უკანასკნელი 30 ოჯახი გორელოვკაში - როგორ ცხოვრობენ დუხაბორები საქართველოში? | Allnews.Ge

უკანასკნელი 30 ოჯახი გორელოვკაში - როგორ ცხოვრობენ დუხაბორები საქართველოში?

ჩამონგრეული კედლები, ჩამოშლილი ღობეები, გახუნებული ფასადი, ასფალტის გარეშე დარჩენილი გზები და ასფალტის ფუნქციის შემსრულებლად დანიშნული ქვა-ღორღი - მიდამოს დაკვირვებით, უფრო სწორად, დაჟინებით მოვავლე თვალი და უსახურ საფარქვეშ კარგად დამალული იმ სილამაზის ძებნა დავიწყე, რომელსაც ჩემს წარმოსახვაში ასე სათუთად ვინახავდი. გარეთ მწველი მზეა, მაგრამ სადმე ახლოს ხესაც ვერ ვხედავ, მის ჩრდილს თავი რომ შევაფარო.

duxaborebi-ezo1-1653914485.jpg

მარჯვნივ შინდისფერი სურსათის მაღაზიაა, მარცხნივ ცისფრად შეღებელი ჭიშკარი. კარი სტუმრებისთვის გაუღიათ. შიგნით შესულს პირველი რაც თვალში მხვდება ასევე ცისფრად შეღებილი ოდნავ გადახრილი ღობეა, რომელიც ეზოს უკიდურეს მარცხენა მხარეს აკრავს და ამავე ეზოში ამოსული სხვადასხვა სახეობის ბევრი ფერადი მცენარეა. ოაზისი გორელოვკაში - ხმამაღლა გავიფიქრე და წარმოვიდგინე, როგორ გამოიქცა უნუგეშო სიცხით შეწუხებული ყველა მცენარე და თავი ამ წალკოტს შეაფარა.

duxaborebi-ezo2-1653914627.jpg

ერთსართულიანი ფერადი სახლი, ჭიშკრიდანვე ჩანს. დუხაბორებს ისიც ცისფრად შეუღებავთ, სახლს კოხტა რაფები და კარგად დაპრიალებული ფანჯრები აქვს, რომლებისთვისაც გარედან მხიარული ყვავილებიანი დარაბები გაუკეთებიათ.

ხის სახლს სახურავზე მიწა აყრია, რომელზეც უკვე ბალახიც კი ამოსულა. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება რომ ეს ხის სახლი დარაბებითა და მიწით სახურავზე, საქართველოს სამხრეთით სამცხე-ჯავახეთის მხარეში, უფრო კონკრეტულად კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ გორელოვკაში შემთხვევით მოხვდა, ალბათ, ისევე როგორც ამ სახლის მეპატრონე დუხაბორები.

ამ ეთნოკონფესიურმა რუსულმა ჯგუფმა, რომლებიც საკუთარ თავს დუხაბორებს უწოდებენ, რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის მმართველობის დროს ხელისუფლების მხარდაჭერა კვლავ დაკარგს. ხელისუფლებამ სულ მალე გადაწყვიტა, რომ დუხაბორები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც კი უარყოფდნენ, არასასურველი მეზობლები იყვნენ. 1841 წელს დუხაბორების საქართველოსა და აზერბაიჯანში გამოსახლება დაიწყო. 1841-1845 წლების პერიოდში ჯამში 5000 ათასი დუხაბორი გადაასახლეს.

საქართველოში ისინი კომპაქტურად ჯავახეთის მთიან რაიონებში დასახლდნენ, რომლებიც იმ დროს ადამიანებისგან ფაქტობრივად დაცლილი იყო.

duxsaxliaxali-1653914777.jpg

მათ თანამედროვე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 სოფელი დააარსეს: ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა, ბოგდანოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, კალმიკოვო და ტროიცკოე, ამ სოფლებს შორის გორელოვკაც იყო, სადაც ახლა დუხაბორების დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს, სპასოვკაში კი დუხაბორების მხოლოდ ერთი ოჯახიღაა დარჩენილი ყარაულად.

