ვარძიის კომპლექსმა ევროპული "ოსკარი" მიიღო | Allnews.Ge

ვარძიის კომპლექსმა ევროპული "ოსკარი" მიიღო

ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო - ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა. ამ პრიზს ხელოვნების სფეროში ევროპულ "ოსკარსაც" უწოდებენ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო - ევროპა ნოსტრას პრიზი ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილ სანომინაციო განაცხადი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სხვა 8 ნომინანტთან ერთად, რომლებიც კონსერვაციის კატეგორიაში სამაგალითო მიღწევებად დასახელდა.

2021 წლის გამარჯვებულები ონლაინ ღონისძიებაზე ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ევროკომისარმა მარია გაბრიელმა და ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ჰერმან პარცინგერმა დაასახელეს. დაჯილდოების გამარჯვებულები მემკვიდრეობის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიურისა და 30 ქვეყნის ორგანიზაციისა და ინდივიდუალური პირების ხმების საფუძველზე გამოვლინდნენ.

26 მაისიდან მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების მემკვიდრეობის მხარდამჭერ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამარჯვებული პროექტებიდან ხმის მიცემით გამოავლინონ „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი. ამ პრიზის ლაურეატი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე ოქტომბერში დასახელდება. აღნიშნულ თვეს გამოვლინდებიან ნომინაციების გრან პრის მფლობელებიც, რომლებიც ფულადი პრიზის სახით 10 000 ევროს მიიღებენ.

vardziared-1622189270.jpg

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, როგორც შუა საუკუნეების მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, აქტიურ სეისმურ რეგიონში მდებარეობის გამო დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა. კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მისი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და ფონდმა „ქართუმ“ ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონიტორინგის სისტემა და პროაქტიული კონსერვაციის პროექტი დააფინანსა. იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტ ISPRA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით წარიმართა.

vardziamodelireba-1622189269.jpg

საუკუნეების განმავლობაში ქანების ეროზიის ბუნებრივი პროცესები, სეისმურ აქტივობასთან ერთად, საფრთხეს უქმნიდა ძეგლის მთლიანობას. ბოლო წლების განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ კი უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა შექმნა. ადგილობრივი პროფესიონალებისა და მკვლევარების ცოდნისა და გამოცდილების ასამაღლებლად და მეთოდოლოგიური დახმარებისთვის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულნი იყვნენ ISPRA-ს ექსპერტები, რის შედეგადაც შეიქმნა კონსერვაციის ყოვლისმომცველი გეგმა. 2015 წლიდან 2019 წლამდე ვარძიაში ქვათაცვენისა და მეწყერების შესაჩერებლად არაერთი გადაუდებელი ღონისძიება ჩატარდა.

vardziareabilitacia-1622189270.jpg

ვარძიაში განხორციელებული საპილოტე პროგრამა ჟიურის მიერ შეფასდა როგორც გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად მყისიერი ზომების დანერგვის კარგი მაგალითი, რომელიც მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდა.

წარმატებულმა საპილოტე პროექტმა საფუძველი ჩაუყარა "კლდეში ნაკვეთი მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას", რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სხვა „კლდის ძეგლების“ გადარჩენას. ამ ტიპის საკონსერვაციო ინტერვენციებს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკვე ახორციელებს დავით გარეჯის, უფლისციხისა და ვანის ქვაბების კომპელქსებზე.

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მშენებლობა XII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო მეფე გიორგი III- მ და დაასრულა მისმა ქალიშვილმა, თამარ მეფემ. კომპლექსი გაშენებულია კლდის გასწვრივ, გადაჭიმულია 50 მეტრის სიმაღლეზე და დაახლოებით 800 მეტრი სიგრძეზე. ის შედგება რამდენიმე ასეული დამოუკიდებელი სათავსისაგან. XII საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის კედლის მხატვრობა ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და მნიშვნელოვანი ნიმუშია. კომპლექსი 1993 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში.

myquiz