ნახეთ ადოლფ ჰიტლერის ნახატები- როგორი იყო დიქტატორის უცნობი მხარე, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის | Allnews.Ge

ნახეთ ადოლფ ჰიტლერის ნახატები- როგორი იყო დიქტატორის უცნობი მხარე, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

მსოფლიოს ყველაზე სასტიკ ლიდერებს შორის, ადოლფ ჰიტლერს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი პერსონა თწლეულებია ადამიანების ყურადღებას იპყრობს, საზოგადოებას აინტერესებს, როგორი იყო ის მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა, ჰყავდა თუ არა საყვარელი ადამიანები, რით ინტერესდებოდა, რამ აქცია ცივსისხლიან ადამიანად.

ჰიტლერის ბიოგრაფია და განსაკუთრებით მისი ცხოვრების ადრეული წლები ზოგიერთს აფიქრებინებს, რომ ერთ დროს ის შესაძლოა, ძალიან მგრძნობიარე ადამიანიც კი იყო და იმ ფაქტმა, რომ ცხოვრებაში ბევრ წინააღმდეგობას, უარყოფას წააწყდა, საბოლოო ჯამში, დიდი გავლენა იქონია და ყველაზე სასტიკ დიქტატორად აქცია.

მისი ბიოგრაფიიდან ბევრი პასაჟი იპყრობს ყურადღებას. განსაკუთრებით საინტერესო კი ისაა, რომ ჰიტლერი შემოქმედი ადამიანი იყო და მხატვრობის ნიჭი ჰქონდა. ცხოვრების ადრეულ წლებში მხატვრობით ყოფილა გატაცებული.

ჰიტლერის, როგორც მხატვრის მოღვაწეობა 1908-1913 წლებს უკავშირებდება, როდესაც ვენაში ცხოვრობდა. თავის ნამუშევრებს ჰყიდდა და თავი მიღებული შემოსავლით გაჰქონდა. ფიურერის ნახატები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოაჩინეს. და სხვადასხვა დროს ეს ნამუშევრები აუქციონზე ათიათასობით დოლარად გაიყიდა.

კრიტიკოსთა შეფასებით, ჰიტლერს თავისი ნამუშევრებით მხატვრობაში სიახლე არ შემოუტანია, ის კლასიკოს მხატვართა გავლენას განიცდიდა. სპეციალისტთა აზრით, ჰიტლერის ნამუშევრებში იგრძნობა იტალიური რენესანსის, რომაული კლასიციზმისა და ნეოკლასიციზმის გავლენა. როგორც ჩანს, ჰიტლერს მოსწონდა სიმბოლოების გამოყენებაც. მის ნამუშევრებში სიმბოლოებს უხვად შეხვდებით.

დამსხვრეული ოცნებები

ავტობიოგრაფიულ წიგნში Mein Kampf ადოლფ ჰიტლერი წერს, რომ სურდა მხატვარი გამხდარიყო და ეს მისი ოცნება იყო, თუმცა ოცნებები მაშინ დაემსხვრა, როდესაც ვენის ხელოვნების აკადემიაში ვერ ჩააბარა. ჰიტლერმა უნივერსიტეტში ჩაბარება ორჯერ სცადა - პირველად 1907 წელს, ხოლო მეორედ - 1908 წელს, თუმცა გამომცდელებმა მისი ნამუშევრები ორივე ჯერზე დაიწუნეს. უთხრეს, რომ მხატვრობაში ნიჭი არ ჰქონდა და უმჯობესი იქნებოდა, თუ ბედს არქიტექტურაში ცდიდა.

უნიჭოდ მიჩნეული ჰიტლერი ვერ შეეგუა უარყოფას. დღეს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი ყოფილიყო მის ცხოვრებაში გარდამტეხი, შესაძლოა, სწორედ ამ უარყოფამ უბიძგა მას, რომ სხვებისთვის თავისი ძალა დაემტკიცებინა და მალე მსოფლიოს უსასტიკეს ლიდერად მოევლინა.

ჰიტლერის ნახატების დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შტატებში წაიღეს და ქვეყნის მთავრობის მფლობელობაშია. სხვა ნახატებს კი კერძო პირები ფლობენ. 2000 წელს მისი რამდენიმე ნახატი აუქციონზე გაიყიდა. ნაცისტების ლიდერის ნამუშევრები ბევრი სხვადასხვა აუქციონის სტუმარია და ყოველთვის იპყრობს კერძო კოლექციონერების დიდ ყურადღებას.

myquiz