"ნებისმიერ სტუმარს სიყვარულით და პატივისცემით ვხვდებით" - სტუმრად ომალოში მცხოვრებ ოჯახთან | Allnews.Ge

"ნებისმიერ სტუმარს სიყვარულით და პატივისცემით ვხვდებით" - სტუმრად ომალოში მცხოვრებ ოჯახთან

დღევანდელ სტატიაში დავით მოზაიძეს გაგაცნობთ, რომელიც ომალოს მკვიდრია და დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ მოიზიდოს უცხოელი ტურისტები, მოაწონოს საკუთარი კუთხე, სოფელი, მოხიბლოს მშობლიური ეზოთი, თუშური ტრადიციებით და სტუმართმოყვარეობით. მოკლედ რომ ვთქვათ, თუშეთის ტურისტულ განვითარებაში საკუთარი წვილი შეაქვს.

- მთასთან დიდი სიყვარული მაკავშირებს. როგორ შეიძლება მთა არ გიყვარდეს? ის ძალიან ძვირფასია ჩემთვის და აქ თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ.

260807564-400657181751534-3229929509845426841-n-1638176914.jpg

- მოგვიყევით სახლის ისტორია, რომელიც ომალოში გაქვთ და ულამაზეს წალკოტად, დასასვენებელ ადგილად აქციეთ.

- როცა სახლის აშენება გადავწყვიტე, მინდოდა, ტრადიციული თუშური მეთოდით ამეშენებინა. სახლის მშენებლობა ყველა საჭირო წესის დაცვით მიმდინარეობდა. მშენებლობისას გამოვიყენე სიპი ქვა, რომელსაც ვამზადებდით სოფლის მიმდებარე კარიერზე. ასევე, სამშენებლო მასალად გამოვიყენე ხე. რაც შეეხება ინტერიერს, ის ძველი სტილით მოვაწყე, და ასე შეიქმნა თუშური ტრადიციული სახლი. მინდა ეს სახლი აქ მოსულ თითოეულ ადამიანს ბედნიერებას და სიხარულს ანიჭებდეს. მოგეხსენებათ, განწყობის შესაქმნელად რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს.

260752249-4732808663462734-3051765911910156740-n-1638176936.jpg

- არაერთი ლამაზი მცენარე ხარობს თქვენს ეზოში. მათ ვინ უვლის?

- ჩვენს ეზოში თუ რაიმე მცენარე და ყვავილი ხარობს, ჩემი მეუღლის, თამუნას დამსახურებაა. დიდი სიყვარულით და რუდუნებით უვლის თითოეულ ყვავილს, მცენარეს და ნერგს.

260475030-653785352658771-1212656936625716387-n-1638176981.jpg

- ალბათ სტუმრებს კერძებსაც ტრადიციულს სთავაზობთ...

- ნებისმიერ სტუმარს სიყვარულით და პატივისცემით ვხვდებით. გვინდა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ, დატკბნენ ჩვენი ბუნების სილამაზით, ახლოს გაიცნონ ჩვენი ტრადიციები. რასაკვირველია, ვთავაზობთ უგემრიელეს თუშურ ტრადიციულ კერძებს.

- ამ საქმიანობაში მთელი ოჯახი ხართ ჩართული?

- დიახ, მთელი ოჯახი ვიღებთ მონაწილეობას და ვინაწილებთ საქმეს. ქალებს დიასახლისის ფუნქცია აქვთ შეთავსებული, სტუმრებს უმასპინძლდებიან, ხოლო კაცებს მომარაგების და ზედამხედველობის საკითხი გვაბარია.

- როგორც ვიცი ჯირითი გიყვართ. რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს?

- კი, ჯირითი ძალიან მიყვარს. ბავშობიდან ცხენზე ვზივარ და დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ენით აუწერელი გრძნობაა. ალბათ ვისაც ერთხელ მაინც უჯირითია, დამეთანხმება ამაში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz