"მთელ კამპუსში მცნობდნენ, როგორც "საქართველოს მარიამს"... გაოგნებულები იყვნენ ჩემი ჩინური რეპით" - ქართველი გოგონას ჩინური თავგადასავლები და წარმატება
"მე მარიამ ფაცურია ვარ, 22 წლის, თბილისიდან" - ასე გაგვეცნო მარიამი, რომელიც მის მიერ ჩინეთში მიღწეულ მრავალმხრივ წარმატებებზე გვიამბობს:
- ერთ მშვენიერ დღეს, 15 წლის ასაკში სკოლაში გაკვეთილის მსვლელობისას ქართველი და ჩინელი პედაგოგები შემოვიდნენ და განაცხადეს, რომ ჩვენს სკოლაში ჩინური ენის სწავლა იწყებოდა... ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და ჩემში დიდი აღტაცება, ინტერესი გამოიწვია. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს ჩინეთიდან ჩამოჰყავდა ჩინელი პედაგოგები და თბილისის დაახლოებით 13-15 საჯარო სკოლაში იყვნენ განაწილებული. მოსწავლეები გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სურვილისამებრ, რჩებოდნენ და სწავლობდნენ ამ ენას, ეცნობოდნენ კულტურას, ისტორიას და ა.შ...
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩინური ენა ტონალური ენაა და მათი დაცვის გარეშე შეუძლებელია ჩინელ ადამიანთან საუბარი წარმართო. პირველივე გაკვეთილზე ჩემმა ჩინელმა მასწავლებელმა - ლინგმა აღნიშნა, რომ წმინდა და კარგი ტონები მქონდა. ამ სიტყვებმა ცხადია, დიდი მოტივაცია მომცა. დავიწყე აქტიურად სწავლა და ჩემდა გასაკვირად, მალევე მივაღწიე უამრავ წარმატებას...
- ჩინეთში სასწავლებლად როდის გაემგზავრეთ?
- სწორედ სწავლის დაწყებიდან პირველივე წელს თავისუფალი უნივერსიტეტის, კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში "ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მივიღე, მეორე ადგილი მოვიპოვე და ჯერ პეკინში გავემგზავრე, შემდეგ - იუნანის პროვინციის დედაქალაქ ქუნმინგში ორი კვირით, ფინალურ კონკურსში, საქართველოს წარსადგენად. აქ ასევე იმყოფებოდნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები.
ქუნმინგში პირველად მოვისმინე ავსტრალიელი მონაწილისგან ჩინური რეპი და ძალიან მოვიხიბლე. გადავწყვიტე, რომ მიუხედავად მუსიკალური განათლების არქონისა, მე შევძლებდი კიდევ უფრო უკეთ მემღერა და ყველა გამეოცებინა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე აქტიურად საკუთარ თავზე მუშაობა და დიდი შრომის შემდეგ შევძელი კიდეც ჩინური რეპის სწავლა, უამრავ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ყველა აღფრთოვანებული იყო, რადგან ჩინური ისედაც ძალიან რთული ენაა და ჩინელების აზრით, როდესაც ამ ენაზე უცხოელი რეპავს, ეს უკვე საოცრებაა.
ამასობაში ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე და დამატებითი სპეციალობად ავირჩიე შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების რეგიონმცოდნეობა - სინოლოგიის განხრით. თსუ-ში გავაგრძელე ჩინური ენის სწავლა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი (რადგან სკოლაში ჩინელი პედაგოგები 3 წელი მასწავლიდნენ ჩინურს) და პარალელურად თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში ვსწავლობდი გაძლიერებულად. ამ ხნის განმავლობაში აქტიურად ვღებულობდი მონაწილეობას ჩინური სიტყვის გამოსვლის, ლექსის მხატვრულად წაკითხვის, იეროგლიფების წერის, სიმღერის კონკურსებში და წარმატებით ვიღებდი პირველ, მეორე ან მესამე ადგილებს.