ოპერის მომღერალ დავით ღვინიანიძის გზა ქუთაისიდან ამერიკულ წარმატებამდე | Allnews.Ge

ოპერის მომღერალ დავით ღვინიანიძის გზა ქუთაისიდან ამერიკულ წარმატებამდე

"ამერიკაში თავიდან გასტროლებით აღმოვჩნდი. ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა. აქ ცხოვრება ყოველთვის მინდოდა... 2009 წლიდან კი უკვე კარნეგი-ჰოლში ჩემი პროექტები მქონდა,“ - ამბობს წარმატებული საოპერო მომღერალი - ბარიტონი დავით ღვინიანიძე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს.

ის საქველმოქმედო ფონდის, "მსოფლიო ტალანტები“ დამფუძნებელი, პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელია. როგორც შევიტყვეთ, მასვე დაუფუძნებია მუსიკალური კონკურსი - "გზა კარნეგი-ჰოლისკენ“, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობს და "დავით ღვინიანიძის სახელობის ვოკალური აკადემია“.

ბატონ დავითს ამჟამად ამერიკაში მყოფი ბიჭუნას, ალექსანდრე ზაზარაშვილის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რასაც ის ჩვენთან ინტერვიუშიც შეეხო.

"ქუთაისში დავიბადე და ბავშვობაც იქვე გავატარე ექიმი დედის, აკადემიკოსი მამისა და უმცროსი დის გვერდით, რომელიც დღეს კარდიოლოგია... ხშირად ბებიასთან, სოფელ როხშიც ვიყავი ხოლმე. მან შემაყვარა ბუნებასთან და ცხოველებთან ურთიერთობა. განსაკუთრებული ბებია-შვილიშვილობა გვქონდა. მას დიდი წვილი მიუძღვის ჩემს სულიერ, თუ გონებრივ ფორმირებაში.

ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია და "ცალკე აკადემიაა“. ვერ ვიტან გულგრილ დამოკიდებულებას, ასეთი გარემოდან გავდივარ და ვრჩები იქ, სადაც ერთგულება, სითბო და სიყვარულია. მოკლედ, ასე ცხოვრებას დედამ და ბებომ მიმაჩვიეს, რომლებიც სიყვარულით მზრდიდნენ“, - ასე დაიწყო დავით ღვინიანიძემ Ambebi.ge-სთან საუბარი.

როგორც გვიყვება, განსხვავებული ბავშვი ყოფილა - მიხვედრილი და გონიერი. "რაც მინდოდა, ყოველთვის ვისრულებდი და ჩემი პრინციპების გატანა მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა რბილი და თბილი ხასიათი მაქვს, ბავშვობაში მტკიცე ვიყავი. საბავშვო ბაღში 3 წლის შემიყვანეს და არ მომწონდა იქ სიარული. იმდენი ვიტირე, ფილტვების ანთება დამემართა - ჩემი ასე გავიტანე და შინ დავრჩი“, - იხსენებს რესპონდენტი.

- მუსიკა იმ პერიოდში თუ გიტაცებდათ?

- პატარაობიდანვე მიტაცებდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი მუსიკის, სიმღერისა და სცენის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა...

ვფიქრობ, ჩემი ბავშვობა ზედმეტად დატვირთული იყო. მშობლები არაფერს იშურებდნენ, რათა მეტ სფეროში გამომევლინა ნიჭი და უნარი. ჩემი თანატოლები ქუჩაში რომ თამაშობდნენ, მე ენციკლოპედიებს ვკითხულობდი, საავტორო გადაცემებს ვგეგმავდი და ხმის სავარჯიშოებს ვასრულებდი.

მერე კი, როცა საქართველოდან წასული სამშობლოში წარმატებული ჩამოვდიოდი, მეგობრები მეუბნებოდნენ, - ნეტავ, ჩვენც შენსავით გვემღერა და გვევარჯიშა, შენისთანა წარმატებული ვიქნებოდითო. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი განვითარების პროცესს დიდი დრო დავუთმე.

ბავშვობიდან ასევე მიტაცებდა ჟურნალისტობა და წერა. ყოველთვის ვიყავი ხელმძღვანელი, კაპიტანი, ლიდერი - ამან განსაზღვრა კიდეც ჩემი მომავალი ცხოვრება.

- უშუალოდ სიმღერა როდის დაიწყეთ?

