მხატვრობის მოკლე ისტორია - გზა გამოქვაბულებიდან მუზეუმებამდე | Allnews.Ge

მხატვრობის მოკლე ისტორია - გზა გამოქვაბულებიდან მუზეუმებამდე

მხატვრობა, როგორც თვითგამოხატვის და ესთეტიკური ტკბობის განცდის უნიკალური საშუალება დაახლოებით იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად კაცობრიობა. ადამიანს, როგორც გონიერ და შემოქმედ არსებას, დაბადებიდანვე უჩნდება რაიმეს შექმნისა და ამ გზით კვალის დატოვების სურვილი, რასაც იგი ახალ აღმოჩენებამდე და პირად შემოქმედებამდე მიჰყავს. ასე დაიწყო მხატვრობის ისტორიაც. ამ სტატიაში შევეცდებით ყველაზე მოკლედ გიჩვენოთ, თუ რა გზა გაიარა ხელოვნების ერთ-ერთმა ყველაზე ამაღელვებელმა დარგმა, სანამ იგი მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში, სახელმძღვანელოებსა თუ ჭკვიან მოწყობილობებში დაიკავებდა ადგილს.

როდის და როგორ დავიწყეთ ხატვა?

მხატვრობას ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც მომთაბარე ხალხი გამოქვაბულის კედლებზე ნახშირის საშუალებით სხვადასხვა ფიგურებს ხატავდა და ამით გარკვეულ ინფორმაციას თავისთვის ინახავდა ან სხვებს გადასცემდა. უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ პირველი მხატვარი ჰომო საპიენსის წინამორბედი, ჰომო ნეანდერტალელი იყო.

ესპანეთის ტერიტორიაზე გამოქვაბულის კედლებზე აღმოაჩინეს ნახატები, რომლებიც 42 000 წლის წინ უნდა იყოს შექმნილი. თუმცა უახლესმა გამოკვლევებმა კაცობრიობის უძველესი ნახატების თარიღი მთელი 3 500 წლით უკან გადასწია, როდესაც არქეოლოგებმა ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე ღორის მსგავსი ცხოველის ნახატი აღმოაჩინეს.

ინდონეზია, კუნძული სულავესი

როგორ იქმნებოდა პირველი ნახატები?

დღეისათვის აღმოჩენილი უძველესი ნახატები გამოქვაბულების ჭერსა და კედლებზეა შემორჩენილი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, არათუ ერთი ფერი, არამედ ხშირად სამზე მეტი ფერია გამოყენებული. თემატური თვალსაზრისით ძირითადად ნადირობის სცენები, სხვადასხვა სახეობის ცხოველების, მცენარეების გამოსახულებები ჭარბობს.

რაც უნდა ყოფილიყო „პირველი მხატვრის“ მიზანი - ხელოვნების შექმნის სურვილი, თუ იმდროინდელი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი მოვლენების შენახვა-გადაცემა - ფაქტია, რომ გამოქვაბულებში ათასწლეულების განმავლობაში შენარჩუნებული ნახატები საშუალებას გვაძლევს ამ ადგილებს კაცობრიობის პირველი მუზეუმები ვუწოდოთ.

როგორ წარმოიშვა მხატვრობა?

მხატვრობა იმ გაგებით, რა გაგებითაც ახლა გვესმის, ისტორიკოსების ვარაუდით, ნეოლითის ხანაში წარმოიშვა, როდესაც სოფლის მეურნეობა და საზოგადოებრივი ცხოვრების დარგები განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა და მხატვრობამაც გამოქვაბულებიდან სასახლეებში გადაინაცვლა.

დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს ძველ საბერძნეთში პატარა სოფლები შეიქმნა და სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სხვადასხვა კერამიკულ ნივთზე - ვაზებსა თუ ქოთნებზე - ხატვას. მეორე ათსწლეულიდან ქალაქ კრეტაში იქმნება მონარქიული მმართველობა, იწყება სასახლეების მშენებლობა და უკვე ფრესკული ნახატების პირველი ნიმუშებიც ჩნდება.

საბერძნეთი, კრეტა, კნოსოსის სასახლის ფრესკა, ძვ. წ. 1400 წ.

კედლის მოხატვის ტრადიცია რომში რესპუბლიკის ხანიდან იღებს სათავეს და ძირითადად ბერძნული ხელოვნების მიღწევებს ემყარება, თუმცა რომაელებმა თავიანთი ინდივიდუალური სტილი განავითარეს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს პეიზაჟსა და ნატურმორტს. სწორედ რომაელებმა შეიტანეს მხატვრობაში საზეიმო ხასიათი, ბევრი განსხვავებული ფერი, რამაც, საბოლოოდ, ახალ სტილს, ბაროკოს, ჩაუყარა საფუძველი.

ზეფირისა და კლორისის ქორწილი, ნავილიოს სახლი, პომპეი

მოგვიანებით, ადრექრისტიანული ფერწერა, ერთი მხრივ, იქცა ერთგვარ წყალგამყოფად ანტიკური და შუა საუკუნეების ფერწერას შორის; მეორე მხრივ კი საფუძველი გახდა რენესანსის, ნეოკლასიციზმისა და რომანტიზმის მხატვრობისთვის.

საბოლოოდ, ყველა ამ ტექნიკამ და თემატიკამ - პირველყოფილი ადამიანების დროიდან დღემდე - შექმნა მკვიდრი საფუძველი თანამედროვე მხატვრობისთვის. როგორც მხატვარი და პედაგოგი ქეთევან მატაბელი აღნიშნავს, სწორედ „პირველი მხატვრობა“ განაპირობებს ახლის მახასიათებლებსა და ძირითად ტენდენციებს:

„ხე ხომ ფესვების გარეშე წარმოუდგენელია? ასევე წარმოუდგენელია ახალი მხატვრობა ძველი მხატვრობის გარეშე. მხატვრობის განვითარების ყველა ეტაპი ერთი მთლიანობაა: დაწყებული პირველყოფილების გამოქვაბულის კედლებზე ხატვით, დამთავრებული თანამედროვე ინსტალაციის ხელოვნებით. ისევე როგორც ყველაფერი, მხატვრობაც თავისი განვითარების გზას გადის, მაგრამ ყოველი ახალი საფეხური წინა საფეხურებს ეყრდნობა. შეიძლება ვერც აცნობიერებდეს ხელოვანი, მაგრამ წარსული ყოველთვის ახდენს გავლენას თანამედროვე შემოქმედებაზე,“ - აღნიშნავს ქეთევან მატაბელი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz