რა ნაგებობა იდგა საუკუნეების წინ მახათას მთაზე იქ, სადაც ახლა ტაძარია - საინტერესო ცნობები თბილისის უძველესი შენობების შესახებ | Allnews.Ge

რა ნაგებობა იდგა საუკუნეების წინ მახათას მთაზე იქ, სადაც ახლა ტაძარია - საინტერესო ცნობები თბილისის უძველესი შენობების შესახებ

თბილისის ძველი ნაგებობები იყო და არის სასულიერო შენობები და ესენია - ეკლესიები, ტაძრები, მონასტრები, მეჩეთები, რომლებიც უძველესი დროიდანვე დედაქალაქის მშვენებაა. მართლმადიდებლური ტაძრებიდან შეიძლება გამოვყოთ სიონი, ანჩისხატი, ქაშუეთი, მამა დავითი, მეტეხი... „ასევე იყო სომხური ეკლესიები (ვახუშტის ხუთი „სომხის საყდარი“ აქვს მითითებული).

შიიტური მეჩეთი შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, ქალაქის ცენტრში 1606 წელს იყო აშენებული, კათოლიკური ტაძარი (ვახუშტის 1735 წლის ქართლის რუკის გეგმის განმარტებაში მითითებულია „ლათინთ საყდარი“) კი, XVIII საუკუნეში აიგო. შეიძლება დავასახელოთ ლუთერანთა ორი კირხა, ორი სინაგოგა და ორი მეჩეთი (შიიტური და სუნიტური). 1735 წელს ვახუშტის მიერ შედგენილი რუკის განმარტებაში მითითებულია „ბერძნის საყდარი“ - გვიამბობს პროფესორი, ეთნოგრაფი როლანდ თოფჩიშვილი.

ანჩისხატი აგებულია ვახტანგ გორგასლის მემკვიდრის, დაჩი უჯარმელის მიერ. სახელწოდება „ანჩისხატი“ XVII საუკუნეში მიიღო კლარჯეთის სოფელ ანჩის საკათედრო ტაძრიდან გადმოსვენებული მაცხოვრის ხატის პატივსაცემად. რაც შეეხება სიონის ტაძარს, მას საფუძველი VI საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის გამგებლის, გუარამის დროს ჩაყრია, ხოლო მშენებლობა VII საუკუნის მეორე ნახევარში ადარნასეს გამგებლობის დროს დასრულებულა.

მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია თბილისის ისნის უბანში XIII საუკუნის შუა ხანებშია აგებული (ტაძარში 1974 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ექსპერიმენტული თეატრი იყო განთავსებული). იმდროინდელ ისანში (შემდეგდროინდელ ავლაბარში) კიდევ რამდენიმე ქართული ეკლესია ყოფილა. XVII საუკუნის 70-იან წლებში კარის ეკლესია აუშენებია ერეკლე II-ის მეუღლეს, დარეჯან დედოფალს. ეს ეკლესია იონა მიტროპოლიტს 1824 წელს მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრად უკურთხებია. იქვე მახლობლად იდგა წმინდა მარინეს ქართული ეკლესიაც.

ქართული ტაძრებიდან შეიძლება კიდევ დავასახელოთ ჯვრისმამა (აშენებულია XVI საუკუნეში მონღოლების მიერ დანგრეული ადრინდელი ეკლესიის ადგილზე). კალოუბნის ეკლესია ახალანდელ კინოთეატრ „რუსთაველის“ ადგილზე მდგარა.

კალოუბანი პირველად 1560 წლის საბუთშია მოხსენიებული: „ტფილისქალაქს ერთი სასახლე კალოუბანს“... ხოლო 1715 წლის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „გარეთუბანს კალოუბანი წმიდის გიორგის საყდრის თავისსის მამულით ზუმბულიძეთ სამკვიდრო არის“. ტაძარი უგუმბათო ყოფილა. როგორც დავით კარიჭაშვილი აღნიშნავდა, „აქა სწავლობენ მრავალნი ყმანი კითხუასა წიგნთასა და წერასა“.

ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია პირველად 1440 წელს შედგენილ სიგელში გვხვდება. ლეგენდა მის აშენებას 13 ასურელ მამას მიაწერს. XIX საუკუნეში მოღწეული ტაძარი გივი ამილახვარის მიერ 1754 წელს იყო აგებული. დღევანდელი კვლავ ამილახვრების თაოსნობით 1907-1910 წლებში აშენდა, რომელიც 1947 წელს ლადო გუდიაშვილმა მოხატა. XII საუკუნეშია აშენებული ვერეს წმინდა ანდრიას ეკლესია (ლურჯი მონასტერი).

გარეუბანში სამების ეკლესიაც იდგა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის უკან არსებული „სამების“ ეს ტაძარი 1790 წელს პეტრე აღნიაშვილს აუგია, ხოლო სამრეკლო მისთვის 1853 წელს მიუშენებიათ.

ვერის პარკის ტერიტორიაზეა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია, რომელიც ლურჯი მონასტრის სახელითაა ცნობილი. ეკლესია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. სახელწოდება „ლურჯი“ მიიღო ლურჯი ფერის შორენკეცების (ჭრელი აგური) გამო, რითაც დაფარული იყო საყდრის გუმბათი. XIX საუკუნეში 20-იან წლებში ლურჯ მონასტერს სახურავი ჩამოექცა, მღვდელმსახურებაც შეწყვეტილა.

ერთხანს იქ რუსეთის ხელისუფლებას თოფის წამლის საწყობი მოუწყვია. 1871 წელს მთავრობამ ეკლესიიდან თოფის წამალი გამოიტანა, ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციებს დააშორეს. მღვდელმსახურებმა 1873 წელს აღადგინეს. საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი.

ჩვენს რესპონდენტთან საუბარში ვარკვევთ, რომ ჩუღურეთში ორი ქართული ეკლესია მდგარა: კვირაცხოვლის და წმინდა ნიკოლოზის, ერთიც სომხური ღვთისმშობლის სახელობის (XIX საუკუნის პირველი მეოთხედი). ეკლესიის შემოსავლითა და მრევლისგან შემოწირული თანხით, ამ ეკლესიასთან XIX საუკუნის 80-90-იან წლებში მოძღვარ სოლომონ შოშიაშვილის თაოსნობით, ქართული სამრევლო სასწავლებელი დაუარსებიათ.

ორი ეკლესია იყო კუკიაზე. ალექსანდრე ნეველის ეკლესია 1856 ააგეს, მაშინდელი კირიჩნისა და ნიკოლოზის ქუჩების კუთხეში. შედარებით გვიანაა აშენებლი მეორე მართლმადიდებლური ტაძარი კუკიის სასაფლაოზე. კუკიაზევე 1870-იანებში ზუბალაშვილმა ქართველ კათოლიკეთა პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია ააგო. მარჯანიშვილისა და დავით აღმაშენებლის პროსპექტის გადაკვეთაზე იდგა გერმანელ ლუთერანთა ეკლესია (პირველი კირხა გერმანელებს იქ XIX საუკუნის 20-იან წლებში უკვე ჰქონიათ. შემდეგ კი უფრო დიდი XIX საუკუნის ბოლოს ააშენეს, რომელიც 1897 წელს აკურთხეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული კირხა გამოყენებული იყო თბილისის მოსახლეობისგან ჩამორთმეული რადიომიმღებების საწყობად. ლუთერანული ეკლესია 1946-1947 წლებში მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტრუქციის დროს დაანგრიეს. კირხას გამო ქუჩას ეწოდა „კირიჩნაია“). დიდუბეში დგას ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის მშენებლობაც 1882 წელს დამთავრდა. მისი აღმშენებელი ყოფილა დეკანოზი ზედგინიძე. ეს ეკლესია ადრე არსებული ნაეკლესიარის ადგილზე აშენებულა, რომელიც XII საუკუნეში იყო აგებული.

თბილისელებისთვის ცნობილია ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, ის XIX საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. იქ, სადაც წმინდა ბარბარეს ეკლესია მდებარეობს, იმ ადგილს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დირსიჭალა ერქვა (დირსიჭალა, რომელაურთან ერთად, ავლაბრისა და ნავთლუღის გამყოფი იყო).

განაგრძეთ კითხვა