ჭიშკრის მიღმა არსებულ დუხაბორებისთვის ფაქტობრივად წმინდა, ქართველებისთვის კი მუზეუმად ქცეულ ადგილს ისე ვუყურებ თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. წარმოსახვისთვის ფრთების გაშლა ვერ მოვასწარი სახლში შეხვედრაზე მიმიპატიჟეს. დერეფანი ბნელი აღმოჩნდა, ოთახში კი დუხაბორებთან შესახვედრად ბევრ ხალხს მოეყარა თავი, ოთახში შესასვლელად პირველივე ჩემთან ახლოს მდებარე კარი გამოვიყენე და კარის სიახლოვეს კედლის გასწვრის გაყოლებული გრძელი სკამის კიდეზე ჩამოვჯექი, შეხვედრა დაწყებული იყო და მოსაუბრეთათვის ხელის შეშლა არ მინდოდა.

samlocvelo2-1653914806.jpg

ყურადღება მაშინვე დუხაბორ ქალებზე შევაჩერე თუმცა მათი საუბარი ხმამაღალი შეძახილების გამო ვერ გავიგე. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, ფართო დარბაზში შემოსასვლელად ვერც კარი ამირჩევია სწორად და ვერც სკამი დასაჯდომად, ყველა მოპირდაპირე სკამისკენ მიმითითებდა, მივხვდი, რომ ქალები, მეორე მხარეს ისხდნენ, სკამზე კი რომელზეც მე დავიკავე ადგილი მხოლოდ მამაკაცები განლაგებულან.

ოთახი, სადაც დუხაბორები კვირაობით სალოცავად იკრიბებიან"დააკვირდით ამ დარბაზში ორი კარი შემოდის, სკამებიც ერთმანეთის პირისპირ არის განლაგებული"- ჩვენს ყურადღებას იქცევს შეხვედრაზე მოსული დუხაბორი ქალი, -" კვირას გამთენიისას, როდესაც აქ სალოცავად მოვდივართ მარცხენა კარიდან მამაკაცები შემოდიან, მარჯვნიდან კი ქალები, ისინი ადგილებსაც შესაბამის სკამებზე იკავებენ. ეს ყველაფერი კი იმისთვის ხდება, რომ ისინი ერთმანეთს არ შეეხონ"- გვეუბნება ტატიანა სვეტლიშევა, რომელიც, როგორც გავარკვიე, მგალობელი და გორელოვკაში დარჩენილ დუხაბორებში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ქალბატონია.

samlocvelo5-1653914834.jpg

შეხვედრაზე მოსული დუხაბორები, მათ ისტორიაზე, საქართველოში გადმოსახლებაზე, კანადაში შემდგომ ემიგვრაციაზე, რწმენასა და ტრადიციაზე გვიყვებიან.

"ყველა ერთმანეთის და-ძმა უნდა იყოს. ყველაფერი სუფთად უნდა იყოს, როგორც სახლში ჰიგიენური თვალსაზრისით, ასევე ურთიერთობაში და ზოგადად ყველგან. დუხაბორები თვითონ ლოცულობენ შუამდგომლის გარეშე და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმასხვავებელია მართლმადიდებელ ქრისტიანებთან. არ გვყავს სასულიერო პირები."- გვეუბნება დუხაბორების-ერთ-ერთი წარმომადგენელი იური სტრუგოვი.

როგორც დუხაბორებმა გვითხრეს მათ არ აქვთ ხატები, არ ატარებენ ჯვრებს რადგან, როგორც თვითონ განმარტავენ, ღმერთი გულშია და არა გულზე. იმის გამო, რომ სასულიერო პირი არ ჰყავთ, ნათლობის ცერემონიასაც თავად ატარებენ, - "როდესაც ადამიანი სრულწლოვნებას აღწევს, მოდის, ლოცულობს, ქედს იხრის და ამგვარად საკუთარ თავს ღვთის სიტყვით თავადვე ნათლავს, ჩვენ ასე გვაქვს" - ამბობს კიდევ ერთი მგალობელი ტატიანა.

