რატომ არ გავა "მონაზვნის წყევლა" ქართულ ენაზე ქუთაისის კინოთეატრში? | Allnews.Ge

რატომ არ გავა "მონაზვნის წყევლა" ქართულ ენაზე ქუთაისის კინოთეატრში?

დღეს საქართველოს მასშტაბით კინოთეატრებში საშინელებათა ჟანრის ფილმის "მონაზვნის წყევლა" პრემიერა იმერთება. რამდენიმე საათის წინ ქუთაისის კინოთექატრმა "კინო საქართველოში" აღნიშნულ ფილმთან დაკავშირებით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კინოთეატრის ადმინისტრაცია ფილმის ქართულ გახმოვანებაზე უარს ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ ის აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას.

"27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის "მონაზვნის წყევლა" ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ.

ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე."- ნათქვამია "კინო საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Allnews.ge-მ კითხვით, აპირებენ თუ არა ფილმის "მონაზვნის წყევლა" კინოჩვენებიდან სრულად ამოღებას "კინო საქართველოს" წარმომადგენელს ზვიად ნიშნიანიძეს მიმართა. რომელმაც განმარტა, რომ Warner Brothers-თან დადებული ხელშეკრულებიდან და იქიდან გამომდინარე რომ ცენზორები არ არიან, ფილმის კინოჩვენებიდან სრულად ამოღებას არ გეგმავენ.

-რატომ გადაწყვიტეთ ამ ფილმზე მსგავსი შეზღუდვების დაწესება?

-ევროპულ პრესაში ძალიან ცუდი რეცენზიები იყო ამ ფილმზე, მათ შორის ესპანურ გამოცემა "ფიგაროში", სადაც ნათქვამი იყო, რომ ფილმი კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეთა პირდაპირი გრძნობების შელახვა იყო. ჩვენმა ადმინისტრაციამ როდესაც ნახა ფილმი აღმოაჩინა, რომ მასში არის მომენტები, რომლებიც ჩაითვალა, რომ შეიძლება იყოს მართმადიდებლური ეკლესიის მიმდევრებისა და ასევე კათოლიკეების გრძნობების შემლახველი.

ზვიად ნიშნიანიძე აქვე განმარტავს, რომ კინოთეატრის ადმინისტრაცია ფილმის სრულ ვერსიას პრემიერამდე მხოლოდ 24 საათით ადრე იღებს.

"ჩვენ გვქონდა მოქმედების სამი ვარიანტი: პირველი - საერთოდ აგვეკრძალა ფილმი, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით ამაზე, ვინაიდან ცენზორები არ ვართ, რომ საერთოდ ფილმი ავკრძალოთ. მეორე - გაგვეკეთებინა ქართული დუბლიაჟი, ესე იგი რამენაირად ხელი შეგვეწყო ამ ფილმის პოპულარიზაციისთვის, რადგან ქართულად გახმოვანებულ ფილმებს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს ჩვენთან, ამაზეც უარი ვთქვით, ვინაიდან არ გვინდოდა ამაში მონაწილეობის მიღება და დარჩა მესამე ვარიანტი, გაგვეშვა ფილმი იმ ორიგინალურ ენებზე, რომლებზეც ჩამოგვივიდა Warner Brothers -იდან - ეს არის ინგლისური და რუსული ენა. გადავწყვიტეთ, რომ არ დავარღვიოთ ხელშეკრულების პირობები და გავუშვათ ფილმი ინგლისურ და რუსულ ენაზე შემცირებული ფორმატით".

კითხვაზე თუ რას გულისხმობენ შემცირებულ ფორმატში, ზვიად ნიშნიანიძემ გვიპასუხა, რომ ის არ გავა ყოველ საათს, თუმცა ამ პირობებშიც კი ქუთაისის ერთადერთ კინოთეატრში მისულ მაყურებელს "მონაზვნის წყევლის" ნახვა დღეში 4 სეანსზე შეეძლება.

-თქვენ მიიჩნევთ რომ არ არის ცენზურა ?

- ცენზურა არ არის, რა თქმა უნდა, რადგან ფილმი გადის ორიგინალურ ენაზე საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

ჩვენ ვართ აბსოლუტურად ბიზნესზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ზედმეტი ფული უნდა დაგვეხარჯა ფილმის ქართულ ენაზე დუბლირებისთვის და გათვლებიდან გამომდინარე არ გვგონია, რომ დიდი მოგება მივიღოთ, რადგან არ ვფიქრობთ, რომ ამ ფილმზე ხალხმა იაროს.-აღნიშნა "კინო საქართველოს" წარმომადგენელმა ზვიად ნიშნიანიძემ.

myquiz