თოჯინების და გემების მუზეუმი სახლში და ორიგინალური ინტერიერი | Allnews.Ge

თოჯინების და გემების მუზეუმი სახლში და ორიგინალური ინტერიერი

ნიჭიერ ქალბატონს, თინათინ მაღალაშვილს საქართველოში ტანსაცმლის დიზაინერის სახელით იცნობენ. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ თინათინი პროფესიით არქიტექტორი, ამავე დროს გრაფიკოსი და ფერმწერია. ამასთან, უკვე ორი წელია ინტერიერის დიზაინზე მუშაობს და საკმაოდ საინტერესო პროექტებს ახორციელებს. საკუთარი ხელით ქმნის მოზაიკას, ხატავს ავეჯს, აკეთებს დეკუპაჟს. მის მიერ შექმნილ დიზაინში ერთმანეთს ერწყმის ხელოვნება, ვინტაჟი და ძველი თბილისური მოტივები, რაც ინტერიერს ორიგინალურს და განსხვავებულს ხდის.

- როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება მხატვრობას?

- პატარაობიდან მიყვარდა ლამაზი კაბების ხატვა, თუმცა ამას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მეოთხე კლასში ვიყავი,  საოცრად ცელქი და მოუსვენარი, და ერთ ადგილზე რომ გავეჩერებინე, ხატვა დამაწყებინეს. ასე აღმომაჩნდა ხატვის ნიჭი. გიზო თავბერიძე იყო მხატვარი, რომელმაც ჩემში დაინახა მხატვრის ნიჭი, თუმცა ოჯახს არ სურდა ჩემი ხელოვანობა და არ მიმიყვანეს ხატვაზე. წლები გავიდა, კარგად ვსწავლობდი ჰუმანიტარულ გიმნაზიაში, მაგრამ ბოლო წელს უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი. მამამ შემიწყო ხელი, მიმიყვანეს ემირ ბურჯანაძესთან და მას მერე არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე. სამხატვრო აკადემია წითელ დიპლომზე დავამთავრე არქიტექტურის განხრით. შემდეგ დავამთავრე ასპირანტურა, 9 წელი ვისწავლე აკადემიაში. დღეს მე რომ ვარ გრაფიკოსი, ფერმწერი, არქიტეტორიც და დიზაინერიც, ჩემი აკადემიური განათლების შედეგია.

- მოდის სფეროში როგორ მოხვდით?

- მოდის სფერო ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და აკადემიის დამთავრების შემდეგ, პირველი სალონი 2002 წელს გავხსენი. მეექვსე კლასიდან ვკერავდი, მიყვარდა „ბურდადან“ თარგების ამოღება და კერვა, თუმცა 2002 წლიდან საკუთარ თავზე ვიმუშავე, რომ კარგად მცოდნოდა ის საქმე, რაც ბიზნესად უნდა მექცია. 2008 წელს ჩამოვაყალიბე მოდის სახლი „თინათინ მაღალაშვილი“ და აქტიურად ჩავები ამ სფეროში. პირველი სერიოზული წარმატება მქონდა 2011 წელს, როცა ისრაელის მაღალი მოდის ჩვენებაზე მიმიწვიეს და ჩემი ჩვენება Fასჰიონთვ-მ გააშუქა.

- ბოლო პერიოდში ინტერიერის დიზაინზეც გიწევდათ მუშაობა. საკმაოდ საინტერესო ინტერიერი შექმენით რამდენიმე რესტორანში. რა არის თქვენი ნიშა ამ მიმართულებით?

- ორი წელია ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობ. პირველი იყო რესტორანი „ეთნოგრაფი“, სადაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და შიშით მოვკიდე ხელი ამ საქმეს. მაგრამ ის ნდობა, რასაც ჩემ მიმართ იჩენდნენ დამფუძნებლები, გადამწყვეტი აღმოჩნდა. უნდა აღვნიშნო, რომ ინიციატივა ეკუთვნოდა ერთ-ერთ საუკეთესო რესტორატორს - ზურაბ ბაქრაძეს. მეორე იყო უკვე „ზალა რესტორანი“, სადაც ნულიდან დავიწყე და აქაც აბსოლუტური თავისუფლება მქონდა. ჩემი ხელით მაქვს შექმნილი ბარის სადგამი, კედლები, ჭერი, დეკორატიული კუთხეები. პარალელურად ვაკეთებ საგურამოში ოჯახური სასტუმროს ინტერიერს.

- ინტერიერის დიზაინის დაგეგმვის დროს რას ანიჭებთ უპირატესობას, როგორ გეგმავთ სივრცეს?

- ჩემი ნიშა არის ვინტაჟი, არტი და თბილისი. ალბათ ჩემი ჰუმანიტარული განათლება მეხმარება ყოველ ნაბიჯზე, როცა კონცეფციას ვქმნი, რომ გავაცოცხლო ძველი ქალაქური მოტივები ვინტაჟურ გარემოში და დავამატო დოზირებულად არტი. ინტერიერის დაგეგმვის დროს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მქონდეს დიდი სივრცე, მაღალი ჭერი, ამიტომ მიყვარს სარკეებით თამაში ჭერზე დეკორატიულ ელემენტებთან ერთად. მეორე მომენტი არის განათება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. კედლების ფერის და ზოგადად ინტერიერის ფერთა გამა არ უნდა შეცვალოს განათებამ. მთავარი არის კონცეფცია, რაზეც უნდა აიკინძოს ინტერიერის დაგეგმარება, ფერები, დეტალები და ბოლოს დეკორაციები.

- თქვენს სახლში რემონტი მიმდინარეობს. როგორ დაგეგმეთ დიზაინი, რა სტილს მიანიჭეთ უპირატესობა? ალბათ, არც ისე მარტივია იმ სახლის დიზაინის შექმნა, სადაც სამი მხატვარი ცხოვრობს...

- კი, ჩემს სახლში ამ ეტაპზე რემონტია. საკმაოდ დიდი, 790 კვადრატული ფართი გამოვიდა 4 სართულზე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სახლი გავაკეთო ოჯახური ტიპის სასტუმროდ, სადაც იქნება განლაგებული თოჯინების მუზეუმი, გემების მუზეუმი და ბევრი საინტერესო კონცეპტი, რასაც ამ ეტაპზე არ გავახმაურებ. სტილი, რა თქმა უნდა, ჩემებური იქნება, არ ვიცი, რა ჰქვია ამ სტილს, მგონი არსად მინახავს, არის ლოფტის დეტალები, ვინტაჟური დეტალებიც, მაგრამ დიდი დოზით არის არტი, მოხატული კედლები, ქანდაკებების კოლაჟები.

- სახლში გაქვთ გემებისა და თოჯინების მუზეუმი. მოგვიყევით ამის შესახებ...

განაგრძეთ კითხვა