აბანოების უბანი - უცნობი ფაქტები თბილისის უძველესი დასახლების შესახებ | Allnews.Ge

აბანოების უბანი - უცნობი ფაქტები თბილისის უძველესი დასახლების შესახებ

აბანოთუბანი თბილისის უძველესი ნაწილია. როგორც ჩანს, თბილისის დაარსების შესახებ არსებული ლეგენდის თანახმად, ეს იყო პირველი დასახელებაც. ამ უბანს და მიმდებარე ტერიტორიას ტფილისს უწოდებდნენ. ის ქალაქის ციხეს - კალას ემიჯნებოდა. აბანოების უბანში და მის მიმდებარე სეიდაბადში (დასახელება გვიანდელია) შუა საუკუნეებში უმეტესად სპარსელები სახლობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ, არს მით აბანო ექვსნი... აქ დაასხა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს... არიან მსახლობელნი ციხეს და სეიდაბადს სპარსნი მაჰმადიანნი".

ვახუშტი ბაგრატიონი აბანოების უბანს სეიდაბადის ერთ ნაწილად წარმოგვიდგენს. პორუჩიკ ჩუიკოს მიერ შედგენილ 1800 წლის გეგმაზე კი მხოლოდ აბანოების უბანია ნაჩვენები, რადგან სეიდაბადის დანარჩენი ტერიტორია იმ დროისთვის დასახლებული აღარ ჩანს და მთლიანად ბაღებითაა დაფარული.

როგორც პროფესორი თენგიზ კვირკველია თავის წიგნში - "ძველი თბილისური დასახლებანი" წერს, თბილისის აბანოები ძველ საბუთებსა და მოგზაურთა მონათხრობშიც იხსენიებოდა. X საუკუნის არაბი გეოგრაფის აღწერით: "აქ წყალი უცეცხლოდ დუღს"; ყაზანელი სოვდაგარი ვასილი გაგარა, რომელიც თბილისში გავლით იმყოფებოდა, XVII საუკუნის 30-იან წლებში გვატყობინებს: "საცარი რამ ვნახე, ღვთისგან შექმნილი ბუნებრივი ცხელი წყლის აუზები, სადაც ხალხი ბანაობს, მათ შორის ქრისტიანები და მუსლიმებიც. სხეულს თურქული ქისებით იბანენ და არა აბანოს ცოცხებით. იქ არ იციან, რა არის ცოცხებით ბანაობა ".

როგორც ვახუშტის ჩანაწერში ვნახეთ, ის ქალაქში ექვს აბანოს ითვლიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს შეეწირა, რადგან 1800 წლის გეგმაზე მხოლოდ ოთხი აბანოღაა ამ უბანში აღნიშნული. თუმცა XIX საუკუნის შუა ხნის თბილისის გეგმაზე ისევ ექვსია დატანილი. საინტერესო ცნობებს ვპოულობთ მეფე გიორგი XII-ის ერთ-ერთ სიგელში, სადაც, სხვათა შორის, მეითარისა და ბებუთას აბანოების ერთგვარი ლოკალიზაციაა მოცემული. ბებუთას აბანო მეითარის აბანოს დასავლეთით, თაბორის მხარეს ყოფილა.

როგორც XIX საუკუნის გეგმებიდან ირკვევა, ციხის კართან ყველაზე ახლოს თბილისის (სიონის) აბანო იყო განლაგებული. მას გვიან ერეკლეს აბანოსაც უწოდებდნენ, დასავლეთით, ოდნავ მოშორებით მელიქის აბანო მდებარეობდა. ძველ აბანოთაგან, ერეკლეს აბანოს გარდა, აღნიშნულია მეითარის (XVII საუკუნის პირველი ნახევარი), ენალას (XVII საუკუნე), გრილი აბანო (XVII საუკუნე), ბებუთასი (ასევე XVII საუკუნე). მეითარის აბანოს სუმბათოვის სახელი ეწოდა. გოგილოს აბანოს, რომელიც მტკვრის სიახლოვეს მდებარეობდა, შიოევის აბანოსაც უწოდებდნენ. აბანო იყო ციხის გალავნის შიგნითაც ე.წ. "ხოჯას აბანო", ეს ის ადგილია, სადღაც აღა-მაჰმად-ხანს განკურნება უცდია და იმედგაცრუებულს მისი დანგრევა უბრძანებია. აბანოების სახელები ხშირად მისი მფლობელის სახელიდან ან თანამდებობიდან გამომდინარეობდა, ამიტომ სახელწოდება იმის მიხედვით ეცვლებოდა, თუ ვის მფლობელობაში იყო იგი. სახელწოდება მისი დამახასიათებელი თავისებურებებიდანაც მოდიოდა (გრილი აბანო, პატრუქის აბანო). 1655-1672 წლებში ენალა ქალაქის მელიქი იყო, რომელსაც ხელახლა აუშენებია აბანო და წყალი დაუთხანის აბანოდან გამოუყვანია. ზოგიერთი მკვლევარი ენალას აბანოდ XIX საუკუნეში მირზოევის აბანოდ წოდებულ შენობას მიიჩნევს, რომელიც მირზოევამდე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა. ბებუთას აბანო კი ე.წ. საგარნიზონო აბანო უნდა იყოს.

აბანოებს, ძირითადად, ირანული არქიტექტურის კვალი ეტყობათ (ეს XVII საუკუნის თბილისის არქიტექტურის მნიშვნელოვანი თვისებათაგანია). XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა ე.წ. "ჭრელი აბანო", სახელწოდება სხვადასხვა ფერის ფილებისგან მიიღო, რომლებითაც მოპირკეთებულია მინარეთის მსგავსი კოშკებით დაგვირგვინებული მისი პორტალი.   ძველი თბილისის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონდათ. ისინი გარკვეულად საზოგადოებრივ დანიშნულებასაც ასრულებდნენ. პოეტი იოსებ გრიშაშვილი წერდა: "წინათ აბანო მსურველთათვის ღია იყო, ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ზოგჯერ ჩამოსული გლეხისათვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა. საქონელს ბაკში მირეკავდა, თვითონ კი, გაბანილ-გასპეტაკებულს, ორშაურად მთელ ღამეს აბანოში არხეინად ეძინა... აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ და სადილობდნენ კიდეც... მერე ჩაის სმა იწყებოდა... ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც. გარდა ამისა, ქალებს საშუალება ეძლეოდათ აბანოში გამოეფინათ თავიანთი ტუალეტები და ძვირფასი სამკაულები... ქალს ახალი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა... რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში, ბევრი სანდომიანი "ქალი და რძალი" გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოჩენია გატიტვლებულ ქალს".

აბანოებში დროსტარება ხშირად ფინალი იყო თბილისელი მოქეიფე ბოჰემისათვის. ბაღებში დაწყებული ქეიფი აბანოებში მთავრდებოდა ხოლმე.

მასალა მოამზადა ლალი ფაციამ AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ

როგორ ცხოვრობდნენ ძველად "თბილისურ ეზოებში" და რატომ გაცივდა მეზობლური ურთიერთობები

როგორი იყო მე-19 საუკუნის თბილისელების კვების რაციონი?

რა ნაგებობა იდგა საუკუნეების წინ მახათას მთაზე იქ, სადაც ახლა ტაძარია - საინტერესო ცნობები თბილისის უძველესი შენობების შესახებ

როგორ მარაგდებოდა თბილისი წყლით, ვის ებარა ეს საქმე და რა წყალს სვამდნენ ადგილობრივები საუკუნეების წინ?