დაწყევლილი ფარაონი, რომლის შესახებ 3000 წელი არაფერი იყო ცნობილი- ფარაონი, რომელმაც მრავალღმერთიანობა უარყო და რელიგიური რეფორმები გაატარა | Allnews.Ge

დაწყევლილი ფარაონი, რომლის შესახებ 3000 წელი არაფერი იყო ცნობილი- ფარაონი, რომელმაც მრავალღმერთიანობა უარყო და რელიგიური რეფორმები გაატარა

ეხნატონი — იგივე ამენჰოტეპ IV, მეათე ფარაონი XVIII დინასტიიდან, ამენჰოტეპ III-ისა და დედოფალი ტიიას მეორე ვაჟი გამოჩენილი პოლიტიკოსი და ცნობილი რელიგიური რეფორმატორი იყო, რომლის მმართველების პერიოდში, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდა ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ძვ. წ. 1353 წელს ეგვიპტის სამეფო ტახტზე 15 წლის ამენჰოტეპ IV ავიდა და თავი ფარაონად გამოაცხადა.

akhenaten-egypt-alexandria-national-museum-1620665762.jpg

ამენჰოტეპ IV ცნობილია როგორც მასშტაბური რელიგიური რეფორმების გამტარებელი ფარაონი. მან უარყო მრავალღმერთიანობა და თავი სხივოსანი ატონის თაყვანისმცემლად გამოაცხადა, რომელიც მზის დისკოს განსახიერებას წარმოადგენდა. მან სახელმწიფო რელიგიად ატონიზმი (ატონის კულტი) გამოაცხადა, რომლის სიმბოლო ადამიანი იყო, შევარდნის თავით და თავზე მზის დისკოთი. ატონის კულტი ჯერ კიდევ ამენჰოტეპ III დროს იყო გავრცელებული, როგორც ერთ–ერთი ღმერთი, მრავალღმერთიანთა სახელმწიფოში და რა თქმა უნდა, თავისი მიმდევრებიც ჰყავდა.

ახალგაზრდა ფარაონის რელიგიურმა რეფორმამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ეგვიპტის ქურუმებს შორის, ხოლო როდესაც ამენჰოტეპ IV ბრძანებით, თებეში, ქალაქის მფარველი ღმერთის, – ამონის ტაძრის გვერდით, ატონის ტაძარი ააშენეს, ქურუმები ფარაონს ღიად დაუპირისპირდნენ და ის ერესში დაადანაშაულეს. ეს მისი მმართველობის მეორე წელს მოხდა.

unnamed-1620665791.jpg

ქურუმებთან ასეთი დაპირისპირების მიუხედავად, ფარაონი უკან დახევას არ აპირებდა, რადგან თვლიდა, რომ ატონი ერთადერთი ღვთიური საწყისი იყო, ხოლო ყველა სხვა კულტი, გაქრობას საჭიროებდა.

თქვა და ასეც მოიქცა. ატონის ტაძრის დასრულების შემდეგ, მან ქურუმები დაითხოვა და ყველა ტაძრის დახურვის განკარგულება გასცა. უფრო მეტიც, მან უარი თქვა საკუთარ სახელზე – ამენჰოტეპზე («ამონი კმაყოფილია») და ეხნატონი («ატონის მსახური») დაირქვა.

რელიგიური რეფორმის პარალელურად, ის მდ. ნილოსის აღმ. სანაპიროზე ახალ ქალაქს აშენებდა, რომელსაც აჰეტატონი («ატონის საბატონო» – დღევანდელი ელ–ამარნა) უწოდა და თავისი მმართველობის VI წელს, ქვეყნის დედაქალაქი თებედან ახლად დაარსებულ ქალაქში გადაიტანა.

2019072917375273439-1620665822.jpg

ახალი დედაქალაქი იმით განსხვავდებოდა ძველისგან, რომ იქ შენობები და ტაძრები ბევრად უფრო დიდი და ნათელი იყო, ხოლო კედლები ლამაზი, ხასხასა ფერის ნახატებით იყო დამშვენებული. ქალაქში ჩასულ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, თითქოს ქალაქი გრანდიოზული დღესასწაულის მოლოდინში იყო.

