The Walking Dead-ის მეცხრე სეზონის პრომო კახეთში გადაიღეს | Allnews.Ge

The Walking Dead-ის მეცხრე სეზონის პრომო კახეთში გადაიღეს

კახეთს ზომბები შემოესივნენ. რა გააკეთა ქართველმა კაცმა, რომელმაც მოსიარულე მკვდრები პირველად ნახა?! რა თქმა უნდა, მოიშინაურა ისინი და საოჯახო მეურნეობაშიც აქტიურად ჩართო. საქართველოში ჩამოსული ზომბები საწნახელს, ღვინოსა და სუფრას პირდაპირი მნიშვნელობით მიეჯაჭვნენ. ცნობილი ამერიკული საშინელებათა ჟანრის პოსტ-აპოკალიფსური სერიალის The Walking Dead-ის ახალი, მეცხრე სეზონის აღსანიშნავად, საქართველოში გადაღებულ პრომოში მოსიარულე მკვდრები "ბინდისფერია სოფელი"-ს მოტივებზე ამღერდნენ.

როგორ გაჩნდა პრომოს კახეთში, კონკრეტულად ამ სცენარით გადაღების იდეა, ამ და სხვა ბევრ საინტერესო დეტალზე Allnews.ge შემოქმედებითი სააგენტო Leavingstone-ის კრეატიულ დირექტორს გიორგი ავალიანს ესაუბრა.

"ჩვენ გვქონდა კონკრეტული ამოცანა, რომ The walking dead-ის ახალი სეზონის აღსანიშნავად გაგვეკეთებინა პრომო, რომელიც იქნებოდა ქართველ მაყურებელზე მორგებული და მისთვის უფრო მეტად გასაგები. ზომბები მეტ-ნაკლებად მსოფლიო ფენომენი გახდა, უბრალოდ საქართველოსთვის, ჩვენი ფოლკლორისა და კულტურისთვის შესაძლოა უშუალო ნაწილი არ იყოს. ამიტომ ვიფიქრეთ რაღაც მსგავსი ფორმით გვეჩვენებინა დღევანდელ სიურიალისტურ სამყაროში ზომბების ინტეგრაცია როგორი შეიძლება ყოფილიყო, რომ ყურადღება მიექცია, თან ქართული ყოფილიყო და ამავდროულად ელაპარაკა უფრო საერთაშორისო ენითაც. ჩვენი ამოცანა იყო შეგვეთავაზებინა აქაურობის ხიბლი და ზომბები, რომლებიც საკმაოდ არაქართულია",- ამბობს გიორგი ავალიანი.

შემოქმედებითმა ჯგუფმა პრომო რეპორტაჟის სტილში გადაწყვიტა, სადაც მთავარი პერსონაჟი გოგიტა მამაცაშვილი, მოსახლეობას ზომბებთან დაკავშირებით დაგროვილ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, მათი მეურნეობაში ჩართვის, მოშინაურებისა და მათგან თავის დაცვის საიდუმლოს უმხელს. პრომო კახეთში სწორედ იმ სახლში არის გადაღებული, სადაც გიორგი შენგელაიას ერთ-ერთი ცნობილი ფილმი "ხარება და გოგია".

"სცენარის იდეა თავიდან როგორც ხუმრობა ისე გამიჩნდა. საქართველოში რომ ვინმეს ზომბები აღმოეჩინა რას გააკეთებინებდა?! - და ვიფიქრეთ, რომ უეჭველი ღვინოს დავაწურინებდით, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ქმედებაა საჭირო ღვინის დასაწურად, რაც ზომბებს ყველაზე კარგად გამოსდით - ადგილზე სიარული. ეს იყო თავიდან ხუმრობა, შემდეგ ვმუშაობდით სხვადასხვა კონცეფციაზე, ხუმრობა გასაგებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, დავამუშავეთ სხვა გზებიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვარჩიეთ, რომ გადავხრილიყავით რაღაც უფრო ლოკალური ხიბლისკენ და ჩაგვერთო უფრო მეტად ქართული აქცენტი. სცენარიც ამ მიმართულებით დავამუშავეთ - საქართველოში ზომბები რას შეიძლება აკეთებდნენ და ჩვენ როგორ ავიტაცებდით და რას ვუზამდით ამ მოვლენას, მართლაც ზომბი აპოკალიფსი რომ ხდებოდეს".

გიორგი ავალიანის განმარტებით, IMDb-ზე 8,4 რეიტინგის მქონე ამერიკული სერიალის საქართველოს რეალობაზე მორგებული პრომოს სცენარი შოუს შემქმნელებთან შეთანხმებულია და მათგან გადაღების შემოქმედებითი მანდატი მიიღეს.