"ერთი კვირის განმავლობაში მიცვალებულები და ცოცხლები ერთად ვცხოვრობთ" - მისტიკური რიტუალი სვანეთში, რომლის დროსაც "სულებს მასპინძლობენ" | Allnews.Ge

"ერთი კვირის განმავლობაში მიცვალებულები და ცოცხლები ერთად ვცხოვრობთ" - მისტიკური რიტუალი სვანეთში, რომლის დროსაც "სულებს მასპინძლობენ"

საქართველოს მთები უამრავ უჩვეულო და ზოგისთვის წარმოუდგენელ წეს-ჩვეულებას თუ რიტუალს ინახავს. ერთ-ერთი გამორჩეულია "ლიფანალი" სვანეთში, რომელიც ახალი წლის ციკლის დღესასწაულია, 18 იანვარს იწყება და 25 იანვრამდე გრძელდება.

ლიფანალი სულთა მასპინძლობისა და პატივის მიგების უძველესი რიტუალია, რომელიც სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს. ეთნოგრაფული მასალების მიხედვით, მსგავსი წესები საქართველოს ყველა კუთხეში არსებობდა, თუმცა ყველაზე წმინდად ეს ტრადიციები მთამ შემოინახა.

სვანებს სწამთ, რომ გარდაცვლილები ცოცხალთა ცხოვრებას თვალ-ყურს ადევნებენ და მასზე სასიკეთო გავლენის მოხდენაც შეუძლიათ. რიტუალის შესრულების წესმა დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა, თუმცა მთავარი პრინციპები ჯერ კიდევ სრულად არის შენარჩუნებული. თითოეული სვანი ოჯახი წილიდან წლამდე ყველაზე განსაკუთრებულად სწორედ ამ დღესასწაულისთვის ემზადება.

ლიფანალის შესახებ AMBEBI.GE-ს სვანეთის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი მანანა საღლიანი უყვება:

- ეს არის ათასწლეულების ტევრში გამოვლილი ტრადიცია, რომელიც როგორც წესი, 18 იანვარს იწყება და ერთი კვირა გრძელდება. ერთ წელს, მამაჩემის, პოეტ ვალერიან საღლიანის საიუბილეო საღამოზე აკადემიკოსმა მიხეილ ქურდიანმა "ლიფანალზე" ისაუბრა და ისე ლამაზად დაასრულა, მეხსიერებიდან არასოდეს ამომივა: "ჩვენ, სვანები, ერთი კვირის განმავლობში მიცვალებულები და ცოცხლები ერთად ვართ, ერთად ვცხოვრობთო" - აი, ესაა ამ რიტუალის არსი.

ვმასპინძლობთ ჩვენს ძვირფას, მონატრებულ ადამიანთა სულებს და ყველანაირად ვცდილობთ პატივი მივაგოთ, ვასიამოვნოთ მათ. ამ რამდენიმედღიანი ზეიმის მიზანია სულების გართობა, გამხიარულება და მათთან სიამტკბილობა. ვესაუბრებით მათ, ვუამბობთ ოჯახის მთელი წლის ამბებს. უფროსები ბავშვებს ზღაპრებს უყვებიან, მღერიან საკრავებზე, ცეკვავენ და ილხენენ მთელი გულით. ამ დღეებში ყველა ბედნიერია. მართლაც რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სიხარული, როცა დიდი ხნის მონატრებული, ძვირფასი ოჯახის წევრები დაგიბრუნდებიან?!

იმ განწყობის ზედმიწევნით გადმოცემა, რაც "ლიფანალის" დროს თითოეული სვანის ოჯახში ტრიალებს, ძნელია - საოცრად ემოციური და საკრალური რიტუალია

მთელი კვირის განმავლობაში ოჯახის წევრები ერთმანეთს განსაკუთრებული პატივით ექცევიან, ხმამაღლა საუბარსაც კი ერიდებიან და მთელი ეს დღეები არის სიამტკბილობა, სულების მოფერება და მონატრებული შეხვედრის ემოციებით ავსება.

ფრანგი მხატვრის მიერ დახატული ლიფანალი. ფოტო წიგნიდან "ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში"

- კონკრეტულად, რა ხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში ოჯახში, რა ეკისრებათ ოჯახის წევრებს?

- "ლიფანალის" პირველ დღეს, 18 იანვარს, სვანები საკუთარი ოჯახბის გარდაცვლილ წევრთა სულებს ეპატიჟებიან. ოჯახის წევრი ქალები გარიჟრაჟზე დგებიან და საგულდაგულოდ ალაგებენ სახლს. ხეხავენ აბსოლუტურად ყველა ჭურჭელს, რათა ზედმიწევნით სუფთა და წმინდა გარემო დაახვედრონ სტუმრად მოსულ მიცვალებულთა სულებს.

პირველი დღის სუფრისთვის იხარშება ლობიო, კორკოტი, ადრე კანაფის მარცვლების ბრწყინვალე შეჭამანდს ე.წ. ქუნაშს აკეთებდნენ, მას შემდეგ რაც კანაფის კულტურა აიკრძალა, არ კეთდება. აცხობენ ლობიანებს, კარტოფილიან პურებს, ლემზირებს - სეფისკვერის მსგავს პატარა პურებს ჯვრისა და სამების გამოსახულებით და შლიან სუფრას.

