მდიდარი მამაკაცი და მისი მონა - არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული პომპეის ადგილას | Allnews.Ge

მდიდარი მამაკაცი და მისი მონა - არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული პომპეის ადგილას

არქეოლოგებმა უძველეს დროში განადგურებული რომაული ქალაქის, პომპეის ადგილას ორი მამაკაცის ნეშტი აღმოაჩინეს - ისინი დაიღუპნენ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, რომელმაც 2 000 წლის წინ პომპეი გაანადგურა. ამის შესახებ BBC წერს.

არქეოლოგები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ერთი მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი უნდა იყოს, ხოლო მეორე - მისი მონა. "ისინი ამოფრქვევისას თავშესაფარს ეძებდნენ", - ამბობს არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი, მასიმო ოსანა.

არქეოლოგთა ინფორმაციით, მდიდარი კაცი 30-დან 40 წლამდე ასაკის უნდა იყოს, მისი კისრის მიდამოში თბილი მოსასხამის კვალი აღმოაჩინეს. მეორე კაცი სავარაუდოდ,18-დან 23 წლამდეა მისი ხერხემლის კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ის ფიზიკურ სამუშაოებს ასრულებდა, სწორედ ამიტომ მიიჩნიეს, რომ ის მონა უნდა ყოფილიყო.

მეცნიერების აზრით, ეს აღმოჩენა დაეხმარება მათ, რომ მთელი სიზუსტით დაადგინონ თუ რა მოხდა პომპეიში უძველეს ხანაში. არქეოლოგიური კვლევები კვლავ გრძელდება ნეაპოლის მახლობლად. ეს ადგილი ტურისტებისთვის დახურული ზონაა.

პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს განადგურდა. ეს ადგილი დღეს არქეოლოგიური კვლევებისთვის მდიდარ საბადოს წარმოადგენს.