რა წვლილი აქვთ შეტანილი ქართველ კათოლიკეებს ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში | Allnews.Ge

რა წვლილი აქვთ შეტანილი ქართველ კათოლიკეებს ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში

საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ განსხვავებული ეროვნებისა თუ რელიგიის მქონე ადამიანები.  საუკუნეთა განმავლობაში ისინი ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლობითა და პატივისცემით გამოირჩეოდნენ, რასაც არაერთი ისტორიული ფაქტი თუ ცნობა ადასტურებს.   ერთ-ერთ ასეთ საინტერესო ჯგუფს ქართველი კათოლიკეები წარმოადგენენ, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ და ქვეყნისთვის არაერთი სასიკეთო საქმე გაუკეთებიათ. ALLNEWS დაინტერესდა თუ რა წვლილი აქვთ შეტანილი ქართველ კათოლიკეებს ქართული კულტურისა და საზოგადო ცხოვრების განვითარებაში.   ამ თემასთან დაკავშირებით, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის თანამშრომელს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორ ირაკლი ჯავახიშვილსა და საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის მდივანს, თეოლოგიის მაგისტრ  კონსტანტინე აკოფაშვილს გავესაუბრეთ.     "თუ ვინმეს აქვს უფლება საქართველოში თავის თავს ქართველი უწოდოს - ეს უფლება ქართველ კათოლიკეთ წამებით აქვთ მოპოებული", წერდა ლ. ჯაფარიძე 1917 წელს. ეს სიტყვები მთელი სისავსით გამოხატავს იმ მნიშვნელოვან წვლილს, ქართველ კათოლიკეებს რომ აქვთ შეტანილი ქართული კულტურისა და საზოგადო ცხოვრების განვითარებაში. ესაა წვლილი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და რომელიც, ზოგჯერ უნებურადაც, დავიწყებული ან მიჩუმათებულია ხოლმე. ყოველივე ეს კი განსაკუთრებული სიმძაფრით იჩენს თავს, როდესაც ქართველი კათოლიკეს ქართველობის "სრულფასოვნებას" ეჭვის ქვეშ აყენებენ ან სულაც "ეროვნული" სარწმუნოების მოღალატედ თვლიან ხოლმე.

საქართველოში კათოლიკური ეკლესიის გერბი

თუმცა, დღეს ჩვენ არ ვაპირებთ ხსენებული საჭირბოროტო საკითხის პერიპეტიებზე საუბარს. გვსურს, კიდევ ერთხელ მიმოვიხილოთ მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს კათოლიკური თემის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა დაუტოვეს ამ ქვეყანას. ეს მემკვიდრეობა კი მართლაც დიდია - დაწყებული ინტელექტუალური სფეროთი, გაგრძელებული სამრეწველო-სავაჭრო საქმიანობით და დამთავრებული საქველმოქმედო მსახურებით. ამ ტრადიციას დღესაც განაგრძობს კათოლიკე ეკლესია საქართველოში - ეკლესია, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა მ. მიხეილ თამარაშვილმა, რომლის მონუმენტურ ნაშრომსაც ("ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", 1902წ.) დიდმა ილიამ "მეორე ქართლის ცხოვრება" უწოდა. ამ შედევრს, შეგვიძლია მტკიცედ ვთქვათ, მ. მიხეილი არა მარტო კალმით, არამედ სისხლითაც წერდა. ასევე სისხლითა და შრომითაა დაწერილი კათოლიკობის ისტორია საქართველოში - სარწმუნოებისა და ეროვნულობისათვის დაუღალავი ბრძოლის ისტორია.

თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია

რაკი ქართულ კულტურასა და საზოგადო ცხოვრებაში ქართველ კათოლიკეთა წვლილზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი), ცნობილი ქართველი კათოლიკე სასულიერო პირი, პოლიტიკური მოღვაწე, მწიგნობარი და დიპლომატი. 1629 წელს ქ. რომში მან გამოსცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი ("ქართულ-იტალიური ლექსიკონი" და "ლოცვანი"). ეს იყო დიდი ნაბიჯი ქართული კულტურის განვითარებასა და ევროპისთვის მის გაცნობაში. ეს საქმე ღირსეულად განაგრძო დიდმა სულხან-საბა ორბელიანმა, კიდევ ერთმა ცნობილმა ქართველმა კათოლიკე სასულიერო პირმა, საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა და დიპლომატმა. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია "სიტყვის კონა", "სიბრძნე-სიცრუისა", "მოგზაურობა ევროპაში" და ა.შ. ერის მამა დაუღალავად იღვწოდა საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობისა და ფიზიკური გადარჩენისათვის. მისი პიროვნება და დამსახურება დღესაც კი არაა სათანადოდ შესწავლილი და დაფასებული ჩვენ საზოგადოებაში.

ქართველი კათოლიკეები მუდამ გამოირჩეოდნენ თავიანთი დაუღალავი საქმიანობით საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, ბეჭდვით-საგამომცემლო, სამწერლო თუ სასულიერო სფეროებში, რასაც ემატებოდა მათი გამორჩეული ჩართულობა სამუსიკო-საკომპოზიტორო სამყაროში (საკმარისია, გავიხსენოთ ზაქარია ფალიაშვილი, საქართველოს ეროვნული ჰიმნის მუსიკის ავტორი). აქვე უნდა ვახსენოთ ქართველ კათოლიკეთა დიდი წვლილი სამედიცინო და სამკურნალო საქმეში; გავიხსენოთ ცნობილი ექიმი პეტრე მერაბიშვილი ("დოქტორ მერაბი"), რომელმაც უმაღლესი სამედიცინო განათლება საფრანგეთში მიიღო, ეთიოპიის მეფესაც კი მკურნალობდა და ადის-აბებაში გახსნა აფთიაქი "La Georgie" (საქართველო); არ უნდა დაგვავიწყდეს ცნობილი ქუთაისელი მკურნალი გაბრიელ გოკიელი, რომელმაც პირველი სამკურნალო სახლი დააფუძნა აბასთუმანში. ამ სიის გაგრძელება ძალზე შორს წაგვიყვანს, ვინაიდან უამრავი პიროვნება ამოტივტივდება გონებაში...

მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში უამრავი საგანმანათლებლო კერა შეიქმნა სამცხე-ჯავახეთში. ამ საქმეს ხშირად სათავეში სწორედ კათოლიკე სასულიერო პირები ედგნენ; საკმარისია, ვახსენოთ მ. იოსებ ხუციშვილი, რომელმაც 1836 წელს ქართული სტამბა დააარსა სოფელ ხიზაბავრაში, 1838 წელს კი ქ. ახალციხეში გადაიტანა; ბევრმა არც კი იცის, რომ მ. იოსებს "მესხ ჰუტენბერგს" უწოდებდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს მ. ივანე გვარამაძე, "ვინმე მესხი", რომელმაც 1881 წელს ერთკლასიანი სკოლა დააფუძნა სოფელ ხიზაბავრაში. მისი პიროვნებისა და მოღვაწეობის მკვლევართა შორის მ. ივანეს ხშირად უწოდებენ "მესხეთის ილია ჭავჭავაძეს".  არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს პატრი დომინიკე მუღაშაშვილი-პაწაძე, კათოლიკე სასულიერო პირი, პუბლიცისტი და მწერალი, რომლის თაოსნობითაც 1906 წლიდან გამოდიოდა ქართველ კათოლიკეთა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა". ცხადია, ყველა აღნიშნული საქმე თუ წამოწყება ერთიანი ქართული საზოგადო და კულტურული ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდა და ქართველთა ცხოვრებისეულ ჩარხს ატრიალებდა.

