როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ | Allnews.Ge

როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ

თბილისელებს ოდითგანვე უყვარდათ ლამაზად ჩაცმა და ყოველ დროში არსებობდა მათი ჩაცმის გარკვეული სტილი, სტანდარტი, რომელსაც ისინი მისდევდნენ და ზუსტად იცავდნენ. სამოსიც ერთგვაროვანი არასდროს ყოფილა, მის მრავალფეროვნებას ქალაქის ჭრელი ეთნიკური ვითარებაც განსაზრვრავდა. არსებობდა როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსის სახასიათო შტრიხები...

ამჯერად ამ თემით დაინტერესებული მკითხველისთვის, მე-18-მე-19 საუკუნეების თბილისის ქართული მოსახლეობის სამოსის განვითარების სხვადასხვა ეტაპს განვიხილავთ.

მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისელების ტრადიციული სამოსის ტრანსფორმაცია დაიწყო, რაც საქალაქო ყოფითი კულტურის ევროპეიზაციით იყო გამოწვეული...

როგორც ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი აღნიშნავს, თბილისელთა სამოსს ევროპული ელემენტები უფრო ადრე, მე-18 საუკუნის 80-იან წლებში დაეტყო და ჩაცმის ახალმა სტილმა ნელ-ნელა ქართული შეცვალა. ეს ცივილიზაცია ქალის ფეხსაცმლიდან დაიწყო - ქოშებს "ბათინკები" შეენაცვლა, რითაც უფროსი თაობა აღშფოთებული იყო...

გრიგოლ ორბელიანი ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა:

"ერთხელ ივანე მალხაზიჩის (ანდრონიკოვის) დედასთან, მარიამთან შევედი. ბატონიშვილი დიდად და დიდად გაჯავრებული დამხვდა. - რაო, ბატონიშვილო, რამ გაგაჯავრა ასე, ვინ რა გაწყენინა? - როგორ რამ გამაჯავრა? უი, სირცხვილო! შვილო, გაგონილა? ოთარის ცოლს ქოშები გაუხდია და „ბაშმაკები“ ჩაუცვამს".

მე-19 საუკუნის 80-იან ლებში ევროპული სამოსი უკვე საყოველთაო გახდა, თუმცა ეროვნულ სამოსაც მოიხმარდნენ. იმ პერიოდში თბილისში ევროპული საქონლის მაღაზიები საკმაოდ იყო. გაზეთებშიც ყოველდღიურად ქვეყნდებოდა განცხადებები, რომლებიც ტანსაცმლის ცნობილი მაღაზიებს რეკლამას უწევდა. მაღაზიებს საქონელი პარიზიდან ჩამოჰონდათ. პარალელურად მუშაობდა ბევრი თერძი/მკერავიც.

პოპულარობით სარგებლობდა ქალის სამოსის თერძი ვინმე პავლე გამყრელიძე, რომლის სამკერვალო მაღაზია 1875 წელს გახსნილა. ბევრი კლიენტი ჰყოლია მეიდანში არსებულ "აზიური" ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სახელოსნოს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ქსოვილების საწარმები არსებობდა, ქსოვილები მაინც სხვადსხვა ქვეყნიდან შემოჰქონდათ: სპარსეთიდან აბრეშუმის, ატლასის, ფარჩის, ხავერდის იმპორტირება ხდებოდა; რუსეთიდან - ჩითისა და ხავერდის; აბრეშუმი შემოდიოდა ევროპიდან და ინდოეთიდანაც; პოპულარული იყო ლეკური მაუდი, რომლითაც ძირითადად მამაკაცის ზედა სამოსი იკერებოდა. დაღესტნიდან მოჰქონდათ აგრეთვე ნაბადი, ფაფახი, ფეხსაცმელი...

თბილისში იყო რამდენიმე ათეული საამქრო, გაერთიანება, ისინი ტრადიციული კოსტიუმის კერვაზე იყო ორიენტირებული. თბილისელები მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში უპირატესობას გამოკვეთილი ფერის სამოსს ანიჭებდნენ - წითელს, ჟოლოსფერს, მწავნეს, ყვითელს, იისფერს და ცისფერს. მწუხარების დროს კი, შავით იმოსებოდნენ.

