან 1,130 მეტრზე, და გარშემო ხშირი ტყე აკრავს. სწორედ ტყე იქცა არჩევანის განმსაზღვრელ ფაქტორად ლაიჯების იმ პირველი ჯგუფისთვის, რომელიც მაშინდელი ბაქოს გუბერნიიდან საქართველოში ჩავიდა. მათ სოფელს იქ ლაჰიჯი ეწოდებოდა, დღევანდელი აზერბაიჯანის ისმაილის რაიონი.

ამ გადასახლებული ხალხისთვის ტყე ნიშნავდა უამინდობისგან თავშესაფარს, საკვების მოპოვებას და, რაც მთავარია – ტყე შემოსავლის გაჩენის საშუალებასაც იძლეოდა: შეიძლებოდა ხეების ნახშირად გადაქცევა, და შემდეგ მისი გაყიდვა.

გადასახლებულები თავდაპირველად მთელ რეგიონში მკვიდრდებოდნენ – იქ, სადაც სამუშაოსა და საცხოვრებელს ნახავდნენ. როცა დაფუძნდნენ, ოჯახების ჩამოყვანაც დაიწყეს. და საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის დროს ლაიჯებმა საბოლოოდ მოიყარეს თავი სოფელ გომბორში.

eslr3thbvstecdjaxt6p-1657869712.jpg

ტრადიციული ლაიჯური სახლი

როგორც ადგილობრივები ყვებიან, 19-ე საუკუნის ბოლოს მათ ტრადიციულ საქმიანობაზე, ხელნაკეთი სპილენძის ნივთების დაზმადებაზე მოთხოვნა მკვთრად შემცირდა. დაიწყო უმუშევრობა, თან ხშირად არეულობაც ხდებოდა. და ლაიჯებმა დასახლების დატოვება და ახალი საცხოვრებელი ადგილების ძებნა დაიწყეს. მათი ნაწილი საქართველოში ჩამოვიდა.

დაახლოებით 20 ოჯახი გომბორში 1930-იან წლებში ჩავიდა. მამაკაცები ერთ გუნდად მუშაობდნენ, ნახშირის გამოწვას ეწეოდნენ, ქალები კი საოჯახო მეურნეობას უძღვებოდნენ.

თუმცა, ამას „საოჯახო მეურნეობა“ პირობითად თუ ერქვა, რადგან ისინი საკმაოდ ხანგრძლივად ცხოვრობდნენ ტყეში, თივისგან გაკეთებულ კარვებში. და მხოლოდ ცოტაოდენი ფულის დაგროვების შემდეგ შეძლეს, რომ სოფელში თანამემამულეებს შეერთებოდნენ, პატარა სახლი აეშენებინათ და საქონელი ჰყოლოდათ.

“მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ყველა მამაკაცი ფრონტზე წაიყვანეს. ბევრი დაიღუპა. ომიდან არც მამაჩემი დაბრუნებულა, და მე ის არასდროს მინახავს – ის 1942 -ში გაიწვიეს, მე კი 1943-ში გავჩნდი“, – ჰყვება აივაზ ჯაფაროვი.

kk-1657869883.png

19-საუკუნის ბოლოსთვის, ანუ ლაიჯების გადმოსახლებამდე, გომბორის მოსახლეობას 600 ადამიანი შეადგენდა, და პრაქტიკულად ყველა მათგანი რუსი იყო. საბჭოთა დროს აქ განლაგებული იყო მსხვილი სამხედრო ბაზა, რომელსაც საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა ჰქონდა, და მის შემადგენლობაში იყო სარაკეტო ბრიგადაც.

ბევრი ლაიჯი მამაკაცი ჩადგა მაშინ მუდმივ სამხედრო სამსახურში, ქალებმა კი ჰოსპიტალსა და სამეურნეო ნაწილში დაიწყეს მუშაობა. ლაიჯების რაოდენობა თანდათან მატულობდა და 1989 წლისთვის 400 ადამიანს გადააჭარბა. თითქოს ცხოვრება დალაგდა. მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: საბჭოთა კავშირი დაიშალა და სამხედრო ბაზა გაუქმდა. რუსი სამხედროები ოჯახებიანად გაემგზავრნენ.

მთელი სამხედრო ქონების რუსეთში თან წაღება შეუძლებელი იყო. გადააგზავნეს რაკეტები და მსხვილი ტექნიკა, სატვირთო ავტომობილები კი ან დატოვეს, ან ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიჰყიდეს. და გომბორში ეს მანქანები მეურნეობაში დღემდე გამოიყენება.

1-1657870242.-Лайджы.jpg

აღარ იყო არც სამხედრო ბაზა, არც საბჭოთა კოლმეურნეობა – და ლაიჯები უსაქმოდ დარჩნენ. ახალგაზრდობამ შემოსავლის საძებნელად სოფლიდან გამგზავრება დაიწყო.

„დღეს სოფელში უკვე ძირითადად პენიონერები ცხოვრობენ. ის ლაიჯები, რომლებსაც ჩვენი წინაპრების ტრადიციები და ადათები ახსოვდათ, უკვე ცოცხლები არ არიან“, – ჰყვება სოფლის 83 წლის მკვიდრი სანამ ბაჰრამოვა.

გასული საუკუნის 1960 წელს გომბორში საქართველოს მაღალმთიანი ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონიდან, ფშავ-ხევსურეთიდან ეკოლოგიური მიგრანტები ჩაასახლეს. და 1964 წელს გომბორის მოსახლეობის უმეტესობას უკვე ქართველები შეადგენდნენ.

6-1657870281.-Типичный-дом-лайджев.jpg

ლაიჯები ამბობენ, რომ მეზობელი ქართველებისგან ბევრი კულტურული და ყოფითი ელემენტი გადაიღეს. ოჯახი ყველაზე ხშირად სხვადასხვაგვარად მომზადებული ხორცითა და ბრინჯით სადილობს. ჭამენ ცხვრის, ძროხის და ღორის ხორცს. მას თითქმის ყველა ლაიჯი მიირთმევს. პოპულარულია შაქრიანი კვერები და მჟავე რძის მწვანილებიანი სუპი.

ლაიჯები აღმსარებლობით შიიტი მუსლიმანები არიან.

11-1657870334.-Санам-Бахрамова.jpg

საქართველოს დამოუკიდებლობისა და რელიგიური თავისუფლების მოპოვების შემდეგ, მათ სოფლის ერთ სახლში საერთო ძალებით მოაწყვეს სალოცავი, რომელსაც მეჩეთს ეძახიან. გომბორის მუსლიმი მოსახლეობა იქ ლოცულობს, რიტუალებს აწყობს, და რელიგიურ დღესასწაულებს აღნიშნავს.

2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელ გომბორში 304 პირობითი „აზერბაიჯანელი“ ცხოვრობს. მათი ერთი ნახევარი ლაიჯია, მეორე კი თათი. 1089 წელთან შედარებით, სოფლის მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა ორზე მეტად შემცირდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

ლაიჯების უცნობი ისტორია - ლაჰიჯიდან გომბორამდე

ლაიჯები - კახეთში მცხოვრები ხალხი, რომელთა შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის

myquiz