მმართველობის IX წელს ეხნატონმა მონოთეიზმის დანერგვის საქმეში, უფრო რადიკალური და გაბედული ნაბიჯები გადადგა. მან ოფიციალურად აკრძალა სხვა ღმერთებისადმი თაყვანისცემა და ყველა კულტის და სიმბოლოს განადგურება ბრძანა. ასეთ რეფორმას ანალოგი არ ჰქონია ძველ მსოფლიოში. ძველი წყაროების მიხედვით, რადიკალური რეფორმების მიზეზი, ფარაონის ერთი ღმერთისადმი თაყვანისცემის გარდა, ისიც იყო, რომ მას თებელი ქურუმების ზეგავლენის მოშორება უნდოდა, რომლებიც იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ საკუთარ ნებას ფარაონებსაც კი კარნახობდნენ. ისინი საკუთარ თავს ღმერთებსა და ადამიანებს შორის შუამავლებად მიიჩნევდნენ და ყველას ეგვიპტეში, – ფარაონიდან დაწყებული, გლეხით დამთავრებული, საკუთარი შემოსავლის გარკვეული ნაწილი თებეს ქურუმების ხაზინაში უნდა შეეტანა.

2019072916224273439-1620665852.jpg

ეხნატონის მიერ გატარებული რეფორმის შემდეგ, ძველმა ქურუმებმა გავლენა და ქვეყნის მართვის სადავეები დაკარგეს. მათი ადგილები შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომა დიდგვაროვნებმა დაიკავეს და ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის, ფარაონი იყო, რომელსაც ქურუმები ემორჩილებოდნენ.

2019072618391473439-1620665889.jpg

ეხნატონმა ასწლეულების მანძილზე დამკვიდრებული ქვეყნის მართვის სისტემა შეცვალა და დღეს რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორი მწვავე რეაქცია ექნებოდათ მის რეფორმებზე ძველ ქურუმებს, დიდგვაროვნებს და უბრალო მოქალაქეებს, რომლებსაც ფარაონის რჩეულ ღმერთზე ლოცვის სურვილი არა ჰქონდათ... შესაძლებელია სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ეხნატონმა ქვეყნის დედაქალაქი, თებედან 300 კმ-ის დაშორებით, სრულიად დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილზე გადაიტანა და ყველასგან მოშორებით, ნამდვილი სამოთხე შექმნა დედამიწაზე. ამარნული პერიოდი (ტერმინი ეგვიპტოლოგიაში, რომელიც ეხნატონის მმართველობის და მისი მიმდევრების – ძვ. წ. აღრ. XIV—XIII სს. პერიოდს აღნიშნავენ) ძველი ეგვიპტური კულტურის უმაღლეს ფორმად ითვლება. მაშინ შეიქმნა ქვეყანაში ხელოვნების გასაოცარი შედევრები, რომელთა შორის აღსანიშნავია, თუტამოს უმცროსის მიერ შექმნილი, ეხნატონის მეუღლის – ნეფერტიტის სკულპტურული პორტრეტი.

akhenaten-and-nefertiti-bas-relief-1cd27fccde0342a9b11f3e5b510d8749-1620665951.jpg

17 წლიანი მეფობის შემდეგ, ეხნატონი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი თარიღი (1336 – 1334) და მიზეზი ცნობილი არ არის, სავარაუდოდ, მოწამლეს. მისი სიკვდილის შემდეგ, ტახტზე სმენხკარა ავიდა, რომელიც ეხნატონის და ნეფერტიტის უფროსი ქალიშვილის (ეხნოტონს და ნეფერტიტის 6 ქალიშვილი ჰყავდათ) – მერიტატონის მეუღლე იყო. 2 წლის შემდეგ, ფარაონი გარდაიცვალა და ტახტზე ტუტანჰამონი (1332 – 1323 წწ.) ავიდა. ერთი ვერსიით, ის ეხნოტონის დის შვილი იყო. თუმცა, არსებობს წყაროები, რომლის მიხედვით, ტუტანჰამონი თუტამოს უმცროსის და ნეფერტიტის შვილი იყო (დაიბადა 1341 წელს და ის 9-დან ერთ-ერთი შვილია, ეხნატონის შვილებს, თუ სავარაუდო შვილებს შორის).

ტუტანჰამონმა, ტახტზე ასვლის შემდეგ, მაღალჩინოსანი დიდებულების და ქურუმების ზეწოლით, უარი თქვა თავისი წინამორბედის — ეხნატონი ერესზე და სამეფო კარი მენფისში — ეგვიპტის უძველეს დედაქალაქში გადაიტანა. განაგრძეთ კითხვა

myquiz