ინგლისლი მოგზაური რიჩარდ უილბრაჰამი, რომელიც 1837 წელს ჩამოვიდა თბილისში, წერდა: "იმპერატორის ყოფნისას სასახლეში რჩეული ქართველები მორიგეობდნენ. თავიანთ შესანიშნავ და მოხდენილ ტანსაცმელში გამოწყობილებმა სავსებით დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში ნამდვილად ულამაზესი ერია. მდიდრული აბრეშუმის ან ფარჩის მჭიდროდ მორგებული ტუნიკის ზემოთ ეცვათ მოკლესახელოებიანი კაბა, ფართო, აღმოსავლური აბრეშუმის შარვალი. აწკეპილი შავი ჩექმა მუხლამდე სწვდებოათ. ერტყათ მდიდრულად მოვარაყებული ხანჯლები და ქამარში გაყრილი დამბაჩები. თავზე ცხვრის ტყავის დაბალ ქუდს ატარებდნენ"...

თბილისელი ქალის სამოსის ძირითადი ელემენტები იყო: პერანგი (მკერდმოქარგული), კაბა, ზედა ტანსაცმელი, თავსაბურავი... საცვალს გრძელსახელოიანი გრძელი პერანგი გახლდათ, რომელიც კოჭებამდე სწვდებოდათ. კოჭებამდე ატარებდნენ შარვალსაც, რომელსაც შეიდიშს უწოდებდნენ. პერანგი და შეიდიში იკერებოდა ტილოს, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვლისგან. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მაღალი ფენის ქალები თბილისში ახალუხსაც (მოკლე ჩახსნილ სამოსი) ატარებდნენ. ახალუხი უცხოეთიდან შემოტანილი ძვირფასი ქსოვილებისგან იკერებოდა.

"ქართული კაბა" იყო გრძელი, კაბაზე წამოცმულ გულისპირს ოქრონაქარგი ჰქონდა. აუცილებელი ელემენტი იყო სარტყელიც (აბრეშუმის, ატლასის, ხავერდის) რაც თითქმის ბოლომდე ჩამოშვებული უნდა ყოფილიყო. სარტყლის ბოლოები ქვევით ფართოვდებოდა, წინ იკვრებოდა და ფეხებამდე აღწევდა. დიდებული ქალები ატარებდნენ ოქროქსოვილისგან, გამჭვირვალე, თეთრი ან წითელი შალის ქსოვილის სარტყელს. კაბას ჰქონდა ოდნავ ჩახსნილი სახელოები... მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ახალუხი კოფთამ (ზედატანი) და ჩიხორამ (ქედატანი) შეცვალა. ქართული კაბის სახელოები მთლიანი იყო...

წარჩინებული თბილისელი ქალბატონები ატარებდნენ ქათიბსაც. ის იყო ძვირფასი ბეწვით გაწყობილი, ატლასითა და ხავერდით შეკერილი (არაერთხელ არის დასახელებული მზითვის წიგნებში). წინიდან ოქროსი და ვერცხლის კავებით იკვრებოდა. ქათიბის გარდა კაბაზე წამოსაცმელად გამოიყენებოდა ტოლომა - თალხი ფერის გრძელი წამოსაცმელი, მას ხანდაზმული ადამიანები ზამთარში ატარებდნენ. ტოლომის მსგავსი წამოსასხამი დოლბანდი იყო. საზაფხულო დოლბანდს ჰქონდა განიერი, იდაყვამდე სახელოები, სიგრძე კი მუხლებამდე აღწევდა. თბილისელი ქალი წარმოუდგენელი იყო თავსაბურავის გარეშე, რომელსაც ჩიხტიკოპს უწოდებდნენ. ჩიხტიკოპი იყო გათხოვილი ქალის თავზე დასადგამი თავსაბურავი. ჩიხტა იკერებოდა ერთმანეთზე მიწებებული სქელი ქაღალდისგან, ან ხის პწკალისგან. რკალისებური მოყვანილობა ჰქონდა, გარშემო ნაჭერი მოსდევდა. ჩიხტას ზემოდან ლეჩაქი ეფინებოდა, რომელიც თავსაბურავის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. ლეჩაქი ჩიხტაში ჩადებულ კოპზე ქინძისთავით იყო მიმაგრებული.

