2 600 წლით დათარიღებულ სარკოფაგში მეცნიერებმა ფერადი და უნიკალურად შემონახული მუმია აღმოაჩინეს | Allnews.Ge

2 600 წლით დათარიღებულ სარკოფაგში მეცნიერებმა ფერადი და უნიკალურად შემონახული მუმია აღმოაჩინეს

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ, 2020 წლის ყველაზე დიდი აღმოჩენის შესახებ მსოფლიოს ამცნო. მეცნიერებმა და არქეოლოგებმა 59 კარგად შემონახული სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომლებიც 2,600 წლის წინ იყვნენ დაკრძალულნი.

სარკოფაგები ძველი ეგვიპტის დედაქალაქ მემფისის ნეკროპოლის, საქკარას ტერიტორიაზე, ჭაბურღილების გათხრის დროს გამოჩნდა. აღმოჩენა გარედან მკვეთრი მოხატულობით გამოირჩეოდა, შეფერილი იყო იეროგლიფური ფერწერული ტილოებით. არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ ისინი ორნახევარი ათასწლეულის განმავლობაში არასოდეს გახსნილა.

სარკოფაგები ერთმანეთზე დალაგებული იპოვეს დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეში გათხრილ სამ განცალკევებულ ჭაში. დარგის სპეციალისტების განმარტებით, აღმოჩენილი სამარხები იყო განკუთვნილი მღვდლების, მთავრობის მაღალჩინოსნებისა და სხვა ელიტის წარმომადგენლებისთვის ეგვიპტის 26-ე დინასტიიდან. თვის დასაწყისში მკვლევარებმა ერთი სარკოფაგი გახსნეს და სამარხში თეთრეულში გახვეული შესანიშნავად შემონახული მუმია აღმოაჩინეს, რომელიც მოხატულია იეროგლიფური წარწერებით. მოხსენების თანახმად, განსასვენებელი ეკუთვნის ჯეჰუტი იმხოტეპს- მწერალთა ღმერთის ჯეჰუტის მღვდელმთავარს.

სარკოფაგებთან ერთად, ჭებში იყო სხვა საგნებიც. მაგალითად, ნეკროპოლისის ღმერთის პტაჰ-სოკარის ათეულობით ქანდაკება, ამულეტები, ნიღბები და ოშაბტის ქანდაკებები. "აღმოჩენები არ დასრულებულა. მე ეს დიდი აღმოჩენის დასაწყისად მიმაჩნია."- განაცხადა ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრმა ხალედ ალ-ანანმა. ახლახან ნაპოვნი 59 სარკოფაგი ეგვიპტის მთავრობისთვის შთაგონების წყარო გახდა. 2021 წელს მუზეუმი გაიხსნება, სადაც ბოლო დროს ყველაზე საინტერესო აღმოჩენებს გამოფენენ. ასევე განთავსდება 3-D კინოთეატრი, ბავშვთა ინტერაქტიული მუზეუმი და 100000-ზე მეტი ძველი ეგვიპტის ნიმუში.