ფილმები, რომლებსაც მშობლებმა შვილებთან ერთად უნდა უყურონ | Allnews.Ge

ფილმები, რომლებსაც მშობლებმა შვილებთან ერთად უნდა უყურონ

შვილთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, მასთან ერთად ფილმის ყურებაა. დადებითი ემოციებისთვის კი აუცილებლად საინტერესო ფილმის შერჩევა გესაჭიროებათ, რათა არც თქვენ და არც ბავშვმა არ მოიწყინოთ.

სწორედ ამიტომ Guardian-ზე დაყრდნობით გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც ბავშვისთვის საინტერესო იქნება.

ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა/Willy Wonka and the Chocolate Factory

ეს 1971 წელს გადაღებული ფილმი დღესაც პოპულარობით სარგებლობს და კლასიკად მიიჩნევა. ფილმი მაყურებელს აფრთხილებს, რომ სამყარო შეიძლება იყოს საშიში, ნეგატივით სავსე, რომელსაც შეუძლია, სიკვდილიც კი გამოიწვიოს. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ამის შესახებ ბავშვებს არ უნდა შევატყობინოთ, მაგრამ ინფორმირებულობა ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია.

შრეკი/Shrek

ალბათ, შრეკის ამ სიაში მოხვედრა არ გაგკვირვებიათ, რადგან ყველა დროის ერთ-ერთი პოპულარული და საუკეთესო მულტიპლიკაციური ფილმია, რომელიც გვამცნობს, რომ სილამაზე მხოლოდ ფიზიკური გარეგნობა არაა. ფილმში ჩვენ ვხედავთ პერსონაჟებს, რომლებიც ერთი შეხედვით გარეგნულად მომხიბვლელები არ არიან, თუმცა შეუძლებელია, მათი ქმედებების გამო არ შეგიყვარდეთ.

Finding Nemo/ნემოს ძიებაში

თუ ეს მულტიპლიკაციური ფილმი ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ, დრო აღარ დაკარგოთ, რადგან ის Pixar-ის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც გულგრილს არც თქვენ და არც თქვენს შვილს არ დატოვებს. "ნემოს ძიებაში" არის მშობლებს სიყვარულზე, სადაც ნაჩვენებია, როგორც ეძებს მამა დაკარგულ შვილს, ამაში კი მას მეგობრები ეხმარებიან.

ტროლები/Trolls

ამერიკული მულტიპლიკაციური ფილმი "ტროლები" ეკრანებზე 2016 წელს გამოჩნდა. ის 3D მუსიკალური ნამუშევარია, რომელიც ორი კეთილი ტროლის ისტორიას მოგვითხრობს. ისინი ცდილობენ, თავიანთი სოფელი დაიცვან ბოროტი არსებებისგან, რომლებიც მათ შეჭმას ცდილობენ.

შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება/The Secret Life of Pets

როდესაც სახლიდან გავდივართ, ამას ჩვენი შინაური ცხოველები ძალიან განიცდიან, მთელი დღის განმავლობაში მოუთმენლად გველოდებიან და დაბრუნების შემდეგ ბედნიერად გვეთამაშებიან, თუმცა როგორ ფიქრობთ, რას აკეთებენ ისინი, როდესაც ჩვენთან ერთად არ არიან? ამ შეკითხვაზე პასუხს ეს მხიარული მულტიპლიკაციური ფილმი გაგცემთ.

მერცხლები და ამორძალები/Swallows and Amazons

ფილმი დაფუძნებულია ართურ რენსამის იმავე სათაურის ბესტსელერზე. ფილმის შინაარსის მიხედვით ოჯახი ტბაში გასეირნებას ორი ნავით გადაწყვეტს, თავგადასავლებიც სწორედ აქედან იწყება.

სასტუმრო ტრანსილვანია/Hotel Transylvania

ეს ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს ვამპირების მხიარული ოჯახური ინტრიგებისა და თავგადასავლების შესახებ. "სასტუმრო ტრანსილვანიის" მეორე ნაწილმა საქართველოში განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა. მაყურებლების მოწონება მისი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, დენისის სასაცილო მეტყველებას უკავშირდება, რომელიც დრაკულას შვილიშვილია, მისი ბაბუა კი ცდილობს, ის სისხლისმსმელ ვამპირად აქციოს.

კუბო - ლეგენდა სამურაიზე/Kubo and the Two Strings

ანიმაციური ფილმი 2016 წელს გამოვიდა. ეს 3D სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი ბავშვებში ძალიან პოპულარულია. სიუჟეტი ვითარდება კუბოს გარშემო, რომელმაც მამის სამურაის აბჯარი უნდა იპოვნოს, რათა თავი გადაირჩინოს.

პადინგტონი/Paddington

"პადინგტონი" ბრიტანული კომედიია, რომელიც 2015 წელს გამოვიდა. პადინგტონი დათვია, რომელიც ინგლისში ჩავიდა, რათა ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენი გახდეს, ამ პროცესში კი უამრავი უცნაური თავგადასავალი გადახდება.

ტინტინის თავგადასავალი/The Advantures of Tintin

2011 წლის ამერიკული სათავგადასავლო ფილმი ახალგაზრდა ტინტინისა და მისი ერთგული ძაღლის თავგადასავლებზე მოგვითხრობს. "ტინტინის თავგადასავალი" 3D ანიმაციური ფილმია, რომელიც მსოფლიოს გარშემო უამრავმა ადამიანმა ნახა. გირჩევთ, ეს საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ისტორია თქვენს ბავშვებსაც აჩვენოთ.