ესპანეთში, ბარის რეკონსტრუქციის დროს, უძველესი ჰამამი აღმოაჩინეს - საიდუმლო ადგილი, რომელიც ხალხს არქიტექტორმა დაუმალა | Allnews.Ge

ესპანეთში, ბარის რეკონსტრუქციის დროს, უძველესი ჰამამი აღმოაჩინეს - საიდუმლო ადგილი, რომელიც ხალხს არქიტექტორმა დაუმალა

ესპანეთში, სევილიაში, ბარის რეაბილიტაციის დროს, მშენებლებმა კარგად შემონახული ჰამამი აღმოაჩინეს. მიიჩნევენ, რომ ის მე-12 საუკუნეზე უფრო გვიანდელია. არქეოლოგი ალვარო ხიმენესი ამბობს, რომ ასეთი აღმოჩენა ქალაქის ცენტრში სრულიად მოულოდნელი იყო.

როგორც BBC წერს, როდესაც მუშებმა ბარის შენობის რეაბილიტაცია და კედლის დანგრევა დაიწყეს, აღმოაჩინეს, რომ იქ "საიდუმლო ოთახი" იყო და მართლაც, მავრიტანული სტილის ნაგებობა აღმოჩნდა, რომლის სახურავსაც 88 შუქურა აქვს, ოთახის კედლები ისლამური თემატიკის ულამაზესი ნამუშევრებითაა მოხატული.

მშენებელი იხსენებს, რომ ჩაქუჩის პირველი რამდენიმე დარტყმისთანავე გამოჩნდა ვარსკვლავის ფორმის შუქურა, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო. ოთახის ფართობი 200 კვადრატული მეტრია და ის დაყოფილია თურქული აბანოსთვის დამახასიათებელი თბილი, ცხელი და ცივი აბაზანის მისაღებ ნაწილებად.

უძველესი თერმული აბაზანები, ნამუშევრები, ქანდაკებები, კედლის ნახატები იდეალურადაა დაცული და შემონახული. ექსპერტების ვარაუდით, ის, რომ ჰამამი არ დაზიანებულა, მე-20 საუკუნის არქიტექტორის, ვისენტე ტრავერის დამსახურებაა, რომელმაც სავარაუდოდ, ამ ოთახის დამალვა გადაწყვიტა და ახალი შენობა ისე ააგო, რომ თურქული აბანო საგულდაგულოდ დაემალა და დაეცვა შესაძლო განადგურებისგან.

ცნობისთვის, სევილია მავრიტანებმა მერვე საუკუნეში დაიპყრეს და სწორედ მათ მიერ უნდა იყოს აგებული ეს უძველესი ძეგლიც.

myquiz