უნიკალური შენობა გურიაში, რომელიც განადგურების პირასაა | Allnews.Ge

უნიკალური შენობა გურიაში, რომელიც განადგურების პირასაა

„მიმდინარე წლის აგვისტოში დასვენება ოჯახთან ერთად გურიაში გადავწყვიტე. თავდაპირველად ახლოს მდებარე ტურისტულ ობიექტებს ვათვალიერებდით, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, რამდენიმე დღის შემდეგ კი სურვილი გაგვიჩნდა ისეთი ადგილები მოგვენახულებინა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ნაკლებადაა ცნობილი და შესაბამისად, ბევრი ხალხი არ სტუმრობს“- აცხადებს ხელოვნებათმცოდნე, ნინო ბარნაბიშვილი Allnews-თან საუბრისას.

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დიდი სურვილი მქონდა გურიაში არსებული ნაკლებად შესწავლილი კულტურული ობიექტები დამეთვალიერებინა. ამის შესახებ ვესაუბრე მიხეილ ძნელაძეს, რომელიც კარგად იცნობს გურიას.

მან დიდი სიხარულით გაგვიწია დახმარება და გვითხრა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომაში მდებარეობს საბჭოთა პერიოდში აშენებული კლუბი, რომლის მონახულებაც ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენთვის.

ჩვენც მომდევნო დღესვე მასთან ერთად გავემართეთ სოფელ შრომაში. პირველ შთაბეჭდილება ჩვენზე მწვანეში ჩაფლულმა მთა-გორიანმა სოფელმა მოახდინა, რომლის მსგავსსაც იშვიათად გადააწყდებით. რამდენიმე წუთში მივუახლოვდით კლუბის შენობასაც, რომელიც სამწუხაროდ არ ფუნქციონირებს და დაკელტილია. თუმცა, როდესაც ადგილობრივი წარმომადგენლებს ჩვენი იქ ყოფნის მიზეზი ვუთხარით, ისინი დიდი სიხარულით დაგვთანხმდნენ შენობის დათვალიერებაზე და მისი ისტორიაც გვიამბეს.

sofeli-shroma-jana-megrelishvilis-foto-1630333324.jpg

გურია, სოფელი შრომა

მინდა გითხრათ, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ გურის ერთ-ერთ სოფელში ასეთ უნიკალურ და საინტერესო შენობას გადავაწყდებოდი“- გვიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს ნინო ბარნაბიშვილი.

img-20210824-165209-01-1630333367.jpeg

img-20210824-170840-1630333393.jpg

გთავაზობთ საინტერესო ცნობებს შრომის კლუბის შესახებ, რომლებიც ინტერნეტ-წყაროებში და ადგილობრივებთან საუბრისას შევაგროვეთ.

შრომა საბჭოთა კაშირის პერიოდში გურიის ერთ-ერთ მოწინავე სოფელი იყო, რაც დღესაც თვალსაჩინოა. აქ კლუბის აშენება 1956 წელს გადაწყდა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარის, სოციალისტური შრომის გმირის, საქართველოს სსრ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიხაკო ორაგველიძის დროს სოფელში არაერთი ღონისძიება ტარდებოდა. ამ შენობების აგებაც მის სახელთანაა დაკავშირებული.

faceapp-1629818496670-1630333444.jpg

დარბაზის მონუმენტური მხატვრობა შესრულებულია ქართველი ფერმწერ-მონუმენტალისტის, საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის რობერტ სტურუას მიერ. თაბაშირისგან გამოყვანილი დეკორატიული გაფორმების ელემენტები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით, შენობა სავალალო მდგომარეობაშია და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

img-20210824-165703-01-1630333477.jpeg ერთ-ერთი ადგილობრივი ზურაბ თადიეშვილი შენობის მოხატვასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს. კლუბის კედლებისა და ჭერის მოხატვის დროს რობერტ სტურუას სურდა მასზე რეალური პიროვნებები ყოფილიყვნენ გამოსახულნი.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ის ადგილობრივ გლეხებს დასახატად იწვევდა, რომლებიც დამღლელი სამუშაოს შემდეგ პირდაპირ თეატრში მიდიოდნენ და მხატვარიც მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემდა გურული გლეხების ყოფას- მათ გარეგნობას, სახის ნაკვთებს, ჩაცმულობას, ემოციებს და ა.შ.

img-20210824-165600-01-1630333714.jpeg

იმის მიუხედავად, რომ შენობის მოხატვიდან 70 წელზე მეტი გავიდა, ადგილობრივებს დღემდე ახსოვთ საკუთარი ბებიები და ბაბუები თუ მეზობლები, რომლებიც შენობის კედლებზე არიან გამოსახულები.

შენობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით Allnews ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს გაესაუბრა.

kote-meri-sharashenidze-1630333865.jpg

„ჩვენ საკუთარი ძალებით ყველაფერს ვაკეთებთ ამ ისტორიული შენობის შესანარჩუნებლად. რამდენიმე წლის წინ გადავხურეთ შენობა, რადგან წყალი ჩამოდიოდა. აღდგენით სამუშაოებში საჭიროა კომპეტენტური პირების მოძიება, რომლებიც შეისწავლიან შენობას, მის ამჟამინდელ მდგომარეობას და შეადგენენ სარესტავრაციო პროექტს..“-აცხადებს ის.

img-20210824-171046-01-1630333891.jpeg

„ეს შენობა ჩვენი ქვეყნის ისტორიას ასახავს და სწორედ ამიტომ მას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ადგილობრივები სიამოვნებით შეგვხვდნენ, გვესაუბრნენ სოფლისა და შენობის ისტორიაზე. ისინი იცავენ და უფრთხილდებიან მათი სოფლისთვის მნიშვნელოვან ნაგებობებს. საკუთარი სახსრებითა და ინიციატივით არაერთხელ შეაკეთეს შენობის დაზიანებული ნაწილები. იმედს ვიტოვებ, რომ სოფელ შრომაში არსებულ ამ უნიკალურ შენობას დროულად ჩაუტარდება სარესტავრავიო სამუშაოები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად იქცევა.“- აცხადებს ნინო ბარნაბიშვილი.

ბექა ბერიაშვილი

myquiz