ქართველ კათოლიკეთა აღმშენებლობას ვხედავთ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხო მიწებზეც - თურქეთსა და საფრანგეთში; 1861 წელს ქართველმა კათოლიკე მღვდელმა მ. პეტრე ხარისჭირაშვილმა ქ. სტამბოლში ფერიქოის უბანში ქართული კათოლიკური ეკლესია ააშენა, რასაც მოჰყვა მამათა და დედათა მონასტრების დაფუძნება. ეს მართლაც უმნიშვნელივანესი მოვლენა იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამიოდე წლის შემდეგ ვატიკანმა ამ მონასტრებისთვის ოფიციალურად სცნო ქართულენოვანი ტიპიკონი. ამასთანავე, აღნიშნული ქართული კათოლიკური სავანე უდიდეს სარწმუნოებრივ და ეროვნულ საქმეს აკეთებდა; გამოსცემდა წიგნებს, თარგმნიდა ლიტერატურას, ზრდიდა სასულიერო დასს, რომელიც შემდეგ საკუთარ სამშობლოს ემსახურებოდა. სწორედ ეს სავანე დაეხმარა 1921 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრაციაში წასულ მთავრობას ევროპაში გამგზავრებაში. მოგვიანებით, 1874 წელს კვლავ მ. პეტრე ხარისჭირაშვილის თაოსნობით ქ. მონტობანში (საფრანგეთი) დაფუძნდა ქართული კათოლიკური კერა. ეს უკანასკელი, იმავე დროს, რელიგიურ ცენტრსა და სტამბასაც წარმოადგენდა.

როდესაც უცხოეთში მოღვაწე ქართველ კათოლიკე სასულიერო პირებზე ვსაუბრობთ, უწინარესად თავს გვახსენებს მ. მიხეილ თამარაშვილის დიდებული პიროვნება, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საკუთარ ეკლესიას და სამშობლოს მიუძღვნა. რომ არა მ. მიხეილი, დღეს ქართველ კათოლიკეს არ ეცოდინებოდა საკუთარი ვინაობა და, მეტსაც ვიტყვი, შესაძლოა საერთოდ აღარც კი ყოფილიყო კათოლიკე ეკლესია საქართველოში. მიხეილ თამარაშვილი არის ქართული კათოლიკობის, მისი მებრძოლი სულისა და, იმავე დროს, მისი ტრაგიკული სვე-ბედის თვალსაჩინო გამოვლინება. მისი სამეცნიერო დანატოვარი უძვირფასესი განძია: "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", "საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან დღემდე" და "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას" - აჰა, შრომები, რომლებიც ქართველს ანახვებს თავის სინამდვილეს. მ. მიხეილისა და მისი ღვაწლის დავიწყება ქართული კათოლიკობის დავიწყების ტოლფასია. ამ დიდი პიროვნების გვერდითვე უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი კათოლიკე მღვდელი, მ. მიხეილ თარხნიშვილი, რომელმაც ფართო განათლება მიიღო ევროპის ქვეყნებში და აქტიურად მოღვაწეობდა იქვე. მისი ცნობილი ნაშრომია "საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან მე-7 საუკუნის დასასრულამდე".

 ბათუმის ეკლესია, რომელიც 1803 წელს აშენდა, როგორც კათოლიკური ეკლესია. ამჟამად ის მართლმადიდებლურად არის ნაკურთხი

ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ ქართველ კათოლიკეებზე, რომლებმაც შეუფასებელი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურისა თუ საზოგადოების განვითარებაში; როგორ შეიძლება არ ვიცნობდეთ მიზანდარებს (პირველი ქართული სამუსიკო და საფორტეპიანო სკოლების დამაარსებლებს), ძმებ ზუბალაშვილებს (ცნობილ ქველმოქმედებსა და მეცენატებს), ფალიაშვილებს, მელიქიშვილებს, ოცხელებს, ხუციშვილებს, გოკიელებს, ყაუხჩიშვილებს, ანტონაშვილებს და მრავალ სხვას. ამ დიდ საქმეებში ერთნაირი წილი აქვთ სასულიერო და საერო პირებს.

