ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დაკრძალავენ | Allnews.Ge

ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დაკრძალავენ

ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დაკრძალავენ. ქართველ მსახიობს ქაშვეთის ეკლესიიდან გაასვენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, დღეს თბილისის მერიას წერილით მიმართეს, რომ ლეილა აბაშიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალოს. მისივე თქმით, შესაბამის პასუხს მერიისგან დღის განმავლობაში ელოდებიან.

"თბილისის მერიაში წერილი შევიტანეთ. სავარაუდოდ, დღის ბოლოს იქნება პასუხი. ალბათ, გარკვეული პროცედურებია გასავლელი. მისმა შვილმა და ინტელიგენციამ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა, რომ მსახიობი დაიკრძალოს დიდუბის პანთეონში მისი ბაბუის, ფილოსოფოს რევაზ დანელიას გვერდით. არის საშუალება, რომ მის გვერდით დაიკრძალოს", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში 8 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა, ფილმში "ქაჯანა", სადაც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას ნატო ვაჩნაძეს უწევდა.

1951 წელს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. ლეგენდარულ მსახიობს 30-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები.

myquiz