საღამო ხანს ოჯახის უფროსი სანთლებს, ლემზირებსა და ზედაშს ემალის სპეციალურ ჭურჭელში დებს და სასაფლაოზე მიდის, სადაც აღევლინება ლოცვა და ასე მიმართავს ოჯახის მიცვალებულთა სულებს: "მობრძანდით, გიწვევთ ალალი გულით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, წამომყევით, გეპატიჟებით". ამის შემდეგ ოჯახის უფროსი ბრუნდება სახლში, სადაც ელოდება გაშლილი სუფრა და ოჯახის სხვა წევრები. შემოდის თუ არა, კარს აუცილებლად ღიად ტოვებს, რათა მიცვალებულთა სულები შემოვიდნენ და ამის შემდეგ ისევ იწყება ლოცვა.

მაგიდის ირგვლივ, სანთლებით ხელში განლაგდება ყველა, ვინც კი ოჯახშია და ყველა ერთხმად მიმართავს მიცვალებულთა სულებს: "კეთილი იყოს თქვენ მობრძანება, მოგვიტევეთ ხელმოკლეობა, თქვენს დროსაც იქნებოდა ეს ხელმოკლეობა და არ გაგიკვირდებათ, მთავარია კეთილი გულით არის და თქვენთვის არის გაკეთებული. კარგი ფეხი მოგეტანოთ, ისეთი, რომ არავინ წასულიყოს ამ წელს საიქიოს". შემდეგ წაუქცევენ შესანდობარს, სასმისს და იწყება ზეიმი და მხიარულება. მიცვალებულებისთვის განკუთვნილი სუფრა ცალკე იდგმება და იქ არავის აქვს დაჯდომის უფლება, ოჯახის წევრები ცალკე სუფრასთან სხდებიან" - უყვება მანანა საღლიანი AMBEBI.GE-ს.

  • "ლიფანალის" ოთხი დღე - ზეიმი მიცვალებულთა სულებთან ერთად

რიტუალის ეს ნაწილი მთლიანად ზეიმსა და მხიარულებას ეთმობა. ამ დღეების განმავლობაში ოჯახის ცოცხალი და მიცვალებული წევრები ერთად ზეიმობენ, უფრო სწორად ცოცხლები აწყობენ წარმოდგენებს სტუმრადმყოფი მიცვალებულთა სულების გასართობად: დიდები ზღაპრებს უყვებიან პატარებს, უკრავენ საკრავებზე, ცეკვავენ და ლექსებს ყვებიან.

"ნათლისღებას, ანუ "ლიფანალის" მეორე დღეს, სუფრა ხსნილდება და სრულიად ახლდება. როცა ბავშვი ვიყავი, მახსენდება როგორი ბედნიერების განცდა გვქონდა მთელ ოჯახს, ვცდილობდი არ მეცელქა, არ მოვქცეულიყავი ცუდად, რადგან სულ მქონდა განცდა, რომ ისინი ჩვენ გვერდით იყვნენ და ამას ყველაფერს ხედავდნენ" - იხსენებს მანანა საღლიანი.

 

  • დღე მეექვსე - მიცვალებულთა სულები ლახორში მიემგზავრებიან

ლახორი სვანეთის ერთ-ერთი სოფელია, ლახორობა კი “ლიფანალის“ რიტუალის ყველაზე მისტიკური ეპიზოდი. სვანური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, მიცვალებულთა სულები "ლიფანალიდან" 1 დღით ლახორში, უფალთან სათათბიროდ მიდიან. შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, გამოაკლდება თუ არა ოჯახს რომელიმე წევრი იმ წელს. სვანებს სწამთ, რომ მათი ოჯახის მიცვალებულებთა სულები თათბირზე ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა სასიკეთო გადაწყვეტილება იქნეს გამოტანილი და ოჯახიდან ვინმეს წაყვანის დავალება არ მიიღონ.

"ლახორში მიცვალებულებს საღამოს აცილებენ, ახალ სუფრას შლიან, კარს აღებენ და გზას ულოცავენ - აბა, კარგი გადაწყვეტილებით დაგვიბრუნდითო. იქედან მიცვალებულები დილით, საბოლოო პასუხით ბრუნდებიან. რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს მთელი წლის განმავლობაში გამოჩნდება. ოჯახი ამას წინასწარ ვერ იგებს. შესაგებებელი სუფრა ამ დღეს განსაკუთრებულია - მაგიდაზე იდება მხოლოდ ის კერძები, რასაც ორთქლი ასდის, ეს სიმბოლურად დიდ საიდუმლობებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ამ სიმბოლოების ახსნასთან დაკავშირებული ბევრი ინფორმაცია დაიკარგა. ამავე დღეს, გვიან ღამე, ისევ ახალი სუფრა იშლება, ვესაუბრებით სულებს, ვლოცავთ და მათთან ერთი წლით გამოსამშვიდობებლად ვემზადებით" - გვიამბობს მანანა საღლიანი.

