ტრაგიკული სახლი, რომელშიც თბილისელი ქველმოქმედის ოჯახი ცხოვრობდა- რა ისტორიას ინახავს სახლი აბანოთუბნიდან | Allnews.Ge

ტრაგიკული სახლი, რომელშიც თბილისელი ქველმოქმედის ოჯახი ცხოვრობდა- რა ისტორიას ინახავს სახლი აბანოთუბნიდან

დრო გადის, თაობები მიდიან და მოდიან... ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, კვდებიან... ეს ჩვეულებრივი მოვლენაა... ისტორია და სიკვდილი ხარკს ერთნაირად ითხოვს და იღებენ კიდეც. ხშირად მიფიქრია, რამდე უცნობ ისტორიას, იმედგაცრუებას თუ ბედნიერებას, სიხარულს თუ დარდს ინახავს თბილისი. მინდა ერთი უცნობი ისტორია მოგიყვეთ სახლზე და მის ბინადრებზე, რომელიც აბანოთუმანში, ბააზოვის 5 ნომერში მდებარეობს. სახლი ძველებური აივნებით არის გარეშემორტყმული, საიდანაც ულამაზესი თბილისური ხედები იშლება. დანარჩენს ოჯახის დიასახლისი ნონა სოსანაშვილი მოგითხრობთ.

45198397-1960277410688581-5307805448655601664-n-1639644978.jpg

სახლის დიდ ისტორიას ქალბატონი ნონა აგრძელებს

- ბაბუაჩემის მამა, ჰასან რაფიოღლი საქართველოში 1915 წელს დასახლდა. მან ეს ბინა 1917 წელს შეიძინა ვინმე კალი დავიდოვისგან, რომელსაც პირველ სართულზე ქონდა სათნოების სახლი. ამ ქალბატონს დიდი უბედურება დაატყდა თავს, გარდაეცვალა ვაჟი და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ სახლის გაყიდვა. საკუთრება შესაბამისი დოკუმენტით გაფორმდა, რომელიც ძველ რუსულადაა ჩაწერილი. შენობა-ნაგებობა აღრიცხულია 1910 წელს. ეს ბინა ყველაზე მაღალია და ყველაზე დიდია ამ უბანში.

45208143-2182424098680995-3149511050143989760-n-1639645037.jpg

ხედი ბინის აივნიდან

თბილისში ჩამოსვლამდე ბაბუას მამა ცხოვრობდა აზერბაიჯანში, ნახჩივნის რაიონში. საქართველოში იხსენიებოდა, როგორც გლეხი, თუმცა აზერბაიჯანში ძლიერი ფეოდალი იყო. მას ბაქოში მოუკლეს ახალგაზრდა ძმა. განაწყენდა და გადაწყვიტა საქართველოში წამოსულიყო საცხოვრებლად. მანამდე აზერბაიჯანში ქველმოქმედებას ეწეოდა, რის შესახებ წიგნიც არის გამოსული. აზერბაიჯანელები მას ჰასან ხეირიაჩს უწოდებდნენ.

ხეირი ჩვენ ვიცით, რომ სიკეთეს და მადლს ნიშნავს. მას ცოლად ჰყავდა დიდებული გვარიშვილის, აზიმოვას ასული.როდესაც აქ დასახლდნენ, შეეძინათ შვილები, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, რომელიც იყო დედაჩემის მამა. ბაბუას მამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას, ამიტომ თავის სამივე შვილს სათანადო განათლება მიაღებინა.

44996491-341968386577936-4823939986480955392-n-1639645074.jpg

ბაბუაჩემმა თბილისში ცოლად შეირთო ქართველი ქალი, გვარად შარაშენიძე, რომელსაც დედა ჰყავდა ქორქაშვილი-ჩიქოვანისა. როდესაც ბაბუაჩემის დედამ შეიტყო იმ ტრაგედიის შესახებ, რაც სახლის ყოფილ მეპატრონეს შეემთხვა, ქმარს სთხოვდა, სახლი გაეყიდათ და სხვაგან გადასულიყვნენ საცხოვრებლად, მაგრამ ის უარზე იყო. სულ მალე, მართლაც იგივე ტრაგედია გადახდათ თავს. ბაბუაჩემი მოულოდნელად, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბედნიეროდ, მამამისი არ მოესწრო შვილის დაღუპვას.

45163762-950670958475588-9189520212729266176-n-1639645134.jpg

ბაბუას მამა 1927 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე, რევოლუციის დრო, ამ სახლში ის თავს უყრიდა სხვადასხვა წარჩინებულ ადამიანებს. ერთ-ერთი მათგანი იყო ნარიმან ნარიმანოვი, რომლის სახლმუზეუმიც არის გრიშაშვილის ქუჩაზე. ის იყო ექიმი მკურნალი. მისი ინვენტარი, სამედიცინო იარაღები ინახებოდა ჩვენს სახლში.ვინაიდან ბაბუას მამა შეძლებული ადამიანი იყო, ომიანობის დროს მან თავშესაფრიდან წამოიყვანა ორი ობოლი, უსახლკარო ბიჭი, რომლებსაც უპატრონა, გაზარდა და როცა ისინი სრულწლოვნები გახდნენ, თავის გზას ეწივნენ. ჩემი დიდი ბაბუა საქართველოშიც აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას.მახსოვს ბავშვობაში, როცა გაიგებდნენ, რომ მე მისი შვილთაშვილი ვარ, დიდი პატივისცემით და მოწიწებით მექცეოდნენ.

- რას იხსენებდა თქვენი ბებია, დედა, რით იყო ეს სახლი გამორჩეული?

- ეს იყო ამ უბანში ყველაზე დიდი ბინა და ჰქონდა საოცარი ხედები. გარშემო სულ აივნები ერტყა, რომლებიც მთელს თბილისს გადაჰყურებდა და თვალწინ საოცარი ხედები იშლებოდა. მისი პირველი მეპატრონე იყო ძალიან მდიდარი ადამიანი. მას ერთდროულად ჰქონდა ბამბისა და რკინის სავაჭრო ობიექტები. საქონელი ჩამოსდიოდა ინგლისიდან და თბილისში ეწეოდა სავაჭრო საქმიანობას. პირველ სართულზე ჰქონდათ საჯინიბო და თავად ფაიტონით დადიოდა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz