გაიცანით ქალი, რომელმაც მივიწყებული ფშაური ხელსაქმე გააცოცხლა და ახალგაზრდებს შეაყვარა | Allnews.Ge

გაიცანით ქალი, რომელმაც მივიწყებული ფშაური ხელსაქმე გააცოცხლა და ახალგაზრდებს შეაყვარა

ალბათ იშვიათია, საკუთარი გვარის წარმომავლობის შესახებ ვინმემ ასე კარგად და ამდენი იცოდეს, როგორც ქალბატონმა თინა ნაყეურმა, ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის მონათხრობს წაიკითხავთ. ამიტომ, სანამ მის საინტერესო და სხვებისთვის სასარგებლო შრომაზე გიამბობთ, გეტყვით, რომ ის ქართული გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენელია. სწორედ ნაყეურების გვარზე გიამბობთ.

"იცით, ალბათ, რომ ფშავში 13 თემია. ყველას თავისი სალოცავი ხატი აქვს და დღემდე თითოეული წეს-ჩვეულება მკაცრადაა დაცული. მე მათურის თემის წარმომადგენელი ვარ, მათურის მთავარანგელოზის ხატის ყმა. მათურა ჩეჩნეთთან მოსაზღვრე სოფელია, ამიტომ ჩეჩნებისგან ხშირი თავდასხმების, აწიოკების, ძარცვის მსხვერპლი ყოფილა. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, თითქმის მთელი სოფელი აუოხრებიათ, გადარჩენილა ერთი პატარა ბიჭი, რომელიც სხვა სოფელში მწყემსად იყო გაბარებული.

ოჯახს, რომელსაც ბიჭი გაუზრდია, როცა წამოიზარდა, ბარში წამოუყვანიათ. მათ დასასახლებლად სოფელ მაღაროსკარის მიდამოებში ადგილი მოსწონებიათ, რადგანაც სათიბად კარგი ყოფილა, არც ზვავსაშიში ტერიტორია იყო და მამობილს ვაჟისთვის დასახლება იქ ურჩევია. მისთვის ერთი ყევარი (ერთ უღელში შებმული წყვილი ხარი) ხარი და ერთი ბოღჩა სამოსი გამოუტანებია. ბიჭს გაუტეხავს ყამირი მიწა, დაუმუშვებია, რასაც ნაყევრალს უწოდებდა, ხოლო სადაც ვაჟი დასახლდა, იმ სოფელს ყოფჩა (ბოღჩადან) დაერქვა. გვარი ნაყეური კი ნაყევრალადან მოდის" - გვიყვება თინა ნაყეური, რომელიც პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია.

    ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პროფესიით 9 წელი უმუშავია. შემდეგ კი ე.წ. „გარდაქმნის პერიოდში“ მის სამსახურს ფუნქციონირება შეუწყვეტია და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ხელი ხელსაქმისთვის სერიოზულად მოეკიდა. - ვინაიდან მთის წარმომადგენელი ქალბატონებისთვის საყვარელი საქმე ხელსაქმეა, როგორც ჩანს, მან თქვენც გაგიტაცათ. საერთოდ, როდის დაინტერესდით ამ ყველაფრით და პირველად ვინ მოახდინა ამ კუთხით თქვენზე გავლენა? - მთაში ხელსაქმის არცოდნა ოდითგანვე დიდი სირცხვილი იყო. ქალი ვერ გათხოვდებოდა, თუ თავისი ხელით არ შექმნიდა მზითევს (ხალიჩებს, ფარდაგებს, ჯეჯიმებს, წინდა-ხელთათმანს...) ამას დიდი დრო სჭირდებოდა და ქალები 30 წლამდე თითქმის არ თხოვდებოდნენ. ჩემს ოჯახში ყველა ხელსაქმის ოსტატი იყო, მამიდები, ბებიები, დედა (პროფესიით ქიმია-ბიოლოგი), რომელმაც სკოლაში, რომელშიც ასწავლიდა ქიმია-ბიოლოგიას, პირველად დააარსა ხელსაქმის წრე. პირველი წინდა 5 წლის ასაკში მოვქსოვე. მაშინ განცდილი სიხარული დღემდე მახსოვს. როდესაც სამსახური დავკარგე, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე.

- ქსოვთ, ამუშავებთ თექას, ამზადებთ სამკაულებს, ეს ყველაფერი რას ნიშნავს თქვენთვის? - პირდაპირ გეტყვით - სულიერ სიმშვიდეს, ჩანაფიქრის სამზეოზე გამოტანას, მთელი შინაგანი ძალის, განწყობის მობილიზებას, მიუხედავად უდიდესი ფიზიკური და გონებრივი შრომისა, ესაა შინაგანი თავისუფლებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალება. ამასთან, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც მაქვს, მაგრამ სრულიად მავიწყდება ეს, როცა გამოფენისთვის ვემზადები, ვქმნი ახალ ნამუშევრებს, ვაგროვებ ბუნებრივი საღებავებისთვის მცენარეებს, ძაფსა და მატყლს მხოლოდ ბუნებრივ საღებავებში ვღებავ. ჩემთვის ესაა ადრენალინი. - ფშაური სამოსი, სამკაული, ორნამენტი, რით განსხვავდება დანარჩენი მთის წარმომადგენელთა მიერ შექმნილი ორნამენტისგან, რა არის მისი სახასიათო შტრიხი? - ორნამენტი ყველა ქართულია, განსხვავება კუთხეების მიხედვით - ფერთა სიმკვეთრე სისადავეშია. ამიტომ, ფშაური სამოსი შედარებით სისადავით გამოირჩევა, თუმცა მძივითაა გაწყობილი, ღილკილოებითაც, მაგრამ მშვიდი, არაკაშკაშა ფერებით. ბუნებრივი ფერები ყოველთვის ყველგან ჩანს, მიუხედავად დეტალის სიმცირისა. - დაინტერესებას ამ საქმიანობის მიმართ როგორც ჩანს, ახალგაზრდები იჩენენ. მოგვიყევით თქვენი მოსწავლეების შესახებ... - თბილისში ვცხოვრობ და როცა ფშავში, მამის სახლს ვსტუმრობდი, ვხედავდი, რომ ქალები ძველი დროისგან განსხვავებით, აღარ იჩენდნენ ხელსაქმის მიმართ დიდ ინტერესს, ამან 17 წლის წინ გადამაწყვეტინა, იქ დავბრუნებულიყავი და ხელსაქმის სახელოსნო შემექმნა, მესწავლებინა ხელსაქმე და ამავე დროს დამესაქმებინა ხელსაქმისმცოდნე ქალები. ფშავში დაშიბვით ქსოვა უძველესი ტრადიციაა, ძაფებით მე ვამარაგებ, მოსწავლეთა ასაკი შეზღუდული არ არის, ყველა მსურველი მოდიოდა და მოდის სახელოსნოში, ზოგი სწავლობს, ზოგიც დავასაქმე და ახლაც ვთანამშრომლობ. - სწავლისას რა არის თქვენთვის მთავარი? - ახლა, როდესაც საჯარო სკოლაში ვასწავლი, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, მასალას დაწყებით კლასებში სახელმძღვანელოს მიხედვით მივყვებით, პატარებს აქტივობების მრავალფეროვნება ძალიან ახარებთ. მაღალ კლასებში ეს არჩევითი საგანია და მოსწავლეებს ყოველთვის ვუთანხმდები, რის სწავლა აინტერებთ, გვაქვს თანამშრომლობითი სწავლება. მოსწავლეების თვალებში ინტერესის დანახვა ჩემთვის მთავარია, შემდეგ ვიწყებთ მუშაობას, შესაძლოა, პროფესიონალები არ დადგნენ, მაგრამ თუ საჭიროება დაუდგებათ, ნასწავლს აუცილებლად გაიხსენებენ.   - თბილისიდან მაღაროსკარში დადიხართ, ეს არ არის რთული საქმე? კვირაში რამდენჯერ გიწევთ ასვლა? - ყველას ერთი კითხვა აქვს - ოჯახსაც და სხვასაც - რა ძალა გადგას, რატომ დადიხარ ყოველ კვირას ფშავში? ახსნას აზრი არ აქვს, ეს შეიძლება მხოლოდ იგრძნო... ფშავში აქამდე ნორმალური გზაც არ იყო, წელს დაიწყეს გაკეთება და იმედია, მალე დასრულდება კიდეც. ავტობუსი დღეში მხოლოდ ერთხელ დადის, ხშირად ავტოსტოპით მიწევს მგზავრობა ჟინვალამდე მაინც. დილით რომ ავდივარ, მეორე დილიდან ვიწყებ გაკვეთილებს და მეორე დღეს უკან ვბრუნდები, იქ მამის სახლში ვრჩები, სადაც დედა და და ცხოვრობენ...   - თქვენს სოფელზეც გვიამბეთ... - ჩემი სოფელი, ქალილო, სოფელ მაღაროსკარს ებმის. არაგვის მარცხენა ნაპირზეა გაშენებული, მაღაროსკარიდან ხიდის საშუალებით გადავდივართ. სოფლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობითა და მეურნეობის მოვლით ირჩენს თავს, რაც დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, თუმცა ფშავლები იუმორითა და ლექს-კაფიაობით უმკლავდებიან რთულ ყოფით სიძნელეებს...

- როგორია თქვენი საახალწლო სურვილები? - ფშავში ახალ წელს წელწადს ეძახიან. საგანგებოდ ემზადებიან მის აღსანიშნად. ერთი განსხვავებული ის არის, რომ ოჯახის ყველა წევრისთვის აცხობდნენ ბედისკვერას... მასზე გამოსახავდნენ ცხვარს, ძროხას, კაცს. ახალი წლის დადგომისას დედა თაფლით დააბერებს ყველა წევრს, თითო კოვზ თაფლს შეაჭმევს, შემდეგ მივა მეკვლე, დალოცავს ოჯახს, პირველ რიგში, ოჯახის გოგას დააგორებდა, თუ წაღმა დაეცემოდა, მაშინ ოჯახისთვის კარგი წელი იქნებოდა, თუ უკუღმა, მაშინ - ცუდი. ასევე იყო თითოეული ოჯახის წევრის ბედისკვერზეც. საოცრად ამაღელვებელი იყო ბედისკვერის გაგორების მოლოდინი, ანუ ამით განსაზღვრავდნენ, შემდგომი წელი როგორი ექნებოდათ. ჩემს საახალწლო სურვილებს ამ ფშაურ მილოცვაში გამოვხატავ: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზიასა, დიდი გიმატებიათ, დიდი გიმატოსთ ახალმა წელმა, ახალი წლის გამოცვლამა, გამყოფნეს: უჭირველ- უტკივრადა, კაცით, საქონლით, ბევრი ძროხა, ბევრი ცხვარი, გოდორში პური ბევრი და ბევრი დაგებედოსთ და გადღეგრძელოთ".

ლალი ფაცია

ambebi.ge