განსხვავებული იყო ზედაფენისა და დაბალი ფენის ქალების ჩიხტა. პირველების ჩიხტა უფრო მაღალი იყო. ლეჩაქი/თავსაკრავი მაქმანით იყო მორთული. ქვრივთა და მოხუცებულთა ლეჩაქი უმაქმანო იყო. თავსაკრავის ერთი ბოლო მკერდზე ჩამოჩვებული გახლდათ, მეორე - კისერზე შემოხვეული. სახლიდან გასვლის წინ თავსაბურავზე წამოისხამდნენ ბაღდადს. ბაღდადი აბრეშუმის უნდა ყოფილიყო, როგორც სადა, ისე ყვავილებით მოჩითული. მას დამაგრებული თავსაკრავი არ უნდა დაეფარა. თბილისელი ქალების ფეხსაცმელი სხვადასხვაგვარი იყო - ქოშები, ფლოსტები, ქალამნები. ქოში ქუსლიანი და ნახევრად ღია ნალით დაჭედილი გახლდათ. ფლოსტი ფეხის წასაყოფი იყო, რომელიც ფეხის წინა მხარეს ნახევარად ფარავდა. იცოდნენ როგორც ქსოვილის, ისე ტყავის პირიანი ფლოსტები. ყველანაირ ფეხსამოსს ნაქსოვ წინდებზე იცვამდნენ. კოსმეტიკა და თავის მოვლა თბილისელი ქალბატონები ფართოდ იყენებდნენ კოსმეტიკას, ისვამდნენ ფერუმარილს, შავად იღებადვდნენ წარბებსა და თმას...

მამაკაცის სამოსი მე-19 საუკუნის დასაწყისში

თბილისელი მამაკაცის კოსტიუმი შედგებოდა პერანგის, შარვლის, ახალუხისა და ჩოხისგან. ახალუხი მოკლე, შიდა სამოსელი იყო. ახალუხს საყელო დამდგარი და გულდახურული ჰქონდა. გულისპირზე ჰქონდა ჯიბე, ზამთარში დასარჩულებულსა და დალიანდაგებულს იცვამდნენ... ახალუხი წინ იკვრებოდა ღილკილოებით ან დუგმებით. ახალუხის ზემოდან შალის ქსოვილის ჩოხა ეცვათ, ჩოხას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომისას იცვამდნენ, უმეტესად კი, მისი სიგრძე მუხლს ქვემოთ ჩამოდიოდა. ჩოხას გული ამოჭრილი ჰქონდა, რომ ახალუხი გამოჩენილიყო. ზურგი კი ჩაჭრილი, წელსქვემოთ ჩახსნილი, ნაკეცებიანი, სახელოებგახსნილი. მაჯასათან იკვრებოდა, ანდა მხარზე უკან იყო გადადგმული. ჩოხა იყო მამაკაცის კაბა, წინიდან ჩახსნილი. მკერდის არეში სამასრეები ჰქონდა მიკერებული.

დროთა განმავლობაში სამასრეები მამაკაცის სამოსის დეკორატიულ ელემენტად იქცა... წელზე შემორტყმული ვერცხლის ქამარს ატარებდნენ, რომელზედაც ხანჯალს კიდებდნენ. მამკაცის ზედა ტანსაცმელს ქულაჯა წარმოადგენდა, რომელიც გარდა თბილისისა, ფართოდ იყო გავრცელებული ქართლსა და იმერეთში.

ქულაჯა ძირითადად თბილისელი თავადაზნაურობის ტანსაცმელი გახლდათ, იკრავდნენ ღილ-კილოებით. იკერებოდა წელში გამოჭრილი ნაოჭასხმული... მამაკაცის ფეხსაცმელი მამაკაცის ქართული ჭვინტიანი ფეხსაცმელი რბილი ტყავისგან იკერებოდა. ფეხზე ეცვათ აგრეთვე ქოშები, წაღები (რბილიტყავისგან შკერილი ჩექმა). საყოველთაო ფეხსაცმელი იყო ქალამანი წვივზე შემოსილი პაჭიჭებით/პაიჭებით. თბილისელი მამაკაცებისთვის ტრადიციული გახლდათ წვერ-ულვაშის ტარებაც... ამრიგად ასე გამოიყურებოდნენ თბილისელები იმ სამოსსა და სავალდებულო აქსესუარებში, რომლებიც გასულ საუკუნეებში მათი შესამსელ-შესამკობი საშუალება იყო.