დღეს კათოლიკე ეკლესიისა და მთელი ქართული საზოგადოებისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს ქართველ კათოლიკეთა მემკვიდრეობის დაცვა და აქტუალიზება (მათ შესახებ თითქმის არაფერი ისწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში), თუკი გვსურს, რომ მეტი სიკეთე მივიღოთ ჩვენი მრავალფეროვნებიდან. ჩვენ საქართველოში წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციატურის მხარდაჭერით სულ ახლახანს წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტი სახელწოდებით "ჩვენი კათოლიკე წინაპრები". ამავე სახელწოდებით გამოიცა კრებული, რომლის წარდგენა მოხდება როგორც საქართველოს კათოლიკურ სამრევლოებში, ისე სხვა ადგილებსა და გარემოებებში.

კრებულის შემდგენელთა (ირაკლი ჯავახიშვილი, კონსტანტინე აკოფაშვილი) წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: "წინამდებარე მცირე კრებული აკადემიურ დატვირთვას როდი ატარებს; ეს არც ყოფილა ჩვენი მიზანი. ნაცვლად ამისა, ჩვენი ერთადერთი საწადელი რიგითი ქართველი კათოლიკეს გულამდე იმ გზავნილის მიტანაა, რომ ჩვენ მძლავრ ფესვებზე აღმოცენებული ხე ვართ, რომლის წაქცევაც დროის ავ ქარებსაც კი არ ძალუძთ... და სწორედ ამ ჭეშმარიტებას გვიმოწმებენ იმ (საერო) პიროვნებათა ცხოვრებისეული გამოცდილებები, ამ კრებულში რომ არიან წარმოდგენილნი...". კრებულში განხილულია ისეთ პიროვნებათა ცხოვრებისეული და პიროვნული მომენტები, როგორებიც არიან იოსებ ოცხელი, პეტრე უმიკაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, პეტრე მელიქიშვილი, პეტრე ოცხელი, სიმონ ყაუხჩიშვილი. მათი წვლილი ქართული კულტურისა და საზოგადო ცხოვრების განვითარებაში ნამდვილად შეუცვლელია.

როდესაც კათოლიკე წინაპრებზე ვსაუბრობთ, ხშირად თითს იშვერენ ჩვენკენ იმ მოტივით, რომ ასეთი ტერმინის გამოყენება მიზანშეწონილია არაა (რბილად რომ ვთქვათ). ამ კრებულით იმის თქმა და განცხადება გვსურს, რომ თუ ვინ არიან ჩვენი კათოლიკე წინაპრები და რა გააკეთეს ამ ქვეყნისთვის. იმთავითვე სწორედ ეს იყო ჩვენი პროექტის შექმნის ერთ-ერთი ფუნდამენტურ მიზეზთაგანი.

დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ქართველ კათოლიკეთა მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ფრიად თვალსაჩინო და საგრძნობია. ამაზე მეტყველებს როგორც ინტელექტუალური, ისე ნივთიერი დანატოვარი. სულ სხვა საქმეა ამ დიდი განძის დაცვა და მისი გაცნობა მთელი საზოგადოებისთვის. ეს ამოცანა განსაკუთრებით აკისრიათ კათოლიკე ახალგაზრდებს, ამ მისიის შესრულება ძალზე ქმედითად შეუძლიათ, პირველ რიგში, კათოლიკე საერო პირებს. კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში განუზომელია და ის საერთო სიკეთეა მთელი ქვეყნისათვის. სწორედ ამაშია მისი მთავარი ღირებულება. ერთმანეთის გაცნობა და დაფასება ჩვენი კულტურისა და საზოგადოების განვითარების მთავარი წინაპირობაა, რაც დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო გავმდიდრდეთ სულიერადაც, მორალურადაც, ინტელექტუალურადაც და, გნებავთ, ნივთიერადაც.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა პრობლემები აქვთ საქართველოში მცხოვრებ განსხვავებული აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებს

  ALLNEWS-ისთვის მოამზადეს:

ირაკლი ჯავახიშვილი კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის თანამშრომელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი   კონსტანტინე აკოფაშვილი საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის მდივანი; თეოლოგიის მაგისტრი