"დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, არ გამაჩნია საკუთარი ბინა... მაგრამ მაქვს..." - ვისთვის ემეტება ყველაზე ძვირფასი კოლექცია ნიკოლოზ რაჭველს | Allnews.Ge

"დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, არ გამაჩნია საკუთარი ბინა... მაგრამ მაქვს..." - ვისთვის ემეტება ყველაზე ძვირფასი კოლექცია ნიკოლოზ რაჭველს

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის თქმით, ხშირად უფიქრია რას დაწერდა ანდერძში და რას დატოვებდა მემკვიდრეობით, თუმცა, იმას რასაც ტოვებს არა მატერიალური, არამედ უფრო სულიერი ფასი აქვს და ეს მისი უნიკალური კოლეციაა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აგროვებს:

"ამ წუთის მონაცემებით დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, არ გამაჩნია საკუთარი ბინა, აქაც დროებით ვცხოვრობ... მაქვს ერთი ნახევრადდანგრეული სახლი რაჭაში და ავტომანქანა, რომელიც მატერიალურად რომ შევაფასოთ, ალბათ ყველაზე ძვირია რაც გამაჩნია, ასევე ელექტრო პიანინო. სამაგიეროდ, მაქვს ძალიან ძვირფასი აუდიოკოლექცია კომპაქტდისკების. როცა სტუდენტი ვიყავი, სტიპენდია იქნებოდა, თუ საკუთარი შრომით მიღებული შემოსავალი, იხარჯებოდა ამ დისკების შეძენაში.

ამიტომ, ამ ჩემს სანოტო და აუდიო კოლექციას, სიამოვნებით გადავულოცავ ახალგაზრდებს, ჩემს კოლეგებს. ხშირად მიფიქრია, რომ მათ შორის წინა პლანზე იქნება ცოტნე ზედგინიძე (11 წლის ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც ნიკოლოზ რაჭველის აღმოჩენად ითვლება. ავტ.), ვისთვისაც გამემეტება ყველაფერი. გუსტავ მალერის პარტიტურას კი, რა თქმა უნდა სვიმონს (სვიმონ ჯანგულაშვილი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი, ავტ)" - აღნიშნა რაჭველმა "პირველი არხის" გადაცემა "ახალი დღის" ეთერში.

rachvelizedginidzeee-1620723617.jpg

მანვე ინტერვიუში გაიხსენა ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს მის ცხოვრებაში და მათ შორის პირველ ადგილზეა მუსიკის გენიოსი გია ყანჩელი:

"გია ყანჩელის თვისებების უმრავლესობა არის ისეთი, როგორიც მე არ გამაჩნია და აბსოლუტურად განვსხვავდები მისი ხასიათისგან, ის გაცილებით უფრო პრინციპული, ზოგ შემთხვევაში მკაცრი, ძალიან ორგანიზებული და პუნქტუალური იყო... საოცარი სიყვარულის გამოხატვა იცოდა, აბსოლუტურად არაზედაპირული ფორმებით... და ეს გაცილებით უფრო მძაფრად აღსაქმელი და დასაფასებელი იყო, რაც ძალიან მენატრება... საქმეში სხვა თვითდისციპლინა გააჩნდა, რომელშიც ბედნიერი ვიქნები თუ დავემსგავსები, მაგრამ ჩემი დნმ ამის საშუალებას არ მომცემს...

yanchelirachveli-1620723633.jpg

ფაქტი ერთია, დღეს თუ ჩემს თავს შევეკითხები და გულწრფელ პასუხს გავცემ - ვინ მენატრება ყველაზე მეტად, დედაჩემთან ერთად, გია ყანჩელია ეს ადამიანი" - აღნიშნა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა.

myquiz