ვინ არის სნოს ხეობაში გაშლილი ქანდაკებების ავტორი | Allnews.Ge

ვინ არის სნოს ხეობაში გაშლილი ქანდაკებების ავტორი

ის ყაზბეგიდანაა, სოფელ სნოში დაიბადა. მოქანდაკეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაეუფლა. ეს პროფესია მერაბ ბერძენიშვილმა ურჩია და მოწაფედაც აიყვანა. მერაბ ფირანიშვილის სურვილი იყო, თავიდანვე განსხვავებული ქანდაკებები გაეკეთებინა, არასტანდარტული და უმეტესად ღია ცის ქვეშ ემუშავა.

მისი ნახელავი უკვე მრავალი წელია სნოში, გზის პირას, ტრიალ მინდორზე მნახველის ყურადღებას იქცევს და ეს ნამუშევრები ქვაში ნაკვეთი ქანდაკებებია.

შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ილია, ყაზბეგი და ბევრი სხვა. მათ შესაქმნელად ესკიზები არ სჭირდება. უზარმაზარ გრანიტის ლოდს ბუნებაში დაინახავს თუ არა, ხვდება, მისგან რა შეიძლება გამოვიდეს.

"მთავრი დანახვაა, მერე იდეა მოდის, გაკეთება უკვე აღარ მიჭირს. ადგილიც ისეთია, დახრილი, ქანდაკებები ერთმანეთს არ ფარავს. ჩაფიქრებული მქონდა, 500 ქანდაკება გამეშალა იქ, რომ მთელი საქართველოს ისტორია სრულად ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ჩემი ბიუჯეტი ამის გაკეთების საშუალებას არ მაძლევს, თან, ეს ყველაფერი ხომ ჩემი საჩუქარია სოფლისა და ჩემი კუთხისთვის", - გვეუბნება მერაბ ფირანიშვილი, ვისი სნოს ხეობაში გაშლილი ქანდაკებები არასდროს არავის დაუფინანსებია.

ბედნიერია, როცა აკეთებს, ხოლო როცა სახსარი არ გააჩნია იმისთვის, რომ რამე შექმნას, იტანჯება. განსაკუთრებით უყვარს კვარცისგან დამზადებული უფლის ქანდაკება, რომელიც მართლაც იშვიათი რამ არის.

ასე რომ, სნოში მოხვედრილები მოქანდაკის ამ ნამუშევრებს გულგრილად ვერ ტოვებენ, მისი ავტორით ინტერესდებიან, რომელიც ახლა Ambebi.ge-ს რესპონდენტია და გვიყვება, თუ როგორ ამუშავებს უზარმაზარ ლოდებს, სპეციალური ტექნიკის დახმარებით.

"ყველაფერი საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინო და ისეთი რამ გააკეთო, რაც სხვას არასდროს გაუკეთებია. მაშინ ხარ გამორჩეული მოქანდაკე და ღირს, გერქვას კიდეც მოქანდაკე. განსხვავებულის შექმნა უკვე აღმოჩენაა. მაქვს ჩემი ხელწერა, მუდმივად ვცდილობ ახალს და ახალს... ქვაში პირველად "ვეფხისა და მოყმის" ქანდაკება შევქმენი, ოღონდ ის ამ ველზე არ დამიდგამს, სიმაღლეში 4 მეტრამდეა. ის სამუშაოდ ცოტა რბილი ქვა იყო. 80-იანი წლების ბოლოს დავდგი. მერე ღირსეული ქართველების ქანდაკებები მოვაყოლე. გაკეთებული მაქვს წმინდა გიორგის ქანდაკება, თევდორე ბერი, კვარცში უფლის სახე გამოვკვეთე", - გვეუბნება მოქანდაკე და დასძენს, რომ გრანიტზე უკეთესი ქვა სამუშაოდ არ არსებობს.

- ამ უზარმაზარ ქვებს სად მოიპოვებთ, თუ ყიდულობთ?

- დარიალის ხეობა გრანიტის ქვებითაა სავსე, მაგრამ ეს ქვები დარიალის ხეობის იმ ნაწილიდან მაქვს მოტანილი, რომელიც სამწუხაროდ, უკვე რუსეთს ეკუთვნის. მათი ადგილზე მოტანაც არ არის მარტივი, მანქანა და ამწეკრანი სჭირდება.

- ქვაზე რა ხელსაწყოთი მუშაობთ?

- სპეციალური მანქანაა, უკრაინაში საავიაციო ქარხანაშია დამზადებული და ეგ აპარატი მხოლოდ მე ავამუშავე საქართველოში, მაღალ ტემპერტურაზე მუშაობს, ისე რომ ქვას ხეთქავს. ოღონდ, ერთ საათში 13 ლიტრ ბენზინს წვავს და ძალიან ხარჯიანია. კვარციც ასე ვიპოვე ბუნებაში და ამ კუთხეში ცოტა იშვიათი კი იყო. მისი დამუშავება მარტივი არ იყო, ის ხომ იგივე მინაა. მისი ქანდაკება ისტორიას ჯერ არ ახსოვს, არავის გაუკეთებია. მოკლედ, გავრისკე, გამოვიდა და მიმაჩნია, რომ ესეც აღმოჩენაა. ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ქანდაკება ეგ არის.

- ამ ყველაფერს საკუთარი ხარჯებით აკეთებთ. არასდროს არავინ დაგხმარებიათ?

- არავინ. ხან ბანკიდან გამომაქვს ვალი, ზოგჯერ ფულს ვაგროვებ, ვაკოწიწებ, ხან კერძო შეკვეთებიდან მიღებულ თანხას ვახმარ ამ საქმეს წაიკითხეთ ვრცლად 

myquiz