„მამა შვილს ხელში არ აიყვანდა, თუნდაც იგი ბანიდან ძირს ვარდებოდეს"- ბავშვის აღზრდის უჩვეულო ქართული ტრადიციები, რომლებიც დავიწყებას მიეცა | Allnews.Ge

„მამა შვილს ხელში არ აიყვანდა, თუნდაც იგი ბანიდან ძირს ვარდებოდეს"- ბავშვის აღზრდის უჩვეულო ქართული ტრადიციები, რომლებიც დავიწყებას მიეცა

სხვადასხვა ეპოქაში, ბავშვის აღზრდის მეთოდები განსხვავებული იყო. განსხვავდებოდა ასევე მთისა და ბარის ტრადიციებიც. საქართველოში იშვიათი არ იყო აკვანში მწოლარე ბავშვების დანიშვნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აკვნის ბავშვი საქორწინო სუბიექტს წარმოადგენდა. ეს მოვლენა საზოგადოებაში ბავშვისადმი დამოკიდებულების თავისებურებაზე მეტყველებს. ზოგადად, ტრადიციულ ქართულ საზოგადოებაში ბავშვი, ჩვილიც კი, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ითვლებოდა. მას არ აღიქვამდნენ უსქესო და უსუსურ არსებად.

ძველად, საქართველოში ბავშვს ისევე სცემდნენ პატივს, როგორც მოზრდილს. მათი ინტელექტუალური განვითარება თანდათანობით და ძალდაუტანებლად ხდებოდა. შესაბამისად, მათი დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრირებაც თანმიმდევრულად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა.

5ce2fcbf-0043-402c-9c4c-e5e6b0866ba2-1647958939.jpg

აკვნად ქორწინების რიტუალის შემდგომ (სარძლო და სასიძო) გარკვეულ დამატებით სტატუსს იძენდნენ და მათი არსებობის მნიშვნელობას, როგორც საზოგადოების საჭირო წევრებისა, უფრო მეტად ესმებოდა ხაზი.საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ბავშვს ადრეული ასაკიდანვე პასუხისმგებლობასა და მოზრდილი ადამიანის სხვა თვისებების გამომუშავებას აჩვევდნენ, იმავდროულად, ბავშვებზე ზრუნავდნენ და განსაკუთრებულად იცავდნენ. ბავშვი ამ საზოგადოებაში საყოველთაო დაცვის სუბიექტი იყო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვის სიცოცხლის ხელშეუხებლობა. „ბავშვის მოკვლა ძალიან სირცხვილია. ვინც ბავშვს მოკლავს, მას სამუდამოდ შეარცხვენენ, თემ-სოფელში დარჩება სასირცხო საყვედურად“. ასეთ შემთხვევაში იტყოდნენ - „ყმაწვილს რაღა მოკვლა უნდა უიარაღოს, რის ეშინოდა, ყმაწვილს რომ კლავდაო“.საქართველოს მთის ზოგიერთ მხარეში გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი, რაც დაზარალებულის მხრიდან შეურაცხყოფის საპასუხო რეაქციას, შურისძიებას (სისხლი სისხლის წილ) გულისხმობდა. ამ შემთხვევაშიც ბავშვის სიცოცხლის უფლებას ადათი იცავდა.

ბავშვზე ზრუნვას მისი ჩასახვისთანავე იწყებდნენ. ყოველივე ძირითადად მის ფიზიკურ გადარჩენას უკავშირდებოდა. ფეხმძიმე ქალი გარკვეულ აკრძალვებს ემორჩილებოდა და ბავშვის სასურველი განვითარებისკენ იყო მიმართული. ეს აკრძალვები ზოგ შემთხვევაში ქალის ოჯახის სხვა წევრებზეც ვრცელდებოდა. (მაგალითად, ფეხმძიმეს არ უნდა ეყურებინა მომაკვდავისთვის, ხოლო მის ქმარს მონაწილეობა არ უნდა მიეღო მიცვალებულის დამარხვაში; ღორის დაკვლისთვის არ უნდა ეცქირა ფეხმძიმეს და სხვა). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თვეში ჩამდგარ ფეხმძიმე ქალს ქოხ-სამრევლოში თან მიჰქონდა დაშნა, ნაცარი და ღორის კბილი.

ისინი ეშმაკისგან დამცავ საშუალებებად იყო მიჩნეული და ფართოდ გამოიყენებოდა. ხევსურები თვლიდნენ, რომ ავი და ბოროტი ძალები განსაკუთრებულად სწორედ ბავშვებს ერჩოდნენ. ზრუნვა კიდევ უფრო ძლიერდებოდა ბავშვის დაბადების შემდგომ. განაგრძეთ კითხვა

myquiz