და პონგ პაო - ჩაი, რომელიც ოქროზე 30-ჯერ ძვირია | Allnews.Ge

და პონგ პაო - ჩაი, რომელიც ოქროზე 30-ჯერ ძვირია

ჩინეთს ჩაის კულტურის 1500-წლიანი ისტორია აქვს, ამ ქვეყანაში უამრავი სახეობის ჩაი მოჰყავთ. მათ შორის კი ყველაზე ძვირადღირებულია "და პონგ პაოს" ჩაი, რომლის სახელიც ჩინურად დიდ წითელი ხალათს ნიშნავს.

2002 წელს, ერთ-ერთმა ადამიანმა 20 გრამ "და პონგ პაოს" ჩაიში დაახლოებით 28 000 დოლარი გადაიხადა. ამ სახეობის ჩაი 30-ჯერ ძვირია, ვიდრე ოქრო. 1 გრამი დღეს დაახლოებით 1400 დოლარი ღირს. ერთი ჩაიდანი "და პონგ პაოს" ჩაი კი 10 000 დოლარი დაგიჯდებათ. ამგვარად, იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ჩაია მსოფლიოში. რატომ არის ეს ჩაი განსაკუთრებული?

"ორიგინალი "და პონგ პაოს" ჩაი ძალიან ძვირი ღირს, ვინაიდან იგი თითქმის აღარ მოიპოვება. ამ ჩაის ანტიკური სახეობა კი შეიძლება ითქვას შეუფასებელია", - ამბობს ჩინური ჩაის სპეციალისტი.

"და პონგ პაოს" ჩაი ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთის პროვინცია ფუცზიანის მთებში მოჰყავთ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჩაის სახელწოდება და პოპულარობა 1385 წელს მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. კერძოდ, სტუდენტი დინ სიანი საიმპერატორო გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდა, თავი შეუძლოდ იგრძნო. მონასტრის ერთ-ერთმა მონაზონმა კი იგი ზუსტად ამ ჩაით განკურნა.

საბოლოოდ, სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა და მაღალ თანამდებობაზეც დაინიშნა, რომელსაც წითელი ხალათი შეეფერებოდა. მადლობის ნიშნად, მან მონაზონისთვის გველეშაპის გამოსახულებით წითელი ხალათის ჩუქება გადაწყვიტა. მაგრამ მონაზონმა, ბუდიზმის ტრადიციების შესაბამისად, საჩუქარზე უარი თქვა, რის შემდეგაც მადლიერმა ჩინოსანმა წითელი ხალათი ჩაის ბუჩქებს აჩუქა.

სხვა ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ჩაის სამკურნალო თვისებების წყალობით განიკურნა ერთ-ერთი იმპერატორის დედა. მადლიერების ნიშნად იმპერატორმა უზარმაზარი წითელი მანტიები გამოგზავნა, რათა შეემოსათ 4 ჩაის ბუჩქი.