„თეატრის შენობამ, არსებობის მანძილზე, არაერთი რთული დღე გამოიარა“  - უნიკალური შენობა სენაკში, რომლესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული | Allnews.Ge

„თეატრის შენობამ, არსებობის მანძილზე, არაერთი რთული დღე გამოიარა“  - უნიკალური შენობა სენაკში, რომლესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული

საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში არაერთი საინტერესო და გამორჩეული შენობა აშენდა. არქიტექტორები განსაკუთრებით გამოყოფენ ე.წ. სტალინურ პერიოდს, რომელიც პომპეზურობით გამოირჩევა.

საინტერესოა, რომ ამ პერიოდში აგებული შენობები არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ პატარა ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებშიც გვხვდება.

თეატრების, კულტურის სახლებისა თუ მსგავსი დანიშნულების სხვა შენობებს იმთავითვე გამოარჩევდით უხვად დეკორირებული ფასადებით. ფასადებზე შეხვდებოდით რელიეფურ, ჰორელიეფურ ჩანართებს, დიდ პანოებს, მუსიკალური საკრავების, მოცეკვავეთა, კომპოზიტორთა გამოსახულებებს.

ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო მაგალითია სენაკის თეატრი, რომელიც მდიდრული ორნამენტებითა და მოხატულობით საკმაოდ გამორჩეული შენობაა. თეატრის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ Allnews არქიტექტორსა და ინტერიერის დიზაინერს, ანი რატიანს ესაუბრა.

20210710-132618-1635252131.jpg

„1959 წლამდე (სანამ დღევანდელ თეატრს ააგებდნენ) თეატრალური დასი თავის წარმოდგენებს სასტუმროს შენობაში მართავდა. 1959 წელს, სენაკის ცენტრალურ მოედანზე დასრულდა თეატრის მშენებლობა, რომლის პროექტის ავტორი ვახტანგ გოგოლაძე გახლდათ. შენობის ინტერიერშიც და ექსტერიერშიც ვხვდებით სტალინური პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნებს. თეატრის დარბაზი წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა და 400 მაყურებელს იტევს.

20210710-130100-1635252183.jpg

შენობაში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა დანიშნულების არაერთ სივრცეს შეხვდებით. ვესტიბიულის და საკონცერტო დარბაზის ჭერი მოხატულია 1980 წელს, დიმიტრი ბარქაიას მიერ. ეს ადამიანი ერთი პერიოდი გახლდათ თეატრის დირექტორი. ვესტიბიულისა და საკონცერტო დარბაზის ჭერსა და კედლებზე ვხვდებით სხვადასხვა საკრავით წარმოდგენილ მუზათა გამოსახულებებს.“- აცხადებს ის.

248937784-187469383536044-7519366882114508524-n-1635253803.jpg

თეატრის შენობამ, არსებობის მანძილზე, არაერთი რთული დღე განვლო. ის ჯერ 1991 წლის მიწისძვრამ დააზიანა, შემდეგ კი 2008 წლის აგვისტოს ომმა, ამავე წელს თეატრს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2015 წელს დაიწყო სრული რეაბილიტაცია “ქართუ“ ჯგუფის მიერ. ნაგებობა იმ დონემდე იყო მისული, რომ სავარაუდოდ რამოდენიმე წელიწადში დაინგრეოდა.

20210710-130231-1635252221.jpg

სპეციალისტთა ჯგუფის, მხატვარ-რესტავრატორების მიერ გაწეულმა შრომამ ნამდვილად გამოიღო სასურველი შედეგი და დღეს თეატრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

20210710-130934-1635252260.jpg

„მიუხედავად იმისა, რომ ხორავას სახელობის თეატრზე ცოტა რამ არის ცნობილი იგი საინტერესო არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს, მეტად უჩვეულოს სენაკის განაშენიანებისთვის და ერთგვარ დომინანტადაც კი გვევლინება. ზემოთქმულიდან გამომდინარე საინტერესოა საკვლევად სტალინის პერიოდის არა მხოლოდ ისეთი ძეგლები, რომლებიც დიდ ქალაქებში იგებოდა არამედ ისეთებიც, რომლებიც შენდებოდა შედარებით მცირე ქალაქებსა თუ სოფლებში სადაც არც თუ მრავლად იყო მსგავსი მასშტაბის, ზომის შენობები და მეტად საინტერესო აქცენტს სვამდა ამგვარი შენობების აშენება ურბანულ ქსოვილში.

20210710-130942-1635252320.jpg

სენაკის მაგალითმა გვიჩვენა თუ რა საერთო ტენდენციები იყო გავრცელებული მხატვრულ-დეკორატიული გადაწყვეტის კუთხით სტალინის პერიოდში თეატრების, კინოთეატრების და სხვა მსგავსი დანიშნულების შენობების აგებისას. მიუხედავად იმისა, რომ სენაკის თეატრი 1950-იანი წლების მიწურულს აიგო იგი ატარებს აშკარად გამოხატულ სტალინური არქიტექტურისთვის სახასიათო ნიშნებს.

სენაკის თეატრის მაგალითზე ვნახეთ თუ როგორ რა პრინციპით იგებოდა და იმკობოდა მსგავსი დანიშნულების შენობები სტალინურ პერიოდში. როგორი იყო ექსტერიერისა და ინტერიერის მხატვრულ-დეკორატიული გადაწყვეტის თავისებურებები. საინტერესოა, რომ სენაკის ურბანული სივრცისთვის ასეთი უცხო ვიზუალის მქონე ნაგებობა არა მხოლოდ ჰარმონიულად ჩაეწერა გარემოში, არამედ სენაკის ურბანული ქსოვილის განუყოფელ ნაწილად კი იქცა.“- ანი რატიანი, არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი.

ფოტოების ავტორი: ანი რატიანი

myquiz