"ლილოს ჩანთების" ახალი სიცოცხლე და მაღალ მოდაში გადმოტანილი მტკივნეული წარსული | Allnews.Ge

"ლილოს ჩანთების" ახალი სიცოცხლე და მაღალ მოდაში გადმოტანილი მტკივნეული წარსული

ფოტოზე აღბეჭდილი ჩანთა საქართველოში 90-იან წლებთან ასოცირდება, მას ჩვენთან ზოგიერთი "ლილოს", ზოგიც "თურქულ ჩანთას" უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანთები პოპულარული იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ განვითარებად ქვეყანაში. განსაკუთრებით კი დასავლეთ აფრიკაში, სადაც ისტორიის ნაწილად იქცა და იქაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის მოგონებებთანაა დაკავშირებული.

ყველაზე მეტად ეს ჩანთა ძველ დროს განელებს ახსენებს. უფრო მეტიც, მოდის სამყაროში მას Ghana must go back-ს უწოდებენ. ისტორია კი ასეთია - 1980-იან წლებში, როდესაც ათასობით ემიგრანტს ნიგერია დაატოვებინეს (ემიგრანტების უმეტესობა განელი იყო), ადამიანებმა სასწრაფოდ სწორედ ასეთ ჩანთებში ჩაალაგეს სამოსი, პირადი ნივთები და ასე დატოვეს ქვეყანა.

სწორედ ამიტომ, ამ ჩანთას განელებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და იქაურებს მტკივნეულ მოგონებებს უღვივებს. ეს ჩანთა მიგრაციის სიმბოლოდ იქცა.

"ის განელებისთვის ნიშნავს არა მხოლოდ ნივთების გადატანის საშუალებას, არამედ ის მათი კულტურის, მოგონებებისა და მემკვიდრეობის მატარებელია", - ამბობს ფოტოგრაფი ობინა ობიომა.

აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში ეს ჩანთა დაკავშირებულია კორუმპირებულ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ძველად ფულს ასეთი ჩანთებით დაატარებდნენ. სამხრეთ აფრიკაში აღნიშნული ჩანთები ტვირთის გადასატანად დღემდე პოპულარულია.

მოგვიანებით, ისტორიულმა ჩანთამ, არაერთხელ მიიპყრო თანამედროვე დიზაინერთა ყურადღება და მაღალი მოდის ნაწილიც კი გახდა. ამ ჩანთების შთაგონებით კოლექცია "ბალენსიაგამაც" კი შექმნა.