"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ გიორგი კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა | Allnews.Ge

"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ გიორგი კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

2021 წლის 26 მაისს გენერალი კვინიტაძე ასწლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება სამშობლოს - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ მთაწმინდის პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით.

საგანგებოდ ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოვიდნენ გენერლის შთამომავლები, მათ შორის კინოსა და ტელევიზიის მსახიობი მარიამ დ'აბო, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალ დღეში" ისაუბრა, რამდენად ემოციურია მისთვის ეს დღე:

mariamdabofoto-1621958069.jpg

"ეს ქვეყნისთვის, ოჯახისთვის ძალიან ემოციურია... ბაბუაჩემს ყოველთვის ოცნებად ჰქონდა სამშობლოში დაბრუნება. ბებიაჩემიც, მარიამ მაყაშვილიც ოცნებობდა იმაზე, რომ დაბრუნებულიყო სახლში. საქართველოს დამოუკიდებლობის 103-ე წლისთავზე ხელისუფლებამაც, ოჯახმაც დიდი ძალისხმევა ჩადო მისი ნეშტის დაბრუნების საქმეში და ბაბუას ბოლო განსასვენებელი იქნება პანთეონი.

kvinitadze-1621958332.jpg

მე პატარა გოგონა, 8 წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა და შემდეგ აღმოვაჩინე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ამ ქვეყანაში, ჩემს ქვეყანაში. ბევრს ვიცინოდი ხოლმე მასთან ერთად, ის "მალინკა დუშკას" მეძახდა... ბაბუასგან გამომყვა იუმორი, შემართება, რწმენა, კეთილსინდისიერება, სულის სიმტკიცე და ერთგულება. იგი არასდროს ჩერდებოდა, სულ რაღაცას მასწავლიდა.

საქართველოს დატოვების შემდეგ, ის ყოველდღე კითხულობდა გაზეთებს, აინტერესებდა თუ რა ხდებოდა საქართველოში, მაშინ უკვე ვიცოდი, რას ნიშნავდა საბჭოთა რეჟიმი, კომუნიზმის შიში, ეს თითქოს ციხეში ყოფნა იყო და მე ამას ვგრძნობდი ბავშვურ ასაკშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის არაფერი მესმოდა.

generalikvinitadze-1621958113.jpg

მე მოხარული ვარ, რომ ახლა დემოკრატიულ საქართველოში ვიმყოფები და ამ ქვეყანას არ დაუკარგავს თავისი სულისკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმის მიერ იყო დაპყრობილი.

ბაბუამ და ბებიამ ძალიან რთული პერიოდი გამოიარეს, მაგრამ პარიზის გარეუბანში იყო ქართული თემი, რომლებიც საქართველოს ატარებდნენ გულში, აგრძელებდნენ ქართული დღესასწაულების აღნიშვნას საფრანგეთში, ცეკვავდნენ, თამადობდნენ, იხდიდნენ ქორწილებს, რომ ქართული სული ცოცხალი ყოფილიყო საქართველოს საზღვრებს გარეთ...

ბაბუა ამაყი იქნებოდა საქართველოთი, იმით, თუ რას მიაღწია ქვეყანამ დღეს და ის ახლა მშვიდობით განისვენებს საკუთარ სამშობლოში, ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - აღნიშნა მარიამ დ'აბომ "ახალ დღეში".

მარიამ დ'აბო ლონდონში, ნინო კვინიტაძისა და პიტერ კლოდ ოლანდ დ'აბოს ოჯახში დაიბადა. გენერლის შვილიშვილი ცნობილი მსახიობია, მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ბონდის გოგონას - კარა მილოვის როლმა აგენტი 007-ის შესახებ გადაღებულ ერთ-ერთ ფილმში "The Living Daylights".

mariamdabo-1621957843.jpg

mariamdabobond-1621957843.jpg

ბონდიანაში დ'აბომ ტიმოთი დალტონთან ერთად ითამაშა, მისი როლებიდან აღსანიშნავია ფილმი "ექიმი ჟივაგო", სადაც კირა ნაითლისთან ერთად თამაშობს და ა.შ. მარიამ დ'აბო ამჟამად მეუღლესთან, ბრიტანელ რეჟისორ ჰიუ ჰადსონთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.

myquiz