- ჩემ გარშემო პროფესიონალი მუსიკოსი არავინ იყო, მაგრამ ბებიაჩემი - მერი ჯანელიძე და მისი დედმამიშვილები (4 და და 2 ძმა) მინიანსაბმლს ქმნიდნენ და ფანტასტიკურად მღეროდნენ. ჩემს ბავშვობაში ვერ ვესწრებოდი ხოლმე მათ ერთად შეკრებას და სიმღერას, ამიტომ ბებოს ვაიძულებდი, მისი მთავარი ტრიუკი შეესრულებინა - გიტარა თავსუკან დაეჭირა და ისე დაეკრა.

მამა აკორდეონზე უკრავს, დოლიც არაერთი გვქონდა სახლში. მამა ყოველთვის მოქეიფე და თამადა იყო. ყველას უყვარს, სიტყვა, საქმე და ვაჟკაცობა არ ეშლება. გარდა იმისა, რომ ლექსებით თამადობს, ქეიფს დოლითა და აკორდეონით ასრულებს. ეს ის ელფერია, რასაც ის სუფრას სძენს ხოლმე.

მშობლები ჩემს პროფესიულ არჩევანს - მომღერლობას, სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ამიტომ მირჩიეს და ასეც გამირიგდნენ - ძირითად პროფესიად მეღვინეობა, ან ექიმობა ამერჩია, სიმღერა კი გასართობად მესწავლა. მართლაც, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე და პარალელურად, სწავლა კონსერვატორიაში დავიწყე.

მახსოვს, როგორ დადიოდა მამა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებთან და აფრთხილებდა, ჩემთვის მაღალი ნიშანი დაუმსახურებლად არ დაეწერათ. ასე მიწევდა ბრძოლა ორ ფრონტზე – პოლიტექნიკურ სასწავლებელსა და კონსერვატორიაში, რომლებიც "წითელ დიპლომზე“ დავამთავრე.

ერთხელ, მშობლებმა ცეკვის ანსამბლში მიმიყვანეს. ცეკვა ჩემთვის სულაც არ აღმოჩნდა მარტივი. მასწავლებელი ყოველთვის შენიშვნას მაძლევდა – არასწორად ცეკვავო. ერთ დღეს მოვედი სახლში და დედას გამოვუცხადე, - ცეკვას თავს ვანებებ, ეს ჩემი საქმე არ არის-მეთქი. როგორც ვთქვი, მშობლები არაფერს მაკლებდნენ - სპორტზეც მატარებდნენ, თუმცა მუსიკისა და წარმატებული სწავლის გარდა, არაფერი მაინტერესებდა.

ყოველთვის მინდოდა, მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ხელოვანი ვიყავი. კონსერვატორიის პირველ კურსზე სწავლისას ღამეებს ვათენებდი და როცა ჩემი ოჯახის წევრებს ეძინათ, აჭარის, ქუთაისის და პირველი არხის ტელევიზიებისთვის გადაცემებს ვამზადებდი. ერთ-ერთი გადაცემა იყო "ტენორი“, რომლითაც საზოგადოების ცნობიერებას ვზრდიდი, რომ კლასიკური მუსიკის შესახებ მეტი გაეგოთ.

ოჯახში ერთადერთი ვაჟი განებივრებულიც გახლდით. ვამაყობ ჩემი მშობლებით, თუმცა განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს დედასთან - ესაა მის მიმართ უსაზღვრო სიყვარული...

ჩემი მუსიკალური კარიერა, შეიძლება ითქვას, ქუთაისის ჯაზ-როკანსამბლ "ალიონის“ სოლისტობით დაიწყო. ამ პერიოდში უკვე ვგრძნობდი, მუსიკის გარეშე, ვერ ვიარსებებდი და გადავწყვიტე, საოპერო ხელოვნებას დავუფლებოდი, რადგან ეს ყველა ჟანრის სიმღერის შესრულების საშუალებას მომცემდა.

- ვინ იყო თქვენი მუსიკის პედაგოგი?

- მუსიკის პედაგოგის როლი განუსაზღვრელია. ის აუცილებლად სწორად უნდა შეირჩეს. ახლა უკვე ჩემს "ვოკალურ აკადემიაში“ ხშირად მიმდინარეობს ლაივგაკვეთილები და ყველა ხედავს, გაკვეთილების ჩატარებისას რა მეთოდებს ვიყენებ - უპირველესად, ესაა მოსწავლეებთან საჭირო მიდგომების უნარი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz