"ჭეშმარიტება - ეს არის ის, რაც ხდება ახლა, მოცემულ მომენტში" - ლუიჯი პირანდელოს ცხოვრება | Allnews.Ge

"ჭეშმარიტება - ეს არის ის, რაც ხდება ახლა, მოცემულ მომენტში" - ლუიჯი პირანდელოს ცხოვრება

პირანდელო ცნობილი იტალიელი დრამატურგი, რომანისტი და ნოველისტია. 1934 წელს მან ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია აიღო. მწერალმა ძალიან ბევრი, საინტერესო ნაწარმოები შექმნა, რომლებიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

მწერალი სიცილიაში (აგრიჯენტო) - მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და ექვსი და-ძმიდან მეორე იყო. მამამისი წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ. ის გოგირდის მაღაროს ფლობდა. ლუიჯიმ ლიტერატურული ნიჭი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გამოავლინა. მოზარდი იყო, როდესაც ლექსების წერა დაიწყო. დაწერა ტრაგედია "ბარბაროსი", რომელიც სამწუხაროდ დრომ ვერ შემოინახა.

პირანდელო გარკვეული პერიოდი ოჯახის ბიზნესითაც იყო დაკავებული, თუმცა, ეს სფერო მის ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა. მან 1887 წელს რომის უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ბონის უნივერსიტეტში გადავიდა, რადგან სწავლის ხარისხით უკმაყოფილო იყო. აქ ის ფილოსოფიას და ლიტერატურას დაეუფლა. 1891 წელს დაასრულა სწავლა. მისი სადიპლომო ნამუშევარი სიცილიურ დიალექტს მიეძღვნა.

რომში დაბრუნება

პირველი პოეტური კრებული 1889 წელს გამოჩნდა. ლუიჯი საცხოვრებლად ბონში დარჩა და ერთი წელი ლექციებს კითხულობდა.

რომში პირანდელო 1893 წელს დაბრუნდა. მამამისის ფინანსური მხარდაჭერით, ის სერიოზულად დაკავდა ლიტერატურული საქმიანობით. მისი პირველი რომანი "უარყოფილი" 1901 წელს გამოიცა. ამას მოჰყვა პირველი ნოველების კრებული, სახელწოდებით: "სიყვარული სიყვარულის გარეშე". 1894 წელს მწერალი მამამისის კომპანიონის ქალიშვილზე, ანტუანეტა პორტულატოზე დაქორწინდა. ამ ქორწინებაში ლუიჯის და ანტუანეტას ორი ვაჟი და ერთი გოგონა შეეძინათ.

1898 წელს, პირანდელომ მუშაობა რომში, პედაგოგიურ კოლეჯში დაიწყო. ის იტალიური ლიტერატურის პროფესორად დაინიშნა. ამ დაწესებულებაში ის 1922 წლამდე მუშაობდა.

ორი მნიშვნელოვანი მოვლენა პირად ცხოვრებაში

1903 წელს მომხდარი წყალდიდობის მიზეზით, პირანდელოს მამის მაღარო განადგურდა. ლიტერატურა ერთადერთი შემოსავლის წყარო დარჩა მწერლისთვის. ამას ისიც დაემატა, რომ პირანდელოს ცოლმა ძლიერი ნერვული აშლილობა გადაიტანა. მომდევნო 15 წელი მას დევნის მანია ტანჯავდა. ის ქმარს ეჭვიანობის გამო, ისტერიკებს უწყობდა. 1919 წელს, ლუიჯი იძულებული გახდა, ცოლი ფსიქიატრიულ კლინიკაში დაეწვინა.

1900-იანი წლების ნაწარმოებები

ლუიჯი აგრძელებდა ნაწარმოებების წერას და გამოცემას. მისმა მესამე რომანმა - "განსვენებული მატია პასკალი" უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 1915 წლამდე, პირანდელო ძირითადად რომანებს და ნოველებს წერდა. დარჩენილი ცხოვრება დრამატურგიას მიუძღვნა.

სტილი და განსაკუთრებულობა

ლუიჯი თავის ნაწარმოებებში კონცენტრაციას პიროვნების ცვალებადობის თემაზე ახდენს. მისი გმირები მოკლებულნი არიან მუდმივ ღირებულებებს. მათი ხასიათები და თვისებები ძალიან ბუნდოვანია.

მწერალი თვლიდა, რომ ჭეშმარიტება - ეს არის ის, რაც ხდება ახლა, მოცემულ მომენტში. ლუიჯი თავის გმირებს ნიღბებს ხდის და ილუზიისგან ანთავისუფლებს.

ლუიჯი დროთაგანმავლობაში ცნობილი გახდა არა მარტო როგორც დრამატურგი, არამედ როგორც რეჟისორი. ის საკუთარ პიესებს სცენაზე აცოცხლებდა.

1923 წელს, ფაშისტურ პარტიაში გაწევრიანდა. მუსოლინი მხარს უჭერდა მის იდეას, შექმნილიყო ნაციონალური მხატვრული თეატრი რომში.

ცხოვრების უკანასკნელი წლები

ლუიჯი ბერლინსა და მილანში ცხოვრობდა. ის ბევრს მოგზაურობდა. სამშობლოში 1933 წელს, მუსოლინის თხოვნით დაბრუნდა. 1934 წელს, მან ლიტერატურაში ნობელის პრემია აიღო. ლუიჯი 1936 წლის 10 დეკემბერს, რომში გარდაიცვალა. მწერლის უკანასკნელი თხოვნის გათვალისწინებით, დაკრძალვის ცერემონიამ მოკრძალებულად ჩაიარა. ყოველგვარი გასაჯაროების გარეშე. მისი ფერფლი სიცილიაში, ლუიჯის სამშობლოში გაიფანტა.

დღეისათვის, ლუიჯი პირანდელო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია. რა თქმა უნდა, ღირს, მის შემოქმედებას უფრო ახლოს გავეცნოთ. მოთხრობები, ნოველები, რომანები და პიესები ძალიან მაღალ მხატვრულ ღირებულებას წარმოადგენს.

2 აგვისტოს გამოიცა "განსვენებული მატია პასკალი" ჟურნალ "გზასთან" ერთად. მისი ორი რომანი "სერაფიმო გუბიოს, ოპერატორის ჩანაწერები" და "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი" კი 9 აგვისტოს ამავე სერიაში გამოიცემა.

წიგნების სპეციალური ფასია 5.50 ლარი, ჟურნალ "გზასთან" ერთად 7 ლარი.

myquiz