საქართველოში პირველი გასტრონომიული მუზეუმი იხსნება
მაისში სოფელ წოდორეთში საქართველოში პირველი გასტრონომიული მუზეუმი გაიხსნება. იდეის ავტორია ესმა კუნჭულია, რომელმაც ხელოვნების სასახლესთან თანამშრომლობით პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.
ესმა კუნჭულიას თქმით, მისი კულინარიით დაინტერესება 2010 წელს დაიწყო, რასაც კულინარიული ჟურნალის გამოცემა და ამ მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის დაწყება მოჰყვა, წლების შემდეგ კი გასტრონომიული მუზეუმის იდეა დაიბადა.
"როგორც ისტრიის მკვლევარები მორის ჰალბვაკსი და პიერ ნორა წერდნენ, ერთ-ერთი "მეხსიერების ადგილი" მუზეუმია და ეს იდეა ჩემს საამაყო მეგობარს, "ხელოვნების სასახლის" დირექტორს გიორგი კალანდიას ვუამბე და ასე დაიბადა "ქართული გასტრონომიული კულტურის" მუზეუმიც. "ხელოვნების სასახლე" გვიწევს კოორდინაციას და ქალბატონ ლელო ჭიჭინაძესთან ერთად მზადდება ექსპოზიციები. გვაქვს გეგმები, რომ მსგავსი მუზეუმები გავხსნათ - ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, სიღნაღში და მესტიაში; საბოლოოდ საქართველოს ყველა რეგიონს ექნება მუზეუმი, სადაც ტურისტებიც და ადგილობრივებიც სიამოვნებით დაათვალიერებენ და მოისმენენ ყველაზე გემრილ და სურნელოვან ამბებს; თავისთავად ეს იქნება ტურიზმის ახალი კერა და ზუსტად ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი," - განმარტავს ესმა კუნჭულია.
როგორც ხელოვნების სასახლის წარმომადგენელმა, ლელო ჭიჭინაძემ Allnews.ge-სთან განმარტა, მუზეუმში წარმოდგენილი იქნება არა ეროვნული კერძები მზა სახით, არამედ საქართველოს გასტრონომიულ კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატები და ისტორიები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
"ხელოვნების სასახლის მხრიდან მუზეუმში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ექსპონატის ასლი, რომელსაც ჩვენ გასტრონომიულ მუზეუმს გადავცემთ. ესენია სოლომონ მეფის სუფრა, იაკობ გოგებაშვილის ფაიფურის ჭურჭელი, ხელნაწერებში მოძიებული სხვადასხვა ძველი რეცეპტი. მუზეუმში გათვალისწინებულია სამი სეგმენტი: ერთი არის ძველი ქართული სახლის ანალოგი, სადაც მე-19 საუკუნის საწნახელი, ამავე პერიოდის ძველი კარდალა და ის საყოფაცხოვრებო ნივთებია, რა პერიოდშიც ამ ნივთებს იყენებდნენ.
მეორე სეგმენტი ეს არის სუნელების და ჩაის ოთახი, სადაც წარმოდგენილი იქნება ფართო სახეობის ქართული ჯიშის ჩაი და დამთვალიერებელს შეუძლია, რომ თავისი არჩევანის მიხედვით იქვე დააგემოვნოს, ასევე იქნება ქართული სუნელების სპექტრი, ხოლო მესამე სეგმენტი ეს გახლავთ მე-19-მე-20 საუკუნის მიჯნის ნაწილი და იმ ადამიანების ნივთები, რომლებსაც ზოგადად გასტრონომიულ კულტურასთან ჰქონდათ შეხება. შესაძლებელია, მათი ფოტოსურათებიც იყოს, მაგალითად, ეს არის დავით სარაჯიშვილი, მიტროფანე ლაღიძე, სტეფანე ზუბალაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე, გარდა ამისა, ფრანგი ეთნოგრაფი და არქეოლოგი ბარონ დე ბაი, რომელმაც საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა და ის სერგეი შერემეტიევის მიერ კარდენახში იყო მიწვეული, სადაც ქართულ რთველს დაესწრო და აღფრთოვანდა და ეს დაწვრილებით აქვს ჩაწერილი, ამის ფოტოები არსებობს, ესეც იქნება გამოფენილი", - განმარტავს ლელო ჭინჭარაძე.
გასტრონომიული მუზეუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, მუზეუმში ასევე წარმოდგენილი იქნება დაძველებული რეცეპტები, დამთვალიერებლებს კი საინტერესო ისტორიებს გიდი გააცნობს.
გარდა ამისა, ეს ჯერ მოფიქრების სტადიაზეა, თუმცა შესაძლებელია, რომ მასპინძელი სტუმრებს ადგილზეც გაუმასპინძლდეს.
მუზეუმთან დაკავშირებით ჯერჯერობით ყველაფერი ცნობილი არ არის, თუმცა მისი დამფუძნებლების თქმით, ის მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
იდეის ავტორის, ესმა კუნჭულიას ინფორმაციით, მსგავსი მუზეუმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ფუნქცინირებს.
"გასტრონომიის თემასთან დაკავშირებული მუზეუმები სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. მაგალითად, ყველის, შოკოლადის, ჰამბურგერების, ლუდის მუზეუმი და ა.შ. ქართველისთვის სუფრა - ბედნიერებაა, თვითგამოხატვაა, სიყვარულის ახსნაა, მოგონებაა. საქართველოს აქვს უდიდესი გასტრომიული კულტურა, აზია-ევროპის გაასაყარზე მისი მდებარეობა საუკუნეების განმავლობაში აგროვებდა და ინახავდა სხვადასხვა კულტურას. ამიტომ, მუზეუმიც ძალიან საინტერესო გამოვა; უკვე გვირეკავენ ბიზნესმენები და სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ მუზეუმში, რაც ძალიან მახარებს. ჩვენ განსაკუთრებულ, საჯარო მადლობას გადავუხდით მათ ამ საშვილიშვილო საქმეში დახმარებისთვის,"- აღნიშნავს ესმა კუნჭულია.