ნახატები ბუმბულზე, ფუნჯებზე, ჩაის პაკეტებსა და მუყაოს ნაფლეთებზე... - გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის "არაჩვეულებრივი გამოფენა" | Allnews.Ge

ნახატები ბუმბულზე, ფუნჯებზე, ჩაის პაკეტებსა და მუყაოს ნაფლეთებზე... - გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის "არაჩვეულებრივი გამოფენა"

არაერთი წელია, ჟურნალისტი ვარ. როგორც წესი, ამა თუ იმ ადამიანზე წერის დროს, საკუთარ შეფასებებს ვერიდები, არც ზღვარგადასული ეპითეტებით მიყვარს ვინმეს შემკობა და არც - პირიქით. თუმცა, არსებობს ერთეული შემთხვევები, როცა აღფრთოვანებას უბრალოდ ვერ ვიტევ და ჩემი ემოციები მინდა სხვასაც სიხარულით გავუზიარო. სწორედ ასეთი რამ მოხდა ამ შემთხვევაშიც.

პირველად მაშინ გავოცდი, ამ მხატვრის ნამუშევრები რომ ვნახე და როცა საუბრის საშუალება მომეცა, ერთიორად კმაყოფილი დავრჩი ავტორის გაცნობითაც. მოკლედ, სიამოვნებით წარმოგიდგენთ მხატვარს, პედაგოგსა და საჰაერო იოგის ინსტრუქტორ ნინო ბალხამიშვილს, რომელიც უკვე 12 წელია,    გერმანიაშია. ამჟამად ხელოვანი ქალაქ კასელში მეუღლესა და ორ შვილთან - 12 წლის გოგონასა და 10 წლის ბიჭთან ერთად ცხოვრობს.

- თბილისში სამხატვრო აკადემია დავამთავრე, კინოსა და ტელევიზიის მხატვრობის მიმართულებით. ალბათ ამიტომ არ მიჭირს ჩემს ნამუშევრებზე სხვადასხვა ეპოქისა და სცენის ხატვა. ძველი სტილი, განსაკუთრებით ვიქტორიის ეპოქის და დეტალები ჩემი სისუსტეა - მომწონს ასეთ თემებსა და ნივთებზე მუშაობა. სიამოვნებით ვიმუშავებდი კინომხატვრობაზეც. გერმანიაში რომ ჩამოვედი, ამ კუთხით ერთი-ორი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ იმ პერიოდში ორსულად ვიყავი, რაც ძალიან რთულად მიმდინარეობდა და უარი ვთქვი. მერე ბევრი რამ გადავაფასე, გარემომაც შემცვალა. სრულიად სხვა სახე მიიღო ჩემმა სამუშაო სტილმაც. ვერავინ მიხვდება, რომ გერმანიაში და ჩემს ადრეულ წლებში საქართველოში შესრულებული ნამუშევრების ავტორი ერთი და იგივე ადამიანია.

- გერმანიაში რა მიზნით გაემგზავრეთ? შემოთავაზება გქონდათ თუ სამსახურის საძიებლად?

- ჩემი მომავალი მეუღლე გერმანიაში ცხოვრობდა. ქართველია, გადაზიდვების სფეროში ლოჯისტიკის მენეჯერი. თბილისში გავიცანი და ერთმანეთი შეგვიყვარდა. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრეთ, ისე, რომ ენაც არ ვიცოდი. როგორც ყველამ, მეც ისე დავიწყე, სახლებს ვალაგებდი, მაგრამ ბევრი წვალების შემდეგ მივაღწიე იმას, რომ ჩემი პროფესიით დღეს კარგი სამსახური მაქვს, სამხატვრო სკოლაში ყველა ასაკის მოსწავლე მყავს. ასევე, საჰაერო იოგის ინსტრუქტორი ვარ.

- ბუმბულსა და სხვადასხვა "არატრადიციულ" მასალაზე ხატავთ. ბუმბული იმდენად ნაზი და სათუთია, იოლად ზიანდება, როგორ ახერხებთ, ვერ ვხვდები...

- ამ თემასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში უამრავი კითხვით სავსე წერილებს ვიღებ. ყველას ჰგონია, რომ საიდუმლოა. მიგზავნიან მოხატულ ბუმბულებს, რომელიც ცუდად გამოიყურება არა ნახატის გამო, არამედ იმიტომ, რომ გამაგრებას ცდილობენ. ქვედა მხრიდან ბუმბულს უსვამენ საღებავს, წებოს, ცდილობენ გრუნტირებას, მაგრამ მთელი საიდუმლო ისაა, რომ არაფერია საჭირო - უბრალოდ, ძალიან ფრთხილად უნდა ხატო. დამთვალიერებლის მოწონებას ის განაპირობებს, რომ ბუმბულზე ყველაზე მასიური სცენა და კომპოზიცია მსუბუქი ჩანს, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ბუმბულთან ფრთხილი შეხებით მიიღწევა.