 

  • დღე მეშვიდე (ჯოდი ჰამ) - გარდაცვლილთა სულები სამუდამო სამყოფელში ბრუნდებიან

მეშვიდე დღეს, გამთენისას სულებს საიქიოში აცილებენ და ერთი წლით ემშვიდობებიან. ამ რიტუალს ჯოდი ჰამ ანუ გრძელი დილა ჰქვია.

მანანა საღლიანი გვიყვება "გრძელი დილის" შესახებ და ამბობს, რომ ეს დღესასწაულის ყველაზე სევდიანი ეპიზოდია, რადგან მიცვალებულებთა სულებთან გამომშვიდობება უცრემლოდ არასოდეს სრულდება.

"წინა ღამეს ოჯახის ქალებს არ სძინავთ, ძალიან ადრე, გამთენისას, ისევ იშლება სუფრა, რათა მათ გზა დავულოცოთ. გაცილებისას ასე მივმართავთ: "აბა, კეთილი და მშვიდობიანი გზით იარეთ, კარგი ამბავი დაგვიტოვეთ. უფალს ჩვენი ჯანმრთელობა, საქონლის გამრავლება და მოსავლის სიუხვე შესთხოვეთ" - შემდეგ ვანთებთ სანთლებს და სახლის კარიდან ჭიშკრამდე, მთელი გზა რძეს ვუქცევთ. ეს ყველაფერი უემოციოდ ნამდვილად არ ხდება. ახლაც ცრემლები მომდის რომ მახსენდება ის განცდები, რასაც ჩვენ ამ დროს განვიცდით. ეს არის დიდი სევდა და გულისწყვეტა, თითქოს თავიდან დავკარგეთ ჩვენთვის ძვირფასი ადაიანები... ბრუდები შინ და გხვდება დაცარიელებული სახლი... სრული მდუმარება"

 

  • უძველესი სვანური ტრადიციები და ეკლესიის დამოკიდებულება

სვანურ "ლიფანალს" დღესდღეობით ყველა სვანის ოჯახი აღასრულებს, თუმცა, მანანა საღლიანის თქმით, შესაძლოა როგორც სხვა ძველ ტრადიციებს, გაქრობის საფრთხე "ლიფანალსაც" დაემუქროს.

"ერთი პერიოდი, სვანები, ამ რიტუალის გამო დაცინვის ობიექტები ვიყავით. ეს უფრო კომუნისტების დროს ხდებოდა. ჩემი ბებია და ბაბუა ფანჯრებს ხურავდნენ და ჩუმად აღასრულებდნენ, რათა არავის გაეგო. ასე საიდუმლოდ აკეთებდა ამას ყველა, რადგან ერთმანეთთან გამხელის ეშინოდათ. სვანი კომუნისტები, თვით რაიკომის მდივნები და თანამდებობის პირები, ლემზირებს აცხობდნენ და ჩუმად მასპინძლობდნენ მიცვალებულთა სულებს.

ვინმეს რომ ეთქვა, შენ "ლიფანალს" აწყობო, გალანძღავდნენ, საიდან მოიტანეო. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ არცერთი სვანი ოჯახი ამ ტრადიციას არასოდეს უღალატებდა. სწორედ ამ ერთგულებამ და ურყევმა რწმენამ შემოუნახა თაობებს "ლიფანალი". ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, რომ დღეს, სადაც არ უნდა იყოს სვანი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თუ საზვარგარეთ, "ლიფანალს" აუცილებლად აღასრულებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ეკლესია ბევრ სვანურ რიტუალს უპირისპირებოდა. განსაკუთრებით, "სვანურ ზარს" (მამაკაცების დატირება), რომელსაც გაქრობის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა ბევრი ვიბრძოლეთ და ეს ვნებათაღლვა ჩაცხრა. "ზარს" თუ წარმართულად აღიქვამდნენ, ამას ვერ ვიტყვით ლიფანალზე. მას სრულად აღიარებს ეკლესია. პატრიარქმა ერთხელ თქვა, ასეთი რიტუალი საქართველოს ყველა კუთხეში არსებობდა, მაგრამ კარგია, რომ სვანებმა პირწმინდად შემოგვინახესო.

სხვათაშორის, სვანეთში რომ ეპარქია იხსნებოდა და მეუფე ილარიონს გზავნიდნენ, პატრიარქმა ასე დააბარა: შენ მიდიხარ ისეთ კუთხში, სადაც რწმენა არ აკლიათ, მოჭარბებულად აქვთ, მაგრამ აკლიათ ეკლესიურობა და ამ კუთხით მიხედეო".

მთავარი ფოტო გადაღებულია 1928 წელს, ფოტოგრაფ დინა კოჟევნიკოვასის მიერ. ფოტოზე აღწერილია მიცვალებულთა სულების გამასპინძლება ლატალში, სოფელ იენაში. ფოტო აღებულია ალბომიდან - "საკრალური და მიწიერი სამყარო" მანანა ხიზანიშვილი, მადონა ჩამგელიანი

ambebi.ge