tradiciuli-tansacmeli-1653914866.jpg

კვირას გამთენიისას მზის ამოსვლისთანავე ლოცვას იწყებენ, ფსალმუნებს კითხულობენ და გალობენ. მათ საკვირაო ლოცვაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დასწრება, მთავარია შესაბამისად ეცვას, ქალების შემთხვევაში ქვედაბოლო და თავშალი. თვითონ სპეციალურად ამ დღისთვის განკუთვნილ ტრადიციულ ტანისამოსს იცვამენ, რომელიც ქალების შემთხვევაში ქვედაბოლოსგან, მაისურისგან, მოსაცმელისგან, თავშალისა და ქუდისგან შედგება, ყველაფერი ფერადი და მოქარგულია, თვითოეულ ნაქარგს კი თავისი მნიშვნელობა აქვს, რომელსაც რწმენის სხვა საფუძვლებთან ერთად დუხაბორები შთამომავლობას ზეპირსიტყვიერად გადასცემენ. ტრადიციულ ტანსაცმელს იცვამენ ქორწილისა და დაკრძალვისთვისაც, ერთ შემთხვევაში ფერები თუ უფრო ნათელი და მხიარულია, მეორე შემთხვევაში, უფრო მუქი და სერიოზული, თუმცა ყვავილები, მათ ნებისმიერ სამოსზეა ამოქარგული.

"ობოლთა თავშესაფარში", როგორც ლოცვისთვის განკუთვნილ ადგილს თავად დუხაბორები მისი უძველესი ისტორიის გამო მოიხსნიებენ, შეკრებილი დუხაბორები ახლაც ჩქარობენ, ბორჯომში დაკრძალვაზე მიცვალებულისთვის პატივის მისაგებად მიდიან, ნაწილი კი კანადელი სტუმრების დასახვედრად ემზადება, რომლებიც გორელოვკაში მათთვის წმინდა ადგილების მოსალოცად თითქმის ყოველ წელს ჩამოდიან.

ლოცვისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც დუხაბორები, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტადაც იკრიბებიან, ყველა დეტალი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ დროის დინებას ავცდი, უკან რომ მოვიხედე ოთახიც და ეზოც ცარიელი იყო.

satburi-1653914910.jpg

გარეთ გამოვედი და იმ შინდისფერ მაღაზიასთან მისასვლელად გადავჭერი გზა, სადაც ადგილობრივები დროის გასაყვანად შეკრებილან. კართან მოხუცი მამაკაცი იდგა, როგორც მოგვიანებით გავარკვიე მაღაზიის მფლობელი ალექსეი ბაბაჯანიანი. ვკითხე რომელიმე დუხაბორის სახლამდე გზას თუ მიმასწავლიდა. პასუხი რუსულად დამიბრუნა, შვილიშვილს კი რაღაც სომხურად უთხრა, სავარაუდოდ უთხრა წაიყვანეო, რადგან მალე შვილიშვილი მაღაზიასთან მანქანით მოვიდა და დახმარება შემომთავაზა. გორელოვკა იმითაც არის გამორჩეული, რომ აქ რუსი დუხაბორების პარალელურად ეთნიკურად სომხები და აჭარელი ეკომიგრანტებიც ცხოვრობენ. თანაცხოვრებისთვის მათ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა უწევთ.

ალექსეი ბაბაჯანიანის შვილიშვილმა მანქანა ერთ სახლთან გამიჩერა და შიგნით შეიხედა, სტუმრის დასახვედრად ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ტატიანა სვეტლიშევა გამოვიდა და მაშინვე შიგნით შემიპატიჟა.

"აქ თავს მეურნეობით ვირჩენთ, მოგვყავს ყველაფერი რისი მოყვანაც შეგვიძლია, კარტოფილი, სხვა ბოსტნეული, საქონელიც გვყავს, მე სახლში ერთი ძროხა მყავს, სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო დიდ მეურნეობას ვუძღვებოდით, ახლა მარტო დავრჩი",- მეუბნება ტატიანა და თავის ბოსტანსა და სათბურს მაჩვენებს.

tatiana-qudit-1653914928.jpg

ეზოში ორსართულიანი დიდი სახლი დგას, თუმცა რუსულს ნამდვილად არ ჰგავს, ქვით ნაშენი, ქართველებისთვის ძალიან ნაცნობი საცხოვრებელია. დიასახლისი უწესრიგობისთვის ბოდიშს მიხდის და მიხსნის, რომ მისმა ვაჟმა სახლის რემონტი წამოიწყო, თუმცა ახლა სამუშაოდ რუსეთშია წასული, ისევე როგორც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილი.