- ეს ყველაფერი როგორ დაიწყო?

- გერმანიაში თითქმის არაფერს ყრიან. ვინაიდან გარშემო ბევრმა იცის, რომ ვხატავ და მინიატიურებს ვაკეთებ, დროდადრო, მათთვის გამოუსადეგარ სხვადასხვა ნივთს მიგროვებენ. დღემდე არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ ერთ დღესაც სახელოსნოს კართან დამხვდა დიდი ყუთი, რომელსაც ჩემი სახელი ეწერა. სხვადასხვაგვარი ბუმბული აღმოჩნდა, ასევე - შეღებილი, დეკორატიული. ერთი-ორი დეკორაცია ავაწყვე, რაღაცებზე მივაწებე, მაინც ბევრი დამრჩა. სწორედ იმ დროს პალიტრა მქონდა გაშლილი და ბუმბულზე ჯერ კოპლები დავხატე, მერე - ზოლები; ამას ჩიტის ფიგურა მოჰყვა და ნელ-ნელა მივხვდი, რომ კარგად "მიდიოდა". ჩვენი ქალაქი წელიწადში ორჯერ დიდი გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებას ახდენს და სწორედ ჩემი ნამუშევრების იქ მიტანა გადავწყვიტე. მინდოდა გამომეცადა, როგორ შეაფასებდა მათ ხალხი. 40-მდე ნამუშევარი გამოვფინე. თავდაპირველად დამთვალიერებელს ეგონა, რომ ნახატები ბუმბულზე იყო დაბეჭდილი, მაგრამ რომ ავუხსენი, თითოეულზე ხელით და საღებავით მქონდა ნამუშევარი, 2 საათში უკვე ყველა გაიყიდა.

- ფუნჯები, ხელთათმანები, ჩაის პაკეტებიც გაქვთ მოხატული. თანამიმდევრობით მივყვეთ: როდის და როგორ ჩნდებოდა მათზე კომპოზიციების შესრულების იდეები?

- ფუნჯებთან დაკავშირებით ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ვისაც სახელოსნო აქვს, მიხვდება, თუ როგორია, როცა ფუნჯები გაურეცხავი გხვდება. სხვადასხვა ჯგუფისთვის ხან წერილი გავაკარი, ხან ისე გავაფრთხილე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. არ მიყვარს ასეთი დაუდევრობა და გავაპროტესტე. ფუნჯებზე დავხატე მოტირალი სახით ადამიანები და ნიჟარასთან, სადაც სახატავი ხელსაწყოები ირეცხება, გავაკარი წარწერით: "ვტირით, რადგან ვერ ვასრულებთ ჩვენს უმთავრეს დანიშნულებას". მაღადავებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ძალიან მალე გახდა ეს ფუნჯებიც პოპულარული (იღიმის). მეორედ კიდევ ვიმაიმუნე და წყვილი გავაკეთე. გამოფენაზე გავიტანე და ერთმა ცოლ-ქმარმა თავს მიამგვანა, - ჩვენი პორტრეტებიაო, - და შეიძინა. ამის შემდეგ ფუნჯებზეც ინტენსიურად ვხატავ. რაც შეეხება მუყაოს, ეს ჩემთვის შედარებით ახალი მასალაა. ბინა ახალი შეძენილი გვაქვს, სტუდიის მოწყობა ჯერ არ დამისრულებია და კორონავირუსის გამო, ავეჯის ნახევარიც ვერ შევიძინე. ბევრი რამ ჯერ კიდევ ყუთებში გვიწყვია და ერთ დღესაც, ერთ-ერთ ყუთს ნაწილი ჩემმა ძაღლმა მოახია. ნაფლეთს რომ შევხედე, მაშინვე გამიჩნდა იდეა, ზედ დამეხატა. მუყაოზე ბევრი ხატავს, მაგრამ ვცდილობ, ამ მხრივაც გამორჩეული და საინტერესო იყოს ნამუშევარი.

ხელთათმანზეც გადავინაცვლე. პირველად აღვნიშნავ, რომ ტყავი კარგი სახატავია, მეორე - არ მიყვარს ისეთი ნივთების გადაყრა, რომლებთანაც გარკვეული მოგონებები მაკავშირებს. ის იყო ჩემი ხელთათმანი, რომელიც დაძველდა, გამოვიყენე როგორც სახატავი მასალა და დღეს უკვე ძალიან მენანება, ის პირველი ნამუშევარი რომ გავყიდე, რადგან მას შემდეგ კიდევ არაერთზე დავხატე და ისინიც კარგად გაიყიდა. იხილეთ სრულად