ტატიანა სვეტლიშევა თავის ეზოშიტატიანა 60 წლისაა, 3 შვილი და 6 შვილიშვილი ჰყავს. მათი ისტორიების მოყოლისას ხვდება, რომ ათასჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობს და კომპიუტერს რთავს, ფოტოების საქაღალდის პოვნას ცდილობს: "ჩემი შვილიშვილი, რომ მოდის ყველაფერს თავის ჭკუაზე აწყობს კომპიუტერში და მე ვეღარაფერს ვპულობ"- გვიხსნის ქალი და კომპიუტერს სასურველი ფაილის პოვნის იმედად მისჩერებია. მალე პოულობს და სლაიდერს რთავს, თითოეულ ფოტოს თავისი ისტორია აქვს, ყველა მოგონების უკან უკვე სევდა იმალება.

თავის შვილთან, შვილიშვილებთან, ნათესავებთან და ახლობლებთან, რომლებიც ახლა რუსეთში ცხოვრობენ, ტანია დეიდა, როგორც მას სოფელში იცნობენ, Skype-თ ეკონტაქტება. გვეუბნება, რომ სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკში" მას თავისი გვერდიც აქვს და დუხაბორების ჯგუფშიც არის გაწევრიანებული, რომელსაც ჯამში 1,1 ათასი წევრი ჰყავს. ამ ჯგუფის საჩვენებლად და კიდევ იმისთვის, რომ დუხაბორების გალობა მოგვასმენინოს Wi-Fi-ს რთავს. დუხაბორების მგალობელი გვეუბნება, რომ მათ სულ 200-მდე ფსალმუნი აქვთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ზეპირად არ იციან.

"აქამდე ფსალმუნებს ერთმანეთს ზეპირად გადავცემდით, ახლა მათ უკვე დისკებზე ვწერთ. თუ ზაფხულში მთელი დღე ზამთრის სამზადისში და მოსავლის მომარაგებაში გადის, ზამთრის თვეებს ფსალმუნების დაზეპირებაში ვატარებთ, ერთი ფსალმუნის სწავლას ფაქტობრივად მთელს ზამთარს ვანდომებთ, კვირაში 4-5-ჯერ 2 საათის განმავლობაში ვხვდებით და ფსალმუნებს იმ ქალის შემდეგ ვიმეორებთ, რომლებმაც ის იცის"- გვეუბნება ტატიანა ძველი რუსული დიალექტით.

ტატიანა სვეტლიშევა გვაჩვენებს ქუდს, რომელიც ტრადიციული სამოსის ნაწილია და მის თითოეულ ფერსა და ნაქარგს განმარტავსფსალმუნებსაც და ტრადიციებსაც ის უკვე თავის შვილიშვილებს გადასცემს, რომლებიც სალოცავად მასთან ერთად ტრადიციულ სამოსში გამოწყობები დადიან.

"ეს ყველაფერი ჩვენი მოქარგულია"- გაჩვენებს ტატიანა იქვე დივანზე მიფენილ ტანსაცმელზე და ყურადღებას იმ ქვედებოლოზე ამახვილებს, რომელიც მის დიდ ბებიას ეკუთვნოდა და ახლა უკვე საუკუნეს ითვლის.

yaryatebi2-1653914972.jpg

შთაბეჭდილებებით დატვირთულმა გარეთ რომ გამოვედი ცას ავხედე და იქ ყოფნის განმავლობაში პირველად ლამპიონზე უზარმაზარი ბუდე და მასში მჯდომი ყარყატი დავინახე. გაკვირვება რომ შემნიშნა, ტატიანამ ამიხსნა, რომ ყარყატები ადრეულ გზაფხულზე მოფრინავენ და მოსავლიან წელს მოასწავებენ. იმასაც მეუბნება, რომ ზოგჯერ ყარყატებისთვის საჭმელსაც ტოვებს, რომ მათ თავის გამოკვებაში დაეხმაროს.

"ასე ვუმკლავდებით ცხოვრებას ჩვენ და ყარყატები"- გვეუბნება ტატიანა, გვემშვიდობება და კიდევი ერთი გასტუმრებული ტურისტებივით გვიყურებს.

ავტორი: სალომე აბულაშვილი

myquiz